„გალის საბავშვო ბაღებში სამხედრო კამუფლაჟში გამოწყობილ ბავშვებს ახატვინებენ ომის სურათებს, ტანკებს და საბრძოლო იარაღებს, ომობანას ათამაშებენ და ბავშვები სისხლის, დაჭრის ინსცენირებებს აკეთებენ… ბევრმა არ იცის, იქ (გალში) მართლა რა გმირობებს სჩადიან ადამიანები, განსაკუთრებით მასწავლებლები, ასევე მშობლები, ბავშვებიც, რომ ინარჩუნებენ იდენტობას ფიზიკური უსაფრთხოების რისკის ფასადაც კი,“ – აცხადებს DFWtch-თან საუბრისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.
გალის მოსახლეობა ჰყვება, რომ სექტემბერში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. გამარჯვების 25 წლის ღონისძიებაზე გალის სკოლების ქართველი მოსწავლეები აიძულა აფხაზური სამხედრო ფორმებით გამოსულიყვნენ შეძახილებით „აიარა“ (გამარჯვება) და ეთამაშათ აფხაზი ბიჭის როლი, რომელიც ქართველებს ხოცავს. ეს მაშინ, როდესაც ამავე სკოლების აფხაზ ბავშვებს არ მოსთხოვეს აფხაზური სამხედრო ფორმის ჩაცმა. რამდენად ცნობილია დისკრიმინაციის ეს ფაქტები თბილისში და აკეთებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ამ ადამიანების ყოფის შესამსუბუქებლად რამეს?
ქეთევან ციხელაშვილი: ეს ძალიან მტკივნეული თემაა. გალში მოსახლეობის მდგომარეობა და მათ მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული, ძალიან მძიმე პოლიტიკა, რომელიც, როგორც ჩანს, კიდევ უფრო აროგანტულ ფორმებს იღებს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეული თემაა. მე ვნახე თქვენი სტატიაც. ეს კონკრეტული ფაქტები ჟენევის ბოლო რაუნდზე სერიოზული განხილვის საგანი იყო ქართული დელეგაციის მხრიდან.
ადამიანის უფლებების მდგომარეობა და ჰუმანიტარული სიტუაცია აფხაზეთის რეგიონში, ისევე როგორც ცხინვალის რეგიონში, ბევრი თვალსაზრისით ძალიან მძიმეა ყველგან და გალში (და შემდეგ ახალგორშიც ხდება-ხოლმე მსგავსი პოლიტიკის განმეორება) კიდევ უფრო მძიმედ არის მდგომარეობა. ამაში არ ვგულისხმობ მხოლოდ განათლების საკითხებს სკოლაში ან ბაღებში – მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვას და ასეთი ტიპის დემონსტრაციულ ძალდატანებით ღონისძიებებს, რომელიც ფაქტობრივად საკუთარი იდენტობის უარყოფის კონტექსტში ძალით თავს მოხვეულ მოქმედებებს უკავშირდება, არამედ ეს არის საკუთრების, დასაქმების, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები და ძალიან ბევრი სხვა პრობლემა, რომელიც დისკრიმინაციულად სწორედ ეთნიკურად ქართველებს ექმნებათ გალსა და ახალგორში. თემა ძალიან სერიოზულია, როდესაც ეს დისკრიმინაცია ბავშვებს ეხებათ. რაც წელს ხდებოდა ამ 25 წლისთავის კონტექსტში და განსაკუთრებული აქცენტირებით გალში, ამის უკან კონკრეტული დე ფაქტო ჩინოვნიკები დგანან და საკუთარი სისასტიკით გალაღებული ერთი-ორი პირი, რომელსაც ეს ძალიან ეამაყება. ამის პოპულარიზაცია ხდება და ამას უწოდებენ ინტენსიური ფორმით ინტეგრაციას. ეტყობა ინტეგრაცია და დისკრიმინაცია ძალიან ეშლებათ. არ მინდა კიდევ უფრო მძიმე შეფასებები ვიხმარო. სამართლებრივად, ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით ამას ძალიან მძიმე კვალიფიკაცია აქვს. ეს სერიოზული პრობლემაა და ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ასეთი მოქმედებები გაჩერდეს.
კიდევ ვიტყვი ერთ პრობლემაზე, როდესაც გალის საბავშვო ბაღებში სამხედრო კამუფლაჟში გამოწყობილ ბავშვებს ახატვინებენ ომის სურათებს, ტანკებს და საბრძოლო იარაღებს, ომობანას ათამაშებენ და სისხლის, დაჭრის ინსცენირებებს აკეთებენ. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. მთელი ეს 25 წელიწადია ომის რიტორიკაში, ომის სიტუაციაში ხელოვნურად ტოვებენ ადამიანებს და მთელ თაობას მომავლის პერსპექტივას ართმევენ. მაგალითად, შარშან ოქტომბერსა და ნოემბერში ცხინვალში ლენინისა და სტალინის პოსტერების წინ პიონერის ყელსახვევ შებმულ ბავშვებს ამღერებდნენ საბჭოთა სიმღერებს. ისევე როგორც წელს გალში ბავშვებს ამღერეს „კატუშა“ და ეს ადგილობრივი მედიით გადმოიცემა როგორც პოზიციური რამ. რა თქმა უნდა არც საერთაშორისო საზოგადოება და არც ქართული სპექტრი, არავინ არ არის გულგრილი.
