აფხაზეთის დე ფაქტო განათლების სამინისტრო, კორონავირუსზე მასწავლებლების ტესტირებას იწყებს. როგორც DFWatch-ს გალის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა განუცხადა, ეს სწავლის საკლასო ოთხებში გასაგრძელებლად ერთ-ერთი მთავარი პირობაა.
„სკოლების გასახსნელად გარკვეული პირობები დაწესდა, რომელიც ყველა სკოლამ უნდა დააკმაყოფილოს. ერთ-ერთია მასწავლებელთა ტესტირება. პირველი ტესტირება სკოლის დაწყებამდე ჩატარდება, შემდეგ კი გეგმიურად. ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში, ახალგაზრდა მასწავლებლები 21-დღიან მკურნალობას და ანაზღაურებად შვებულებას ექვემდებარებიან, ასაკიანი მასწავლებლები კი ორთვიან მკურნალობას, ასევე ანაზღაურებით,“ – განუცხადა DFWatch-ს გალის რაიონის ერთ-ერთი სკოლის 54 წლის მასწავლებელმა ქალბატონმა.
რაც შეეხება სკოლებისთვის დაწესებულ კრიტერიუმებს, მისი თქმით, ასეთია:
„საკლასო ოთახებში უნდა იყოს შესაბამისი სივრცე და ერთ ოთახში მხოლოდ 20 ბავშვი დაიშვება. სკოლა უნდა აღიჭურვოს სადეზინფექციო ინვენტარით. ასევე უნდა გამოიყოს იზოლაციის ოთახი, სადაც იმ ბავშვებს მოუწევთ დაყოვნება, რომლებსაც დილის თერმოსკრინინგზე სიცხე დაუფიქსირდებათ. სკოლა ვალდებულია დარეკოს შესაბამის უწყებაში და იზოლაციის ოთახიდან სიცხიან ბავშვს სასწრაფო დახმარების ბრიგადა გადაიყვანს. მასწავლებელთათვის სავალდებულოა პირბადე, მოსწავლეებისთვის ჯერჯერობით არა. სკოლის ეზოში უცხო პირები არ დაიშვებიან. უახლოეს დღეებში, სკოლებს სპეციალური კომისია შეამოწმებს, თუ სკოლა დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს, ბავშვების საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან, ვინც ვერ დააკმაყოფილებს, დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს მეცადინეობას“, – განუცხადა DFWatch-ს მასწავლებელმა.
მისივე თქმით, პირველ ეტაპზე, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, ის სკოლები გაიხსნება, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა 150-ს არ აღემატება.
„პირველ ეტაპზე, მომავალი ორშაბათიდან იხსნება ბაღები, მეორე ეტაპზე ის სკოლები, სადაც მოსწავლეთა საერთო რაოდენობა 150-ს არ აღემატება, მესამე ეტაპზე კი ის სკოლები, სადაც 150-ზე მეტი ბავშვი სწავლობს. გალის სკოლებში, 150 ბავშვი თითქმის არცერთ სკოლაში არაა, შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ ყველა სკოლა გაიხსნება. რაც შეეხება კლასში 20 ბავშვს, ჩვენთან ისედაც 10-15 ბავშვია სრული დასწრების დროსაც კლასში“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ გალის რაიონში სკოლები 2020 წლის პირველ სექტემბერს დაიწყო, თუმცა ვირუსის გამო 15 ოქტომბერს დაიხურა. 2021 წლის სასწავლო წელს კი დისტანციურ სწავლებაზე ოფიციალურად გადავიდნენ.
გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში დღეს 30 სკოლაა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.