დღეიდან ენგურის ცენტრალური ხიდი იკეტება. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, მიზეზად კარანტინი გამოცხადდა. პირველადი ინფორმაციით, ხიდი 20 დღით ჩაიკეტება.
“სავარაუდოდ, ვირუსის გავრცელებისგან იცავენ თავს და ამ მიზეზით კეტავენ გზას, თუმცა ვირუსი გალის ტერიტორიაზე უკვე შესულია, ახლა კი მთავარ პრობლემად არა ვირუსის გავრცელება, არამედ ვირუსის სამკურნალო მედიკამენტების არარსებობა რჩება”, – ამბობს გალის რაიონის მკვიდრი.
მათი თქმით, ადგილზე არსებულ აფთიაქებში სამკურნალო პრეპარატების შოვნა ფაქტობრივად შეუძლებელია, ხოლო რაც იშოვება, ორმაგი ფასი ღირს.
“ბავშვს ვირუსი შეეყარა, ადგილობრივ ექიმთან მივიყვანეთ, რადგან ენგურის ხიდზე გადმოსვლას ვერ ვახერხებდით. ექიმის მიერ გამოწერილი წამლებიდან თითქმის არცერთი არ იყო ადგილობრივ აფთიაქებში. საბუთიანი ადამიანი ვიპოვეთ, რომელიც ზუგდიდში გადავიდა და თითქმის 300 ლარის ღირებულების წამლები მოგვიტანა. ახლა ბავშვი რომ ცუდად გახდეს, არ ვიცით, რა ვქნათ – საზღვარი ჩაიკეტა და წამლებიც აღარ იქნება. ვერ ხვდებიან, რომ ამით უარესს შედეგს მიიღებენ, მითუმეტეს ვიცით რომ ამ ვირუსის გართულების დროს ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია”, – აღნიშნავს გალში სტუმრად მყოფი.
აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “რესპუბლიკაში” ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა დე ფაქტო მთავრობა ზამთრის არდადეგების გახანგრძლივების გადაწყვეტილებას.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.