გალის რაიონიდან ერთიან ერობნულ გამოცდებზე დიდი რისკის ფასად გასულ ბევრ სტუდენტს პანდემიის გამო შინ მოუწიათ დაბრუნება. რატომ დაბრუნდნენ და რა პრობლემის წინაშე დააყენა ისინი პანდემიამ, ამ თემაზე DFWatch-მა დახურულ ფორმატში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტებთან ონლაინკონფერენცია გამართა.
სუდენტების წინაშე არსებული გამოწვევები და პრობლემები მსგავსია. უკან დაბრუნებას იმით ხსნიან, რომ თბილისში ცხოვრება ძვირია, განსაკუთრებით ბინის დაქირავება. უკან დაბრუნებულებს კი სერიოზულ პრობლემას უქმნის აფხაზეთში ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდება და გამართული კომპიუტერული ტექნიკის არარსებობა. ცალკე პრობლემაა ინტერნეტი.
„აფხაზეთში გვიჭირს ინტერნეტის ჩარიცხვა, მაგრამ გაღმა მცხოვრები ნათესაობის წყალობით ამას ვახერხებთ. თუმცა ყველაზე მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი უშუქობაა. არასდროს ვიცით, როდის გაგვეთიშება შუქი,“ – ამბობს ჯ.ა. სოფელ თაგილონიდან.
„თბილისში ქირით ვცხოვრობ. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ვერ შევძელი ქირის გადახდა, პლიუს ამას, სწავლა ონლაინ გვქონდა და სოფელში დავბრუნდი,“ – თქვა მან.
კიდევ ერთი სტუდენტი, ე.ა აცხადებს, რომ შუქი გამოცდის დროს ორჯერ გაეთიშა.
„პანდემიამ ჩემი და არა მარტო ჩემი ცხოვრება, რადიკალურად შეცვალა, მაგრამ ვფიქრობ, რომ აქაური მოსახლეობისთვის ეს უფრო მძიმეა. აქ არ არის კარგი სამედიცინო მომსახურება, რაც ასე ძალზე გვჭირდება ამ ამ პირობებში. რთულია პირველკურსელისთვის ონლაინ სწავლა. დედაქალაქში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, მშობლები ნერვიულობდნენ ჩემზე და ამის გამო მომიწია დაბრუნება. ზოგადად ონლაინ სწავლა რთულია, მაგრამ აქედან ორმაგად რთულდება. დავიწყოთ იმით, რომ იყო გრაფიკი და ვწვალობდით მობილური ინტერნეტით, რომელიც ჭედავდა და ფაქტობრივად ლექციას ნახევრად ვესწრებოდი, შეიძლება გრაფიკი არ ყოფილიყო, ისედაც ქრებოდა ელექტროენერგია. შუალედურზე ორჯერ ჩამიქრა. ასეთი სიტუაციები ძალიან სტრესულია და სულ უფრო გვიძნელდება სწავლა. მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტებში სწავლა აღდგეს, თორემ მართლა ძალიან რთულია პირადად ჩემთვის აქედან სრულფასოვნად სწავლა“, – აცხადებს ე.ა., რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობს.
გამოცდის დროს გაეთიშა დენი ზემო ბარღების მვიდრ ნ.ძ.-საც, თუმცა მას კიდევ ერთი პრობლემა აქვს – შესაბამისი ტექნიკის არქონა, რის გამოც გამოცდის დროს მეზობელთან უწევს გადასვლა.
„პანდემიამ ჩემთვის აბსოლუტურად ყველაფერი შეცვალა. მოგვიწია სწავლის ონლაინ სწავლება, კურსელების ონლაინ გაცნობა, რაც ძალიან ცუდია. ასევე სახლში ჩაკეტვა და ყველასგან და ყველაფერთან განშორება. ბინა ვერ ვიქირავე, რადგან თბილისში ყველაფერი ძალიან ძვირია, აქედან კი მშობლები ამდენს ვერ გასწვდებოდნენ. თავიდან ძალიან გამიძნელდა სწავლა. რამდენიმე ლექციაც კი გავაცდინე, რადგან ინტერნეტის პრობლემა მქონდა. ახლა ძლივს რაღაც მოვახერხეთ და ვესწრები ლექციებს საბედნიეროდ. ხელისშემშლელი ფაქტორია ის, რომ შუქი ნორმალურად არ გვაქვს. ლექციების, გამოცდების დროს, რამდენჯერმე გაგვითიშეს და ამის გამო დიდი ნერვიულობა მომიწია, მაგრამ საბედნიეროდ, ლექტორები ითვალისწინებენ ამ ფაქტს და გვაძლევენ მეორე შანსს. ასევე ზოგჯერ ინტერენტთთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს. ყველაზე მეტად ახლა რაც მჭირდება ალბათ ნოუთბუქია, რადგან დავალებების გასაგზავნად, გამოცდების ჩასაბარებლად, პრეზენტაციის წარსადგენად, ხან კლასელთან დავდივარ ხან კი ნათესავთან,“ – აცხადებს ნ.ძ.
ინტერნეტი საერთოდ არ აქვს და მობილური ინტერნეტით უწევს ჩართვა ჭუბურხინჯელ პირველკურსელ სტუდენტ თ. ყ.-ს.
„სოფელში დავბრუნდი, რადგან სწავლა ონლაინ გაგრძელდა და აზრი აღარ ჰქონდა თბილისში დარჩენას, ზედმეტი ხარჯი იყო. აქედან სწავლა ძალიან რთულია, რადგან შუქი თავიდან გრაფიკით იყო, ახლა კი გრაფიკიც მოიშალა და უკვე მეშინია ფინალურზე არ ჩაქრეს. ასევე ხელისშემშლელი ფაქტია ის, რომ ინტერნეტი არ მაქვს, მუდმივი მობილურის ინტერნეტით ვსარგებლობ. ბევრჯერ დავრეკეთ შემოყვანაზე, თუმცა გვითხრეს, რომ არ სცალიათ და რიგში უნდა ჩავდგეთ. ყველაზე მეტად მჭირდება შუქი. ბინით რომ ვყოფილიყავი უზრუნვეყოფილი, ალბათ თბილისში დავრჩებოდი“, – აცხადებს თ.ყ.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.