დღეს აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტს აირჩევენ. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება არ აქვს გალის ქართველ მოსახლეობას, რომელსაც აფხაზური პასპორტები გაუუქმდა და საქართველოს მოქალაქეობის ქონის გამო, „აფხაზური კანონით“ ახლის აღება ეკრძალება.
მიუხედავად იმისა, რომ გალი საარჩევნო პროცესებიდან თითქმის სრულად ჩამოშორებულია, დე ფაქტო პრეზედენტების წინასაარჩევნო შეხვერებზე მათი საკითხი მაინც მწვავედ იდგა. კერძოდ, ოპოზიციური კანდიდატი, პარტია „ამცახარას“ ლიდერი ალხაზ კვიცინია ამბობს, რომ არ შეიძლება გალის მოსახლეობას მოექცე ასე და დატოვო მოქალაქეობის გარეშე.
„ბევრს შეიძლება მოეწონოს, ბევრს არა, მაგრამ ეს ჩემი აზრია, არ შეიძლება ამხელა მოსახლეობას მოექცე ასე. გალში დაბადებულ ბავშვს არ აქვს მოქალაქეობის მიღების უფლება, რა უნდა ქნას, რა საბუთი უნდა აიღოს და სად უნდა იცხოვროს? არ შეიძლება ასე მოექცე საკუთარ მოსახლეობას,“ – თქვა კვიცინიამ ერთ-ერთ შეხვედრაზე.
თავის მხრივ, კვიცინიას შტაბის უფროსი ბესლან ეშბა აღნიშნავს, რომ გალის მოსახლეობამ, თავის მხრივ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა აფხაზეთის მოქალაქობაზე.
„დიახ, ჩვენ ვიმუშავებთ ამ საკითხზე. გალში დაბადებულ ბავშვს უნდა ჰქონდეს მოქალაქეობა, მაგრამ სხვა დანარჩენ საკითხზე უნდა მოხდეს შეთანხმება. გალელმა ქართველებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა აფხაზეთის მოქალქეობაზე, უნდა იმსახურონ ჯარში, ისწავლონ და ჩვენთან ერთად უნდა იყონ ჩართული ჩვენი რესპუბლიკის განვითარებაში. ორ სკამზე ჯდომა არ გამოვა“.
ამავე პარტიის მხარდამჭერი, ყოფილი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა მიიჩნევს, რომ უნდა მოიძებნოს შერიგების გზა.
„მე ღიად ვამბობდი და ბევრი მაკრიტიკებდა როგორც იქ, ისე აქ. ჩვენ უნდა დავიწყოთ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობის დალაგება. ჩვენ ასე გვაქვს ოდიდგან განსაზღრული, ვიცხოვროთ ერთად. იყო ომი, კონფლიქტი, მაგრამ არ შეიძლება სულ კონფლიქტში ცხოვრება, უნდა ვიპოვოთ შერიგების გზა, უნდა გავითავისოთ, რომ უნდა განვვითარდეთ’, – აღნიშნა სერგეი შამბამ.
საპასუხოდ, გალელების მოტყუებაში ადანაშაულებს ოპონენტს დე ფაქტო პრეიდენტობის კანდიდატი რაულ ხაჯიმბა.
„მე ვიცი, რომ აქ წინა შეხვედრებზე დაგპირდნენ, თითქოს ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე გადაწყვიტავენ პასპორტიზაციის თემას. გესაუბრებით ღიად, ეს არის ტყუილი, რადგან ეს ეწინააღმდეგება იმ კანონს, რომელიც აფხაზეთში მოქმედებს. ჩვენ არ ვუკრძალავთ აფხაზეთის პასპორტის მიღებას იმ ხალხს, ვინც უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და გალის, ტყვარჩელის და ოჩამჩირის მთელმა მოსახლეობამ, კანონის ფარგლებში უნდა მიიღოს აფხაზეთის მოქალაქეობა, მაგრამ არა ისე, როგორც ამას ოპონენტები აკეთებენ, ოღონდ არჩევნებზე თქვენი ხმა მიიღონ“, – აცხადებს ხაჯიმბა.
დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატმა გალელებს კომპლიმენტიც უთხრა და აღნიშნა, რომ მთელ რესპულიკაში გალი ყველაზე მოწესრიგებული და დისციპლინირებული რაიონია.
„გალის რაიონი ერთ-ერთი საუკეთესო და მოწესრიგებული რაიონია ჩვენს რესპუბლიკაში. ამ დღეებში ბევრგან ვიყავი და გეუბნებით თქვენ და ამას ვამბობდი სხვაგანაც“, – აღნიშნა მან.
მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტებს შორის გალელი ქართველების თემა ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საკითხად რჩება, გალელები თვლიან, რომ ისინი ამ არჩევნებზე სრულიად არიან იგნორირებული.
