ადგილობრივი ექიმის თქმით, გალში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით მიმართვიანობამ საგრძნობლად იმატა. თუმცა, როგორც DFWatch-ს ექიმმა გ.ს.-მ უთხრა, ეპიდემიის საფრთხეს ჯერ ვერ ხედავს და მომართვიანობა დიდწილად პანიკას უკავშირდება.
„დილიდან საღამომდე საჭმლის ჭამას ვერ ვასწრებ, მაგრამ საგანგაშო ვითარება არ არის. უფრო ჩვეულებრივი გაციებაა, ვიდრე ვირუსი, უბრალოდ საზღვრის დაკეტვა ცალკე პანიკას იწვევს. აფთიაქებში წამლების დეფიციტი დაიწყება თუ საზღვარს არ გახსნიან“, – აცხადებს გ.ს.
მიმართვიანობის გაზრდაზე საუბრობს ერთ-ერთი პაციენტიც.
„ერთი კვირის წინ მყავდა ბავშვები მოყვანილი, ჩვენ გარდა არავინ იყო, დღეს კი ექიმთან რიგი დაგვხვდა, აფთიაქში წამლების მხოლოდ ნაწილია, მაგრამ რაც იყო მხოლოდ ის შევიძინეთ, საზღვარი ჩაკეტილია“, – აცხადებს გ.ა.
საზღვრის ჩაკეტვას არაერთგვაროვნად აფასებენ ადგილობრივები და თვლიან, რომ დე ფაქტო რეჟიმი ორი თვე ფიზიკურად ვერ გაძლებს ამ რეჟიმში.
„პროდუქტია თუ სხვა საჭირო ინვენტარი, ყველაფერი ზუგდიდიდან გადმოაქვთ, “საზღვარი” რომ დაკეტონ, ერთიანად ყველაფრის დეფიციტი დაიწყება. ახლა ცოტა ხანს ფულს იშოვიან. როგორც ამბობენ, თუ ფულს გადაიხდი, “საზღვარზეც” გაგატარებენ. ზოგმა ისიც თქვა, ენგურზე სიცხეს შუბლზე ხელის მიდებით უსინჯავენ ხალხსო. აფხაზებმა იციან, რომ ხიდის ჩაკეტვა ისევ მათ წინააღმდეგ იმოქმედებს, ამიტომ ამას დიდი ხნით ვერ გააკეთებენ, სავარაუდოდ, რაღაც კატეგორია ხალხზე დააწესებენ შეზღუდვებს“, – აღნიშნავს ფ.ძ.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.