2017 წელს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დაიბადა 513 ბავშვი, გარდაიცვალა – 507 ადამიანი. სტატისტიკური მონაცემებით ბოლო წლებში შობადობა განუხრელად მცირდება, ბოლო 5 წლის განმავლობაში დაბადებულთა რაოდენობა 20%-ითაა შემცირებული და ადგილობრივი მედიას წერს, რომ აუცილებელია დე ფაქტო ხელისუფლებამ პრობლემის მოსაგვარებლად საკანონდებლო ზომები მიიღოს.
რეგიონში პრობლემაა როგორც შობადობის შემცირება, ასევე ის, რომ ცხინვალის სტატისტიკით 26%-ით შემცირებულია ეთნიკური ოსების რაოდენობა იმ პერიოდთან შედარებით, სანამ „დამოუკიდებლობას“ გამოაცხადებდნენ. მაგალითად, 1989 წლის აღწერით სამხრეთ ოსეთში ცხოვრობდა 65 232 ეთნიკურად ოსი, 2015 წლის აღწერით კი მათი რაოდენობა 48 146–ია. გასაგები მიზეზებით კიდევ უფრო შემცირებულია ქართველების რიცხვიც – ბოლო მონაცემებით მათი ხვედრითი წილი 7%-მდე შემცირდა (2008 წლის ომამდე ქართველები რეგიონის მოსახლეობის 27%-ს შეადგენდნენ, 1989 წელს კი 29%-ს).
ცხინვალის რეგიონში შობადობა-გარდაცვალების სტატისტიკას ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში „რესპუბლიკაში“ შობადობის ტენდენცია ყოველ წელს ეცემა, თუმცა სიკვდილიანობას მაინც აჭარბებს.
შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013-2014 წლებშია, ბოლო 3 წლის განმავლობაში კი ყოველ წელს იკლებს.
სტატისტიკა ასეთია:
2013 წელს გარდაიცვალა – 557; დაიბადა – 641;
2014 წელს გარდაიცვალა – 485; დაიბადა – 638;
2015 წელს გარდაიცვალა – 522; დაიბადა – 560;
2016 წელს გარდაიცვალა – 509; დაიბადა – 531;
2017 წელს გარდაიცვალა – 507; დაიბადა – 513;
ბოლო 5 წლის განმავლობაში ცხინვალის რეგიონში შობადობა 20%-ითაა შემცირებული.
შობადობის მონაცემებში შეყვანილია ის ახალშობილებიც, რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთში დაიბადა, რადგანაც ცხინვალის რეგიონიდან სამშობიაროდ უდიდესი ნაწილი სწორედ ვლადიკავკაზში მიდის, რადგან ადგილზე სამედიცინო მომსახურების ხარისხი დაბალია.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ოსეთის ე.წ რესპუბლიკაში მოსახლეობის რაოდენობა და მათ შორის ეთნიკურად ოსების რიცხვი სტატისტიკური მონაცემებით შემცირებულია.
საბჭოთა დროს 1989 წლის აღწერით, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოსახლეობა იყო 98 527, მათ შორის ეთნიკური ოსი იყო 65 232 (66%); ქართველი 28 544 (29%).
ცხინვალის რეჟიმის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2008 წელს (აგვისტოს ომამდე) სამხრეთ ოსეთში მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით არის 82 500 ადამიანი. მათ შორის ცხინვალის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა დაახლოებით 68 000, ხოლო საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაახლოებით 14 000. ეთნიკურად ოსია – 58 000 (70%); ქართველია – 22 500 (27%).
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოქვეყნებულია 2012 წლის მონაცემები. ცხინვალის რეგიონში ცხოვრობს – 51 600 ადამიანი. ეთნიკურად ოსია – 46 000 (89%), ქართველი – 4 600 (9%).
2015 წელს დე ფაქტო ხელისუფლებამ ჩაატარა აღწერა. „რესპუბლიკის“ მოსახლეობაა 53532; მათ შორის ეთნიკურად ოსია – 48 146 (90%); ქართველია 3 966 (7%).
სტატისტიკის დე ფაქტო სამსახური წერს, რომ „რესპუბლიკის“ ტერიტორია ოსების დიდმა ნაწილმა ჯერ 1990-92 წლების კონფლიქტის დროს დატოვა და ძირითადად ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში გადასახლდა. ასევე ოსების ნაწილმა დატოვა რეგიონი 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც, თუმცა ბოლო წლებში 1 400-ზე მეტი ოსი დაბრუნდა და სტატისტიკა უმნიშვნელოდ ამიტომაც გაიზარდა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.