გალის მოსახლეობა ენგურის ხიდის გახსნასა და ტესტირების ადგილზე ჩატარების სანაცვლოდ ხუთდღიანი კარანტინის მოხსნას მოითხოვს. საქმე იმაშია, რომ ამ ეტაპზე ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ პენსიონერებს, მრავალშვილიანებსა და შშმ პირებს შეუძლიათ, კარანტინის გარეშე კი მხოლოდ იმ პირები გადადიან, ვისაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება და პირდაპირ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
ერთი წელი შესრულდა, რაც ენგურის ხიდი რიგითი მოქალაქეებისთვის დაკეტილია. საქართველოს მთავრობამ ადმინისტრაციული საზღვრის გახსნა თებერვალში დააანონსა თუმცა გაირკვა, რომ ამის საშუალება მხოლოდ გამონაკლისებს მიეცათ – პენსიონერებს, რომლებსაც ისედაც ჰქონდათ გადასვლაზე შეღავათი, მრავალშვილიანებსა და შშმ პირებს.
როგორც DFWatch-თან საუბრისას ადგილობრივები აცხადებენ, კარანტინის გამო დღემდე უამრავი ადამიანი თავს საფრთხეში იგდებს, რადგან ენგურის გადასაკვეთად ე.წ. შავ გზებს იყენებს და ადიდებულ ენგურზე უწევს გადასვლა.
„დიდი შეღავათია გადაუდებელი დახმარების საჭიროების პირების გადაყვანა, თუმცა სხვა ადამიანებმა რა დავაშავეთ, ვინც არც პენსიონერი ვართ, არც ავად ვართ და უბრალოდ არსებობა გვჭირდება? ასეთი ხალხი, რისკზე მიდის და ე.წ. შავი გზებით, მდინარეზე არჩევს გადაპარვას. ენგურჰესზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ენგურის წყლის დონე საკმაოდ აწეულია, თანაც გაზაფხულზე ყოველთვის წყალუხვია მდინარე, რაც ფატალური შედეგის რისკს ზრდის. ამ პერიოდში გაყინულ ენგურში ჩასვლა პირდაპირ ჯანმრთელობაზე მოქმედებს. როდემდე უნდა ვიყოთ ჩაკეტილები?! ნუთუ არ ვღირვართ იმდენი, რომ სწრაფი ტესტები გამოგვიყონ, ენგურზევე გააკეთონ და იმ პრინციპით არ მოგვიდგნენ, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს? მიიტანეთ ეს ხმა მთავრობამდე,“ – უთხრა DFWatch-ს გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მკვიდრმა, 55 წლის მამაკაცმა.
ერთ-ერთი ადგილობრივი გვიყვება, რომ სწორედ ამ პრობლემის გამო გალის ტერიტორიაზე გადასასვლელად რუს მესაზღვრეებს დააჭერინა თავი.
„საოპერაციო ვიყავი, მაშინ კარანტინი 12-დღიანი იყო და გამომდინარე იქედან, რომ ოპერაცია არ იყო გადაუდებელი, ამ 12 დღის გატარება სასტუმროში მიწევდა. აქ დიდი ოჯახი და მეურნეობა მაქვს, რასაც ამდენი ხნით უპატრონოდ ვერ მივატოვებ. იძულებული გავხდი მდინარეზე გადავსულიყავი შავი გზით და გავცივდი. უკან იგივე გზით, ნაოპერაციევი ვერ გადმოვიდოდი. წავედი იმ გზით, საიდანაც ვიცოდი რომ დამაკავებდნენ, მაგრამ მზად ვიყავი. ასე აღმოვჩდნი რუსულ სამხედრო ბაზაზე, გადავიხადე ჯარიმა 3000 რუსული რუბლის ოდენობით და გამიშვეს. რატომ უნდა გვიწევდეს ამ ფორმით გადაადგილება?! კითხვები გვაქვს, მაგრამ პასუხს არავინ გვცემს,“ – განუცხადა DFWatch-ს გალის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრმა, 65 წლის მამაკაცმა.
შეგახსენებთ, რომ სოხუმის რეჟიმის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდი კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტში დაიკეტა. მას შემდეგ პერიოდულად მხოლოდ ცალმხრივად, გარკვეული კატეგორიისთვის, რამდენჯერმე გაიხსნა. შეთანხმების საფუძველზე ჰუმანიტარული კორიდორი გაუკეთეს სტუდენტებსა და პენსიონერებს, თუმცა თავისუფალი გადაადგილების საშუალება მოსახლეობის ძირითად ნაწილს ამ დრომდე არ ეძლევა.
ადგილობრივები ჩაკეტილობაში ვერ ახერხებენ მიიღონ სრულყოფილი სამედიცინო დახმარება, შეიძინონ აუცილებელი წამლები, პროდუქტის შეძენა კი გალის ბაზარზე გაორმაგებულ ფასად უწევთ.
ერთწლიანი ჩაკეტილობის პერიოდში პრობლემა პენსიონერებისთვის გარკვეულწილად მოგვარდა. მათ გაეროს მანქანა ემსახურება, რომელსაც ისინი ენგურის ხიდზე გადაჰყავს, ლიბერთი ბანკის მანქანებში იღებენ პენსიას და გაეროს მანქანითვე ბრუნდებიან უკან.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.