როგორც DFWatch-თან საუბარში, გალის რაიონის მაცხოვრებლები აღნიშნავენ, ეს ასეც იყო მოსალოდნელი, რადგან თავის დროზე ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ქართველებს არჩევანის უფლება ჩამორთმეოდათ.
„ეს მეორე არჩევნებია, როცა ვერ ვღებულობთ მონაწილეობას, რადგან წინა არჩევნებზე ჩვენი პასპორტები არ აღიარეს, ახლა კი საერთოდ გაუქმებულია. ამათი კანონების მიხედვით არჩევნებში მხოლოდ აფხაზური პასპორტის მქონეები ღებულობენ მონაწილეობას, პასპორტებს კი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს აძლევენ. გალის სოფლებში არანაირი საარჩევნო აგიტაცია არ ყოფილა, ან რაში სჭირდებოდათ, განსხვავებით წინა არჩევნებისგან“, – აღნიშნავს გალის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, წინა არჩევნებზე, როცა ქართულ მოსახლეობას უფლება ჰქონდა ხმა მიეცა, აგიტაცია ყველა სოფელში ტარდებოდა და საარჩევნო უბანიც ყველგან გახსნილი იყო.
„სკოლაში იყო საარჩევნო უბარი. ასე იყო ყველა სოფელში. ქართველების არჩეული იყო ბაღაფში და ანქვაბი, რადგან ისინი შედარებით უკეთეს პირობებს გვპირდებოდნენ. გვქონდა პასპორტები და ჩვენი უფლებები აფხაზების უფლებებს უტოლდებოდა. არ იყო თითქმის არანაირი შეზღუდვა. სწორედ ეს არ უნდოდათ ამჟამინდელი „მთავრობის“ წევრებს, ამიტომაც შეცვალეს ყველაფერი და ჩამოგვართვეს ადგილობრივი მოქალაქეობა“, – აღნიშნავს სოფელ თაგილონის მკვიდრი.
არჩევანის უფლება რომ ჰქონდეთ, გალელი ქართველები აცხადებენ, რომ ხმას ოპოზიციური პარტიის ლიდერს, ასლან ბჟანიას მისცემდნენ.
„ის გვპირდებოდა მოქალაქეობის დაბრუნებას და ჩვენთვის შედარებით უკეთესი პირობების შექმნას, ალბათ ამიტომაც მოწამლეს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ მის არჩევას მაინც ვერ ვახერხებდით, ამიტომ შესაძლოა, სხვა მიზეზებიც იყოს. ახლა როცა ბჟანია გასულია თამაშიდან და მან ხალხს მოუწოდა ალხაზ კვიცინიას დაუჭირონ მხარი, შანსი რომ გვქონდეს, ასეც მოვიქცეოდით. მიზეზი მხოლოდ ცოტა უკეთესი მდგომარეობაა“.
ადგილობრივ ქართველებს არ ეიმედებათ, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერი შეძლებს გამარჯვებას, რაულ ხაჯიმბას დარჩენის შემთხვევაში კი სიტუაციის გაუარესებას ელოდებიან.
„ამ პერიოდში შეგვეზღუდა ყველანაირი უფლება. უკეთესს არაფერს ველოდებით. თუ ისევ ხაჯიმბა გავა, და ეს ასეცაა მოსალოდნელი, სიტუაცია უფრო და უფრო გაუარესდება. ისედაც არავინაა უკვე ადგილზე დარჩენილი. სოფელი დაცარიელებულია. თუ ადრე ჭირის და ლხინის სუფრაზე ასიდან 60 კაცი იყო, დღეს ასიდან 10-20-ია კაცი. სოფლებში თითქმის სულ ქალები დარჩნენ, მამაკაცები კი საზღვარგარეთ წავიდნენ სამუშაოდ. ხაჯიმბას დარჩენით ეს პროცესი უფრო გაგრძელდება და საბოლოოდ მიიღებენ იმ შედეგს, რისკენაც მიიწევენ – ქართველებისგან დაცლილ სოფლებს“.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები დღეს ტარდება. პრეზიდენტის პოსტისთვის 9 კანდიდატი იბრძვის.
საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებსაც 2016 წლის მოდელის აფხაზური პასპორტი აქვთ.
მათივე ინფორმაციით, გალში სულ 2 საარჩევნო უბანია და ამ ეტაპზე 872 პირია სიაში.
„სია შეიძლება კიდევ შეივსოს გამომდინარე იქედან, რომ საპასპორტო მაგიდაზე უამრავი გასაცემი პასპორტი დევს. იმის მიხედვით, თუ როგორ მოგვმართავენ, მათ სიაში ჩავამატებთ“, – აღნიშნა დე ფაქტო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.