პირველი ნოემბრიდან, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა პენსიონერთა რეგისტრაციას იწყებს. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა აცნობეს, რეგისტრაციის გავლა მხოლოდ იმ კატეგორიას შეეძლება, ვისაც აფხაზური პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა (ე.წ. „ვიდ ნა ჟიტელსტვა“) აქვს აღებული.
მათივე ცნობით, პენსიონერების უმეტესობას წითელი პასპორტი ჰქონდა, შესაბამისად, ზემოთხსენებული ორი საბუთი არ გააჩნიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი აფხაზურ პენსიას ვერ აიღებენ.
„ე.წ. წითელი პასპორტები რამდენიმე თვეა გაუქმდა, შესაბამისად, ვისაც მხოლოდ ეს საბუთი გვქონდა, ახლა გადაადგილებასაც ვერ ვახერხებთ. აქ ვართ გამოკეტილი და ექიმი რომ დაგვჭირდეს, „საზღვარზე“ არავინ გაგვატარებს. ე.წ. ვიდ ნა ჟიტელსტვას აღებას იმდენი საბუთი უნდა, ჩვენი თაობის ხალხმა ძნელად თუ მოაგროვოს ყველა მათგანი. ახლა პენსიონერთა რეგისტრაცია იწყება და ვისაც წითელი პასპორტები გვქონდა, პესნიას მოგვიხსნიან,“ – უთხრა DFWatch-ს გალის რაიონის სოფელ თაგილონის მკვიდრმა, პენსიონერმა ნ.ტ.-მ.
ცნობისთვის, რეგისტრაცია პირველ ნოემბერს დაიწყება და დეკემბრის ბოლომდე გასტანს.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე, საწყისი პენსია თვეში 150 რუსული რუბლია, რაც დაახლოებით 6,5 ლარს შეადგენს. შრომის წიგნაკის არსებობის შემთხვევაში პენსია 500 რუსულ რუბლმდე იზრდება, რაც თვეში 22 ლარია.
შედარებით მაღალია პენსია აქვთ იმ პირებს, ვინც ჯერჯერობით ქართული მხარისგან არ იღებს ანაზღაურებას. საქმე იმაშია, რომ აფხაზური მხარე ქალებზე პენსიას 55 წლიდან, მამაკაცებზე კი 60 წლიდან გასცემს, რაც ქართულ საპენსიო ასაკს 5 წლით უსწრებს, შესაბამისად, აფხაზური მხარე ამ კატეგორიას 5 წლის განმავლობაში, დამატებით, წლიურად 12 000 რუსულ რუბლს, დაახლოებით 520 ლარს, უხდის. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, პენსია სტანდარტულად 150-დან 500 რუსულ რუბლამდე მერყეობს.
რაც შეეხება რუსული პასპორტის მქონეებს, ისინი გაცილებით პრივილეგირებულ ფენას მიეკუთვნებიან და მათი პენსია თვიურად 5000 რუსულ რუბლს (205 ლარი) შეადგენს, თუმცა მსგავსი საბუთი მქონენი გალის რაიონში სულ რამდენიმე ადამიანია.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.