„ერთი პერიოდი თბილისის ცენტრში, ერთ-ერთ რესტორანში ვმუშაობდი. ორი წლის წინ სხვა 12 ეთნიკურ აზერბაიჯანელ თანამშრომელთან ერთად სამსახურიდან გამათავისუფლეს. მას შემდეგ უმუშევარი ვარ,“ – ამბობს ფონიჭალაში მცხოვრები ისმიხან საფაროვი.
სხვა ეთნიკურ აზერბაიჯანელთა მსგავსად, ისმიხან საფაროვის მთავარი პრობლემაც უმუშევრობაა. მას შემდეგ, რაც სამსახურიდან გაათავისუფლეს, ახალი სამსახურის შოვნა და ოჯახის რჩენა ძალიან გაუჭირდა: „ახლაც არ ვიცი, რატომ გაგვათავისუფლეს სამსახურიდან. მიზეზი არავინ აგვიხსნა. ქართულად თავისუფლად ვსაუბრობ. მიუხედავად ამისა, სამუშაო ვერ ვიშოვე. ჩემს ოჯახში ყველა უმუშევარია.“
საქართველოში მყოფი ეთნიკური აზერბაიჯანელების დიდი ნაწილი, ძირითადად, რეგიონებში, სოფლად ცხოვრობს. მსოფლიო ბანკის 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელების უმრავლესობა უმთავრესად სოფლის მეურნეობით არის დაკავებული და ძალიან დაბალ შემოსავალს იღებს. ამავე ანგარიშის თანახმად, ყველაზე მდიდარი ეთნიკური აზერბაიჯანელების ფინანსური შემოსავლები ყველაზე მდიდარი ქართველების შემოსავლებზე 34%-ით ნაკლებია.
ფონიჭალაში მცხოვრები ინთიზამ ბაბაევიც უმუშევრობაზე ჩივის. მისი თქმით, ეთნიკური აზერბაიჯანელი მამაკაცების უმრავლესობა სამუშაოს საშოვნელად იძულებულია რუსეთსა და თურქეთში წავიდეს.
ცხრამეტი წლის თაფთიგ ალაზოვი ამბობს, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი უმუშევრობის გამო სკოლის დამთავრებისთანავე მეზობელ ქვეყნებში მიდის. იმის გამო, რომ საქართველოში სამუშაო ვერ იშოვა, თვითონ ისიც პერიოდულად რუსეთში მიდის: „ძალიან მინდა, რომ საქართველოში დავრჩე, მაგრამ აქ სამსახურის შოვნა რთულია. ჩემი მეგობრებისა და ნათესავების უმრავლესობა რუსეთსა და თურქეთშია წასული. მეც უკვე 2 წელია მოსკოვში ვმუშაობ.“
ზამინ ქამალოვს უმაღლესი განათლება აქვს. აზერბაიჯანულის გარდა გამართულად საუბრობს ქართულ და რუსულ ენებზე. მიუხედავად ამისა, საქართველოში ნორმალურ სამსახურს ვერ შოულობს: “საუკეთესო შემთხვევაში აქ ისეთი სამუშაოს ნახვაა შესაძლებელი, სადაც ხელფასი 300 ლარია. ასეთი თანხით ოჯახს ვერ შევინახავ. ამიტომ, იძულებული ვარ სამუშაოს საძებნელად ისევ რუსეთში წავიდე.“
სამსახური არც 23 წლის ჰალაი ალიევს აქვს: “18 წლიდან სამსახურს ვეძებ, მაგრამ ვერაფერი ვიშოვე. იმედს მაინც არ ვკარგავ. არ მინდა საქართველოდან წასვლა, ამიტომ სამსახურის ძებნას ისევ აქ ვაგრძელებ.“
იმამზადე აჰმედოვი, რომელიც 20 წლის განმავლობაში თბილისის მერიაში მუშაობდა, ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ უმუშევრად დარჩა: „თბილისის მერიაში 20-წლიანი მუშაობის სტაჟი მაქვს. ჩემი მუშაობის პერიოდში არაერთი მერი მოვიდა და წავიდა. ახლანდელმა მერმა მოსვლისთანავე ბევრი თანამშრომელი გაათავისუფლა. მეც მათ შორის მოვხვდი. ახლაც უმუშევარი ვარ, ახალი სამსახურის შოვნა კი საქართველოში ძალიან რთულია.“
ეკონომისტი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების უმუშევრობის დონის დასადგენად სპეციალური სტატისტიკური კვლევა არ ტარდება:
„ვიცით, როგორია სხვადასხვა რეგიონში არსებული უმუშევრობის დონე. 2017 წლის ოფიციალური მონაცემებით, ეთნიკური აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ ქვემო ქართლში უმუშევრობის დონე 8,5 პროცენტია, საშუალო ანაზღაურება კი 854 ლარი. თბილისში, სადაც ბევრი ეთნიკური აზერბაიჯენელი ცხოვრობს, უმუშევრობა 22 პროცენტია, ხოლო საშუალო ანაზღაურება – 1289 ლარი. ძირითადად ეთნიკური ქართველებით დასახლებულ აჭარაში უმუშევრობის დონე 13, ქართლ-კახეთში კი 5.4 პროცენტია.”
არჩვაძის თქმით, რეგიონებში უმუშევრობის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გაუმართავი ინფრასტრუქტურაა.
ხაიალ აზიზოვი
სტატია მომზადებულია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის – „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ და/ან დონორთა პოზიციას.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.