DFWatch: გალში ქართველები წუხან, რომ ამის გამო მათ დანარჩენ საქართველოში „მოღალატეებს“ ეძახიან, მაგრამ მათ თავის გადასარჩენად სხვა გზა არ აქვთ. ხელისუფლება არ აკეთებს იმისთვის, რომ ისინი მოღალატეებად არ აღიქვან?
ქ.ც: მათი ღალატში დადანაშაულება ყოვლად მიუღებელი და წარმოუდგენელია. მათ ძალიან მძიმე პირობებში უწევთ ყოფნა. ბევრმა არ იცის, იქ მართლა რა გმირობებს ჩადიან ადამიანები, განსაკუთრებით მასწავლებლები, ასევე მშობლები, ბავშვებიც, რომ ინარჩუნებენ იდენტობას ფიზიკური უსაფრთხოების რისკის ფასადაც კი. ახლა განსაკუთრებით მძიმე გახდა მდგომარეობა იმ მხრივ, რომ ბავშვებმა განათლება მიიღონ. როდესაც დღეს მათ ქართულად სწავლას უკრძალავენ, ეს მარტო იმას კი არ ნიშნავს, რომ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებას ართმევენ, არამედ რეალურად განათლების გარეშე ტოვებენ, იმიტომ რომ, არც მასწავლებლები და არც მოსწავლეები რუსულ ენას არ ფლობენ…
DFWatch: ხელისუფლება რას აკეთებს, რომ მათ ეს ყოფა შეუმსუბუქდეთ, აქვს რაიმე ბერკეტი?
ქ.ც: ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში გვაქვს, თუმცა გასაგები მიზეზების გამო ხშირად ვერ ვსაუბრობთ. „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ – მთავრობის ამ ახალ ინიციატივაში სამ ძირითად მიმართულებას შორის ერთი განათლების მიმართულებაა, სადაც პირველი პრიორიტეტი გალის ქართულენოვანი მოსახლეობაა, რომ განათლების შესაძლებლობები ხელმისაწვდომი იყოს. ასევე პრიორიტეტია ის, რომ ასეთი პროცესები შეკავდეს და დამერწმუნეთ, ამისთვის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს ვიყენებთ. მათ შორის მოლაპარაკებებს, საერთაშორისო ფორმატებს თუ იგივე ჟენევის დისკუსიებს. ამ რაუნდზე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ საკითხებსაც ეთმობოდა.
DFWatch: ამასობაში კი მდგომარეობა უფრო უარესდება, არა?
ქ.ც: ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, მაგრამ რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკა აბსოლუტურად არაჰუმანურია და როგორც ჩანს, მიმართულია ზუსტად იმაზე, რომ ბევრი პრობლემა შეექმნას ადამიანებს ადგილზე. ამიტომ ეს ვერ იქნება საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა. რუსული საოკუპაციო რეჟიმის პასუხი არის ზუსტად საწინააღმდეგო ქმედებები და მოსახლეობაზე წნეხი იზრდება. ვიდრე არ მიიღწევა კონკრეტული შედეგები და არ მოხდება იგივე სკოლებში მდგომარეობის გაუმჯობესება ან განათლების შესაძლებლობების გაუმჯობესება, ან ადამიანის უფლებათა მისიების დაშვება, რასაც წლების განმავლობაში ეწინააღმდეგება ეს რეჟიმი, რა თქმა უნდა, ეს საკითხები დღის წესრიგიდან არ მოიხსნება და კიდევ უფრო მეტი სიმწვავით იქნება ყველა შესაბამის ფორმატში და ყველა ფორუმზე განხილული…
ერთი რამ მინდა კიდევ ვთქვა. აფხაზეთიდან გარკვეულ პირებთან ამ საკითხზე არაერთხელ მისაუბრია და ვიცი, რომ აფხაზური საზოგადოების ნაწილისთვის ქართულ მოსახლეობაზე ეს წნეხი არ არის მისაღები და ბევრს უქმნის დისკომფორტს. დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ მეტი გააცნობიერებს, რომ ეს არის შეცდომა და აბსოლუტურად მიუღებელი საქციელი ყველა სტანდარტით. ჟენევაში არაერთხელ მითქვამს, რომ ქართველობის დათრგუნვით და კონკრეტული ადამიანების უფლებების შელახვით რეალურ დროში ვერც ქართული იდენტობის წინააღმდეგ გალაშქრება გამოვა, უბრალოდ ამ ადამიანებისთვისაა ძალიან დიდი ტვირთი, და ვერც აფხაზურ იდენტობას შეემატება რამე. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ძალისხმევა ასეთ ფორმებს კი არ იღებდეს, რაც არც ერთ ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების მსოფლიო სტანდარტებში არ ჯდება, არამედ შეიძლება ბევრი ძალისხმევა მიემართოს იგივე აფხაზური ენის გაძლიერებაზე იმ სკოლებში, სადაც აფხაზი ბავშვები არიან. აფხაზეთის რეგიონის სკოლებში აფხაზურ ენაზე სწავლება წყდება დაბალ კლასებში და უმჯობესია აქითკენ მიიმართოს ეს ძალისხმევა. ამ მიმართულებით ჩვენ სახელმწიფო პროგრამაც გვაქვს. ასევე მე მგონი, იმაზე უნდა იფიქრონ, როგორ გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომელსაც ახალი ინიციატივით ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ვთავაზობთ და რა ის, რომ ასეთ ყოვლად წარმოუდგენელ დისკრიმინაციულ პოლიტიკას ჰქონდეს ადგილი.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.