ცხინვალის რეჟიმმა ახალგორიდან ე.წ საზღვარზე გადასვლის გამკაცრებული წესების ამოქმედება ერთი თვით გადადო და შეზღუდვა 1-ელ იანვრის ნაცვლად 1-ელ თებერვალს ამოქმედდება.
26 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა „საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის კვეთის ორგანიზაციის შესახებ” დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა, რის მიხედვითაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ქართველებისთვის დანარჩენ საქართველოში თავისუფლად მიმოსვლა აიკრძალა.
როგორც მაშინ დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ხუბაევმა განაცხადა, ცვლილებამდე „საზღვრის“ გამარტივებული წესით კვეთისთვის საჭირო იყო მხოლოდ „სამხრეთ ოსეთის პასპორტი“ ან ე.წ. საშვი. ცვლილების მიხედვით კი, ოკუპირებული ახალგორიდან გორში წასასვლელად აუცილებელი ხდება ყოველ ჯერზე სპეციალური საშვის აღება.
ეს ცვლილება 1-ელ იანვარს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ახალი წლის წინა დღით ახალგორელ ქართველებს ადგილობრივმა დე ფაქტო მმართველობამ განუცხადა, რომ ეს შეზღუდვა ერთი თვით გადაიდო და 1-ელ თებერვლამდე ე.წ. რაზდახანის (იგივე ახალგორის) გამშვებ პუნქტზე ძველი წესით შეუძლიათ მიმოსვლა – ოსებს „ოსური პასპორტებით“ და ქართველებს ე.წ. საშვებით. ამის შესახებ „ეხო კავკაზასთან” ახალგორელი აქტივისტი თამარა მეარაყიშვილი საუბრობს.
მისი თქმით, როდესაც ცხინვალის რეჟიმის მიერ მიმოსვლის წესების გამკაცრება გამოცხადდა, მოსახლეობის რეაქცია მწვავე იყო.
„ხალხი ამბობდა, ახლა მხოლოდ ისაა დარჩენილი, რომ პირდაპირ გვითხრან – წადით აქიდან!. ყველაფერი აქითკენ მიდის,“ – ამბობს მეარაყიშვილი, თუმცა იმედს იტოვებს, რომ შესაძლოა მოიძებნოს რაღაც გამოსავალი, რომ ახალგორელებმა გადაადგილების თავისუფლება შეინარჩუნონ.
ახალგორში იმედოვნებენ, რომ ზაფხულში, როცა დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იგეგმება, ე.წ. საზღვარზე გადაადგილების თავისუფლება იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა და რადგანაც „არჩევნებისთვის“ მმართველ პარტიას ახალგორელების ხმები დასჭირდება, ეცდებიან მიმოსვლის წესების ისევ გამარტივების დაპირებით მოიგონ ახალგორელების გული.
როგორც თამარ მეარაყიშვილი ამბობს, ახალი რეგულაციის ერთი თვით გადავადება ნიშნავს, რომ ცხინვალშიც გამკაცრებას ბევრი არ ემხრობა და ის, დიდი ალბათობით, გადაიხედება.
2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც ახალგორის რაიონის აღმოსავლეთი ნაწილი დე ფაქტო ცხინვალის იურისდიქციაში შევიდა, იმდროინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა ახალგორელებს პირობა მისცა, რომ პირადად უზრუნველყოფდა მათი უფლებების დაცვას, მათ შორის დანარჩენ საქართველოში გადაადგილების თავისუფლებას.
„ეხოკავკაზას“ ცნობით, გაუარესება 2012 წლიდან დაწიყო. როცა ლეონიდ თიბილოვი გახდა ე.წ. პრეზიდენტი, ახალგორში ახალი უფროსები დაინიშნენ და დაიწყო წნეხი – ადგილობრივ ბიზნესში ჩართული ხალხის დაბეგვრა და ბიზნესის რეკეტი. მილიციის ახალმა ხელმძღვანელობამ დაიწყო თვითნებური რეიდები. შემდეგ კი დაიწყო აბსოლუტურად დამამცირებელი ისტორიები ე.წ. საშვებთან დაკავშირებით, როდესაც მაგალითად, მშობლებს აძლევდნენ ახალგორში ცხოვრებისთვის და ე.წ. საზღვარზე გადასვლისთვის აუცილებელ „საშვებს“, ხოლო მათ შვილებს, რომლებიც სკოლაში დადიოდნენ – არა და ემუქრებოდნენ „საქართველოში დეპორტაციით“.
შემდეგ მოხდა პირველი რეზონანსული მკვლელობა – 2014 წელს მოკლეს უდანაშაულო დავით ბაშარული და დანაშაულის გამოძიებაზე პირველი დემონსტრაციული უარიც ითქვა. შემდეგ, 2018 წელს იყო არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაც.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.