გალის დე ფაქტო საზღვარზე მიმოსვლა ოფიციალურად ჯერ კიდევ არ აღდგენილა, თუმცა ქრთამით მანც შესაძლებელია. როგორც DFWatch-ს გალის რაიონის მკვიდრებმა განუცხადეს, ქრთამის ოდენობა 1 000 რუსული რუბლიდან (45 ლარი) იწყება.
„18-დან 60 წლამდე კაცებს გადასვლა ეკრძალებათ, შემოსვლა არა. თუმცა ვისაც გადასვლა უნდა, იხდის ფულს და ჩვეულებრივად გადადის. დღემდე გაუგებარია რატომ დარჩა მსგავსი შეზღუდვა, მაგრამ ფაქტია რომ კარგ ფულს შოულობენ,” – უთხრა DFWatch-ს გალელმა ახალგაზრდამ.
ზოგი იმასაც ამბობს, რომ უკვე არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს, უბრალოდ დროს აჭიანურებენ, რათა უფრო მეტი ფული იშოვონ, თუმცა გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელძღვანელი თემურ ნადარაია ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება უშიშროების სამსახურის მიერ არის მიღებულია და მანვე უნდა შეცვალოს.
„ზუგდიდში მივდიოდი, მეგობარ აფხაზს ვთხოვე მივეცილებინე, რადგან შეზღუდვა მოქმედებს. გაეცინა და მიპასუხა, არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებსო. მივედი და ჩვეულებრივ გადავედი“, – აღნიშნავს გალის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი.
დღემდე შეზღუდვაა დაწესებული ე.წ. ვიზების გაცემაზეც, რომლის აღდგენასაც აგვისტოს ბოლოდან ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო საზღვარი, თბილისში, ოკუპაციის წინააღმდეგ დაწყებული აქციების მოტივით, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე, რამდენიმე დღით ადრე დაიკეტა. შეზღუდვა ეტაპობრივად მოიხსნა, დღეს კი მხოლოდ 18-დან 60 წლამდე მამაკაცებზე მოქმედებს, ისიც მხოლოდ გალიდან ზუგდიდში მიმავალთათვის.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.