Conifa

აფხაზეთი გამარჯვებას ზეიმობს (Facebook)

ოკუპირებულ აფხაზეთში არაღიარებული ტერიტორიული წარმონაქმნების ე.წ. მსოფლიო საფეხბურთჩემპიონატი უდიდეს დღესასწაულად იქცა, რომელიც „ოქროს ასოებით“შევა  „რესპუბლიკის“ ისტორიაში.

5 ივნისს არაღიარებული რეგიონებისა და სახელმწიფოს გარეშე ხალხების ე.წ. მსოფლიო ჩემპიონატი, CONIFA, სადაც 12 ყველასათვის უცნობი საფეხბურთო გუნდი იღებდა მონაწილეობას, აფხაზეთის გუნდმა მოიგო და სოხუმში ზეიმი ჯერ კიდევ გრძელდება. ყველა აფხაზი მხოლოდ ამ ჩემპიონატზე და „მსოფლიო მასშტაბის“ ტურნირზე „რესპუბლიკის ნაკრების“ უდიდეს გამარჯვებაზე საუბრობს, ადგილობრივ პრესასა და სხვადასხვა სოციალური ქსელებში მხოლოდ ამაზე წერენ.

წერენ, რომ „ჩემპიონად“ გახდომის ემოცია გაუთანაბრდა იმ სიხარულს, რაც 2008 წელს დამოუკიდებლობის პირველ აღიარებისას ჰქონდათ.

მთელი აფხაზეთი კონიფომანიამ შეიპყრო. უფრო მეტიც,  გუნდის გამარჯვების მეორე დღე, ორშაბათი დე ფაქტო პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საზეიმო დღესასწაულად და უქმედ გამოცხადდა. ოთხშაბათს,  8 ივნისს კი  დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ამ „გრანდიოზული ტრიუმფის“ აღსანიშნავად სპეციალური მიღება მოაწყო და „რესპუბლიკის ნაკრების“ ფეხბურთელებს საკუთარი ხელით ჩამოურიგა  ორდენები.

28 მაისიდან 5 ივნისამდე აფხაზეთში  12 არაღიარებული რეგიონისა და სახელმწიფოს გარეშე ხალხების ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი – CONIFA  ჩატარდა.

СONIFA (დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციის კონფედერაცია) 2013 წელს შვედეთში შეიქმნა. ის აერთიანებს 36 სხვადასხვა – არაღიარებული ქვეყნების, ავტონომიური რეგიონების ან სახელმწიფოს გარეშე ხალხების საფეხბურთო გუნდებს, რომლებსაც FIFA არ სცნობს. მათ შორისაა აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც. კონიფამ 2014 წელს შვედეთში „მსოფლიო“ და 2015 წელს უნგრეთში „ევროპის“ საფეხბურთო  ჩემპიონატები უკვე ჩაატარა.