(DFWatch, გალი) გალის რაონის სოფელ თაგილონში ადგილობრივი მოსახლეობა ეჭვობს, რომ კოვიდ-19-ის აფეთქებაა, რასაც 10-იოდე დღის წინ გამართულ ქელეხს უკავშირებენ. ამბობენ, რომ ადგილზე სამედიცინო რესურსების მწვავე დეფიციტია, და საქართველოს მთავრობისგან მინიმალურ დახმარებას ითხოვენ – რომ უზრუნველყოს სატელეფონო კონსულტაციები, ისევე როგორც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება.
მოსახლეობის ინფორმაციით, სოფელში კოვიდაფეთქებაა და ხალხი დახმარებას ითხოვს. ამის შესახებ DFWatch-ს თავად ადგილობრივებმა აცნობეს და შესაბამისი გზავნილის საქართველოს მთავრობამდე მიტანა ითხოვეს.
„ჩვენი სოფელი სამ ნაწილად იყოფა, პირველი, მეორე და მესამე თაგილონი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა პირველ თაგილონში (ე.წ. ლინია). არ დარჩა ოჯახი, სადაც ერთი ადამიანი მაინც არ იყოს ლოგინად. ყველას ერთი და იგივე სიმპტომი აქვს, რამდენიმემ ტესტიც გაიკეთა და დაუდასტურდა. ყველა ვერ ახერხებს ტესტის აღებას, თუმცა ფაქტია, რომ ხალხი ცუდადაა, სამედიცინო რესურსი კი არ არსებობს“, – ამბობს დიასახლისი თაგილონიდან.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ კოვიდაფეთქება ერთ ქელეხს უკავშირდება, რომელიც სოფელში 10 დღის წინ გაიმართა. მაშინ 40 წლამდე მამაკაცს ასაფლავებდნენ, რომელიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გარდაიცვალა, თუმცა ადგილობრივები ვარაუდით მიზეზი კოვიდი იყო.
„მაშინ არავის უფიქრია, რომ მიზეზი შეიძლებოდა კოვიდი კოფილიყო. თრომბი განუვითარდაო. არაფერი აწუხებდა. შესაბამისად, ადგილობრივებმა ტრადიციისამებრ, ხალხმრავალი ქელეხით დაკრძალეს, რამდენიმე დღეში კი ყველას ერთნაირი სიმპტომები დაეწყო. ხალხს წამალი არა აქვს, ადგილზე სამედიცინო დახმარებას ვერავინ გაგიწევს. ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდით“, – აცხადებს რესპონდენტი.
სოფლის მკვიდრნი, საქართველოს მთავრობას დახმარებას და სამედიცინო რესურსის ადგილზე უზრუნველყოფის თხოვნით მიმართავენ.
„გაგვივია, რომ მძიმე პაციენტების გადაყვანა შესაძლებელია ხიდზე და ალბათ, ასეც მოხდება, მაგრამ ყველა ვერ დატოვებს სახლს, სოფელი დაცარიელდება. აქ უამრავი საზრუნავია, რომელსაც ასე უბრალოდ დატოვო და წახვიდე ვერ გამოდის. აუცილებელია ადგილზეც მოხდეს სამედიცინო რესურსის მობილიზე, სხვანაირად ხალხი ვერ გადარჩება. სოფელში უმეტესობა ასაკიანია, დიაბეტი აქვთ და ყველას აწუხებს წნევა. მასობრივად რომ მოხდეს ხალხის რუხში გადაყვანა, საავადმყოფო ფიზიკურად ვერ დაიტევს. აუცილებელია ადგილზე დახმარება. ადგილობრივი რესურსი ვერც გაწვდება და არც ხალხი ენდობა, ამიტომ თუ შესაძლებელია, იქნებ მთავრობამ უზრუნველყოს სატელეფონო კონსულტაციები, ისევე როგორც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება“, – აცხადებს რესპონდენტი.
კოვიდი დაუდასტურდა ამავე სოფლის სკოლის მასწავლებელსაც, რომელსაც ტესტზე დადებითი პასუხი დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით ჩატარებულ გეგმიურ შემოწმებაზე ამოუვიდა, თუმცა სკოლა ჯერ ისევ აგრძელებს მუშაობას.
„ერთი კვირაა, რაც სკოლა გაიხსნა. ითქვა, რომ შესაბამისი კომისია შეამოწმებდა სკოლის მზაობას, თუმცა ისე მოგვცეს გახსნის უფლება, რომ არავის შევუმოწმებივართ. გეგმიურ შემოწმებაზე, მთელი კოლექტივი, ერთი მიკროავტობუსით წაგვიყვანეს. ერთ-ერთს კი დადებითი პასუხი მოუვიდა. ადგილობრივმა (დე ფაქტო) განათლების სამინისტრომ მხოლოდ იმ კლასის დახურვის ბრძანება გასცა, დანარჩენი კლასები ორშაბათიდან ალბათ ისევ გააგრძელებენ მუშაობას. არავის უთქვამს იზოლაციაში გადასვლა. მოსწავლეები ყოველ დღე გვაკლდება, მათი დიდი ნაწილი სწორედ პირველი თაგილონიდან დადის, სადაც კოვიდი აფეთქდა და მძიმე მდგომარეობაა“, – განუცხადა DFWatch-ს სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.