9 ოქტომბერს სოხუმში ხელმეორედ არჩეული დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტები „არჩევნების“ შედეგს არ აღიარებენ, სოხუმის სასამართლომ ოპოზიციის კანდიდატის სარჩელი, მეორე ტურის გაუქმებისა და არჩევნების ხელახლა ჩატარების თაობაზე, არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტს ხელმეორედ დაიკავებს.
ორ კანდიდატს შორის დავას, შორიდან ადევნებდა თვალს გალის მოსახლეობა და დიდი ინტერესი პროცესების მიმდინარეობაზე ადგილობრივ ქართველებში არ გამოვლენილა.
როგორც ისინი DFWatch-თან საუბარში აცხადებენ, ცვლილებების მინიმალური იმედი, ოპოზიციური კანდიდატის არჩევის შემთხვევაში არსებობდა, ხაჯიმბას პრეზიდენტის პოსტზე დარჩენა კი მათ მდგომარეობას მხოლოდ უარესობისკენ შეცვლის.
„ის რომ არჩევნებში მონაწილეობის არათუ უფლება, არამედ აზრიც კი არავის უკითხავს ჩვენთვის, ის, რომ არცერთი შეხვედრა წინასაარჩევნოდ არ ჩატარებულა გალის რაიონის სოფლებში და არც საარჩევნო შტაბი გახსნილა, ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ როგორ ვაინტერესებთ ხელმეორედ არჩეულ პრეზიდენტს. ჩვენ არც პირველი ტური შეგვხებია, არც მეორე და არც სასამართლო პროცესი. გალელებისთვის უკეთესობისკენ რამის შეცვლის იმედი ფაქტობრივად არ არსებობს. პირიქით, მეორე ვადით არჩეული პრეზიდენტი ისევ იგივე პოლიტიკას გააგრძელებს და ალბათ, ადგილზე ცხოვრების უფლება თუ მოგვცეს, მაგაზეც მადლობას მოგვახდევინებენ. მცირე იმედი იყო ოპოზიციის კანდიდატის არჩევის შემთხვევაში, რადგან მას და მის მხარდამჭერებს მიაჩნდათ, რომ გალში მცხოვრებ ქართველებსაც უნდა გვქონოდა ადგილობრივი მოქალაქეობა და უფლებები“, – აცხადებს გალის რაიონის მკვიდრი.
„რაში მაინტერესებს ამათი არჩევნები?! სულ რომ მაჩუქონ ეგ პასპორტი, მაინც არ ვიყავი წამსვლელი,“ – აცხადებს კიდევ ართი გალელი. „ – ან ძველმა რა გაგვიკეთა და ან ახალი რას გაგვიკეთებს. ვინ იყო და ვინ არის, არც ის არ ვიცი. მე ჩემთვის ვცხოვრობ, ვამუშავებ მიწას, ვმუშაობ ჩემთვის. აგერ ახლა სიმინდის მოსავლის აღების დროა და მე ის მკითხეთ, როგორია სიმინდის და თხილის მოსავალი. ასე ცხოვრობს აქ ხალხის უმეტესობა. აფხაზების მთავრობას მაშინ ვახსენდებით, როცა გადასახადებია ასაგროვებელი, ჩვენს მთავრობას კი მგონი სულ არ ვახსოვართ. ხოდა რატომ უნდა მაინტერესებდეს ან ერთი ან მეორე“.
აღმოჩნდა, რომ წინა რესპოდენტის მსგავსაც გალის ადგილობრივ მოსახლეობაში, კიდევ ძალიან ბევრი ცხოვრობს და DFWatch-თან საუბარში არც საქართველოს მთავრობის მიმართ უკმაყოფილებას მალავენ.
„ყოველ დღე გვიძნელდება აქ ცხოვრება, მაგრამ აბა თუ გახსოვთ, ბოლოს როდის გააკეთეს რაიმე განცხადება ჩვენი მთავრობის წევრებმა. ყველანაირ პირობას გვიქმნიან რომ დავტოვოთ აქაურობა და დასატოვებელიცაა, მაგრამ აბა როგორ გავიმეტო სახლ-კარი?!“
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.