სოხუმის რეჟიმი გალის ქართულ სკოლებზე კონტროლს ამკაცრებს, ამის შესახებ DFWatch-ს ადგილობრივმა მასწავლებლებმა უთხრეს. კერძოდ, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები ეჭვობენ, მიუხედავად იმის, რომ მე-7 კლასამდე მხოლოდ რუსულად სწავლების სწავლება სავალდებულო გახდა, გალის ქართული სკოლები ამ რეგულაციას არ ემორჩილებიან და სწავლების პროცესი კვლავ ძირითადად ქართულად მიმდინარეობს.
„რამდენიმე დღის წინ ღია კარის დღე გვქონდა. შემოწმებაზე 50-მდე სტუმარი მოვიდა. გაკვეთილებს დაესწრენ. კლასში, სადაც სულ 6 მოსწავლეა, 12 დამსწრე იმყოფებოდა. მსგავსი ღია კარის დღეები ყოველ წელს ტარდებოდა, თუმცა ამხელა დელეგაციით არასდროს მოსულან. გარდა ამისა, უკვე სისტემატიური სახე მიიღო სკოლებში მოულოდნელმა ვიზიტებმა. ნებისმიერ დროს შეიძლება გალის ადმინისტრაციიდან მოსულმა კონტროლიორმა შემოაღოს კარი“, – ამბობს გალის სკოლის მასწავლებელი.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ეს ქართულად სწავლების სრულ ამოძირკვას ემსახურება.
„მოგეხსენებათ, ქართულს სკოლებში, ასე თუ ისე, ქართული სწავლა მაინც გრძელდება, ვფიქრობ, მსგავსი მოულოდნელი ვიზიტები, მათ გამოჭერას ემსახურება“, – გვითხრა პედაგოგმა.
გარდა ამისა, გასულ კვირას გამოცდები ჩაუტარდათ რუსულის მასწავლებლებს, საგამოცდო მასალა კი რუსეთიდან იყო გამოგზავნილი.
„საგამოცდო მასალა კრასნოდარიდან იყო გამოგზავნილი. 30 საკითხი შედიოდა. 50-მდე მასწავლებელი აბარებდა, აქედან 8 ჩაიჭრა. მათი ვინაობა არ დაასახელეს, თუმცა მოუწოდეს, რომ საკუთარი ნებით დატოვონ დაკავებული ადგილები, ისინი კი მათ შემცვლელებს გამოგზავნიან. სავარაუდოდ, მაისში განმეორებითი გამოცდა ჩატარდება“, – აღნიშნა მასწავლებელმა.
ქართველი მასწავლებლები გადამზადების კურსს უკვე რამდენიმე წელია გალის კოლეჯებში გადიან, შესაბამისი კურსის დამთავრების შემდეგ კი გამოცდებს აბარებენ.
ამჟამად, გალის რაიონში 30 სკოლა ფუნქციონირებს, მათგან ათი ჯერ კიდევ ნახევრად ქართულია – კერძოდ, ამ სკოლებში მე-7 კლასის ჩათვლით ქართული სწავლება რუსულით ჩაანაცვლეს. უფროსი კლასები სკოლას ქართულად დაამთავრებენ, რის შედეგადაც გალში ყველა სკოლა მხოლოდ რუსულენოვანი იქნება.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.