დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვარზე დაწესებული შეზღუდვა, ბიზნესად აქცია. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, „საზღვარზე“ გადასვლა არაოფიციალურად ყველას შეუძლია, ვინც ფულს იხდის.

„ოფიციალურად ჩაკეტილია 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის, თუმცა რეალურად შეზღუდვა არ მოქმედებს. ვისაც გადასვლის სურვილი აქვს, იხდის 50 ლარს და ჩვეულებრივ გადადის. შეიძლება ყოველ დღე ვერ გადახვიდე, მაგრამ თუ საქმეს ჭირდება, უნდა გადაიხადო“, – უთხრა DFWatch-ს გალის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრმა.

მოსახლეობა ვარაუდობს, რომ დე ფაქტო რეჟიმს ახლა მხოლოდ ფულის შოვნის მოტივი ამოძრავებს, რადგან სხვა მიზეზი „საზღვრის“ ჩასაკეტად არალოგიკურია.

„თუ ფულის შოვნა არაა მიზეზი და უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, რა აზრი აქვს ფულს გადავიხდი და ისე გადავალ თუ უფულოდ?! ფაქტია, რომ გაუტკბათ და ახლა ალბათ, სანამ ჯიბეებს კარგად არ გაისქელებენ, ასე იქნება. მერე კიდევ მოიფიქრებენ რამე ახალ მეთოდს. როცა ჩაკეტეს, თბილისში მიმდინარე აქციებს იმიზეზებდნენ, მერე ისიც ითქვა, რომ აბიტურიენტებს ჩაუკეტეს გზაო, თუმცა აბიტურიენტებიც გადავიდნენ და აქციებიც ნაკლებად სავარაუდოა იყოს მიზეზი“, – აღნიშნავს გალის რაიონის კიდევ ერთი მკვიდრი.

შეგახსენებთ, რომ სოხუმის რეჟიმმა ე.წ. საზღვარი მიმდინარე წლის 27 ივლისს ჩაკეტა. თავიდან მიზეზად ოკუპაციის წინააღმდეგ მიმდინარე აქციები დასახელდა. მოგვიანებით, „საზღვარი“ ყველასთვის გაიხსნა, გარდა 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისა. შეზღუდვა ოფიციალურად, დღემდე ამ ფორმით მოქმედებს.