გალის სკოლებში, გამარჯვების დღე, წინა წლებთან შედარებით, მოკრძალებულად აღინიშნა. როგორც DFWatch-ს ადგილობრივმა მასწავლებლებმა განუცხადეს, ე.წ. საზეიმო ღონისძიება ყველა სკოლაში გაიმართა, თუმცა შარშანდელთან შედარებით, ყოველგვარი კონტროლისა და დავალების გარეშე ჩაიარა.

„წინა წელს, საგანგებო დავალებები გაიცა სკოლებზე თუ როგორ უნდა აღენიშნათ „გამარჯვების დღე“. რაღაც ღონისძიებას ამ დღეს სულ ვმართავთ, მაგრამ საგანგებო მითითებით არა. შარშან ჩამოუარეს სკოლებს დე ფაქტო განათლების უწყების წარმომადგენლებმა და შეამოწმეს, წელს მსგავსი არაფერი ყოფილა. წინა წელს მოთხოვნაც იყო სამხედრო ფორმების ჩაცმაზე, წელს არა. რამდენიმე ლექსი თქვეს ბავშვებმა და ამით მორჩა ღონისძიება“, – აცხადებს ერთ-ერთი მასწავლებელი.

გალის კიდევ ერთი სკოლის პედაგოგი კი გვიყვება, რომ მათი სკოლა ამ დღეს სოხუმში წაიყვანეს ექსკურსიაზე და ომის დროს აფხაზი სეპარატისტების ლიდერის, ვლადისლავ არძინბას საფლავი ყვავილებით შეამკეს.

„გვქონდა რაღაც პატარა ღონისძიება, სულ სამი ნომერი. მეორე დღეს სოხუმში წაგვიყვანეს და ტრადიციულად არძინბას საფლავი შევამკეთ გვირგვინით“.

სკოლის მოსწავლის მშობელი აცხადებს, რომ მაღალი კლასების მოსწავლეებმა ღონისძიებაში მონაწილეობა გააპროტესტეს და ფაქტობრივად ცარიელ დარბაზში ჩატარდა.

„წინა წელს სავალდებულო იყო ბავშვებს სამხედრო ფორმა ცმოდათ და ომის თემატიკაზე სცენებში მიეღოთ მონაწილეობა. რა თქმა უნდა მტრად ქართველები იყვნენ გამოყვანილი. ამის ყურება ძალიან მძიმე ასატანი იყო. წელს საგანგებო დავალება არ გაცემულა, პატარა ღონისძიება გამართა თავად აფხაზურის მასწავლებელმა, რომელშიც დაბალი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. უფროსებმა მონაწილეობაზე უარი თქვეს, დარბაზი თითქმის ცარიელი იყო“, – აცხადებს ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი.

ასევე გალის ქართული სკოლის მოსწავლის მშობელი DFWatch-თან საუბარში აცხადებს, რომ მათ სკოლაში სამხედრო ფორმები კი ეცვათ, მაგრამ წინა წელთან შედარებით „ზერელედ“ იყო გაკეთებული.

„შარშან მოთხოვნა იყო, წელს არავის გადაუმოწმებია. ფორმა უკვე აღარ არის ტრაგედია, რადგან ბევრად დიდი პრობლემა გამოიკვეთა ბავშვებში. ჩემ თავზე ვბრაზდები, რის გამო ან ვის გამო ვცხოვრობ აქ და ვანგრევ ჩემი შვილების ფსიქიკას. ტრაგედია იყო ჩემთვის ის, რაც ჩემმა შვილმა, რომელსაც სახლში სულ სხვა რამეს ვასწავლით, რაც ამათ გამარჯვების დღეს მითხა. დედა, მეც მინდა ქალაქში წასვლაო. მეთქი იქ რა გინდა?! – „იქ პაბედას აღნიშნავენო“. გავოცდი, ცოტა გავბრაზდი და ვეცადე ამეხსნა, რომ ეს მისი „პაბედა“ არ არის. ჩემი შვილი 8 წლისაა. კლასელები იქ იყვნენ და მათთან ყოფნის სურვილი გამოთქვა, საბოლოოდ ვერ წავიდა, რადგან უფლება არ მივეცი, მაგრამ ეს ხომ ხვალ და ზეგ უფრო დიდ ტრაგედიად იქცევა თუ ახალი თაობა ასე იფიქრებს. სად წავიდე, რომ წავიდე, წარმოდგენა არ მაქვს. აქ ყოფნის პარალელურად, იქ ბინებს არ გვაძლევენ, რომ დავტოვო და წავიდე, ორი ბავშვით ქუჩაში რა უნდა ვაკეთო?!“ – აცხადებს გალის მკვიდრი.

შედარებით გრანდიოზული იყო თავად ქალაქ გალის სკოლებში გამართული ღონისძიება, სადაც საომარ თემატიკაზე დადგმულ სცენებში, როგორც უმცროსკლასელები, ისე უფროსკლასელები მონაწილეობდნენ.

საინტერესოა კადრი, რომელიც ადგილობრივი ტელევიზიის სიუჟეტებში ჩანს. იმ სცენების პარალელურად, სადაც ქართველები მტრებად არიან გამოყვანილი, გამარჯვების დღეზე რამდენიმე ქართული ცეკვაც სრულდება ნაციონალურ ფორმებში.