“მფლობელის შვილმა ასე გვითხრა, ვეგეტარიანული კაფე გამიგია, მაგრამ საქართველო არის ტრადიციული ქვეყანა და კაცს, რომელსაც პეპლებიანი და ყვავილებიანი შარვალი აცვია, ვერასდროს მივიღებთო” – ლაშა, თბილისში ერთადერთი ვეგანური კაფე „კივის“ თანამშრომელი, DFWatch-თან მეზობლების მიერ მათ დისკრიმინაციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამის გამო იძულებულნი არიან კაფე სხვა ადგილას გადაიტანონ.
მისივე თქმით, ახლა ახალი ადგილისა და ფართის მოძებნაზე მუშაობენ, ხოლო ვერცხლის ქუჩაზე „კივი“ თვის ბოლომდე დარჩება.
„ორი კვირის წინ მფლობელმა კაფის გარეთ მაგიდების დადგმა აგვიკრძალა, რადგან ბავშვები არიან და არ მოსწონთ რომ გარეთ ვიღაც ვიღაცას ეხუტებაო, ტრადიციული ქვეყანაოო და ა.შ. ორი კვირის წინ ერთ ჩვენ მეგობარს, რომელსაც მწვანე თმები აქვს, ერთმა მეზობელმა უთხრა – „შენზე მთელ უბანს აკრეფილი აქვსო“. ვერ ეგუებიან, რომ ჩვენთან ლგბტ ხალხი დადის, ბიჭებს სხვა ფერის თმა ან პირსინგი რომ აქვთ. აუდიო ჩანაწერებიც გვაქვს, რომელსაც ამ ტერიტორიიდან გადასვლის შემდეგ გავავრცელებთ, სადაც ჩანს ჩვენ სხვადასხვა ტიპის დისკრიმინაცია ხორციელდება. ერთი ჩანაწერია მფლობელ ქალბატონთან, მეორე მის ვაჟთან,“ – აღნიშნა ლაშამ.
მისივე თქმით, ამ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით მათ იურისტიც ესაუბრა, რომელმაც ურჩია, რომ არასამთავრობოებს მიმართონ. ლაშა ამბობს, რომ შეიძლება ასეც მოიქცნენ.
სავარაუდო დისკრიმინაციის ნიშნებზე DFWatch-ს ჯერ კიდევ 29 მაისს კაფეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ესაუბრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გოგა ხატიაშვილი.
„რთულია იმის თქმა, ის მიმართვა თუ შეძახილები, რასაც კაფეში მყოფთ უყვიროდნენ, არის თუ არა დისკრიმინაცია, მაგრამ ვფიქრობ, საჭიროა გამოძიება ამ მიმართულებითაც განხორციელდეს – ხომ არ მოხდა დანაშაული დისკრიმინაციული ნიშნით“- აღნიშნა მაშინ ხატიაშვილმა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ გამოძიება მიიჩნევს, რომ ასეთი ნიშნები მართლაც არსებობდა, შეიძლება მუხლის კვალიფიკაცია შეიცვალოს და სასჯელი გამკაცრდეს.
შეგახსენებთ, რომ 29 მაისს, ვეგანურ კაფე „კივიში“ დაახლოებით საღამოს 8-9 საათზე, თანამშრომლების თქმით, რამდენიმე „ფაშისტი, ნაცისტი“ ადამიანი შევიდა და იქ მყოფთ თავს დაესხა. როგორც ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ახალგაზრდა გოგომ DFWatch-ს უთხრა, თავდამსხმელთა შორის ვისი ამოცნობაც მოახერხეს – რასისტული დაჯგუფება „ბერგმანის“ წევრები იყვნენ, რომლებსაც თავიანთი ლიდერი გიორგი ბაქრაძე, იგივე ბერგმანიც ახლდათ.
მისივე თქმით, მათ კაფეში მწვადების სროლა დაიწყეს. ყელზე სოსისები ჰქონდათ შემოხვეული.
“ისროდნენ მწვადებს, კაფეში მყოფ სტუმრებს თეფშებზე უყრიდნენ და ყვიროდნენ „ქართველი არ ხარ? ხორცს როგორ არ ჭამ?“
ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება 30 მაისს სს კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 120-დან 180 საათამდე, ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე.
1 ივნისს, DFWatch-ს შსს -ში უთხრეს, რომ ფაქტის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა დეტალებზე – მათ შორის იმაზე, ჰყავთ თუ არა ეჭვმიტანილი – არ ისაუბრეს.
ამ ინციდენტის შესახებ დღეს “კივის” თანამშრომელმა გვითხრა, რომ გამოძიებაზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, როგორც ესმის, უწყებაში ნაციონალისტებს არ ეძებენ და იმაზე მუშაობენ, მეზობლებთან რომ მოუვიდათ იმავე დღეს ჩხუბი.
გარდა ამისა, მისივე თქმით, სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ არაერთი ადამიანი მიდის კაფეში და მხარდაჭერას უცხადებს.
„ერთ-ერთი სასულიერო პირი – მამა დამიანეც, რომელიც 15 წელი ვეგეტარიანელი ყოფილა და ახლა კი უკვე 1 წელია, რაც ვეგანი გახდა, იყო მოსული, რომელიც ძალიან სწორად აფასებდა მომხდარს და გვითხრა, რომ არავისი საქმე არაა, ვის როგორ აცვიაო. მხარდაჭერა გამოგვიცხადა ამერიკის ელჩმაც, ასევე ჯგუფმა მობიმ, აუდიტორია 115-მა, იყვნენ სხვადასხვა არასამთავრობოებიც, თუმცა ყველა არ მახსოვს, უცხოელები, აი მაგალითად, გუშინ ინგლისიდან ფოტო გამოგვიგზავნეს, სადაც რამდენიმე იქაურ ასაკოვან ადამიანს ფურცლები უკავიათ სადაც ჩვენი კაფეს სახელი ეწერა,“-გვითხრა ლაშამ.
აღსანიშნავია, რომ ვეგანები, ვეგეტარიანებისგან განსახვავებით, უარს ამბობენ ნებისმიერი სახის ცხოველური წარმომავლობის პროდუქტზე – მათ შორის, რძის პროდუქტებსა და ხშირად თაფლზეც. გარდა ამისა, არ იყენებენ ცხოველური წარმომავლობის საგნებსა და ტანსაცმელს/ფეხსაცმელს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.