ოკუპირებული ცხინვალისა და აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეჟიმების გავლით რუსეთის საბანკო მანიპულაციებზე სტატიას გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Washington Post აქვეყნებს. გამოცემის თქმით, რუსეთი სწორედ ამ ოკუპირებული რეგიონების მეშვეობით არიდებს თავს დასავლეთის მკაცრ სანქციებს.
ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ რუსეთმა ცხინვალის, დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტების დასაფინანსებლად შექმნა იმპროვიზებული საბანკო სისტემა (International Settlements Bank), რომლის მიხედვითაც აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი მაღალჩინოსნები და ბიზნესმენები დიდი რაოდენობის თანხებს ოკუპირებული ცხინვალის ბანკში რიცხავენ. სისტემა იმ სანქციების გვერდის ასავლელადაა შექმნილი, რომლებიც ევროკავშირმა და აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა დაუწესეს რუსეთს სეპარატისტულ ტერიტორიებთან ბიზნესის პირდაპირი წარმოებისთვის.
გაირკვა, რომ ჩარიცხული თანხები ცხინვალიდან რუსეთში ხვდება, იქიდან კი პროდუქტები, საწვავი, სამშენებლო მასალები პირდაპირ ლუგანსკისა და დონეცკის ტერიტორიებს მიეწოდება. თანხა მოძრაობს მოსკოვიდან ცხინვალის გავლით აღმოსავლეთ უკრაინისკენაც. უკრაინის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სწორედ ამ გზით აწვდის რუსეთი ამბოხებულებს იარაღსა და სამხედრო მასალას.
ამ სქემის მეშვეობით მხოლოდ 2018 წლის პირველ ნახევარში 150 მილიონი აშშ დოლარი გადაირიცხა. საფინანსო გადარიცხვების სქემა მოქმედებს 2015 წლიდან, როდესაც გაიხსნა თითქმის იმავე სახელწოდების ბანკი მოსკოვშიც.
სტატიის მიხედვით, პირამიდაში ოკუპირებული ცხინვალი ფორმალურ როლს ასრულებს. ამჟამად ცხინვალში 146 კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებსაც სურთ, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილთან ბიზნესი აწარმოონ.
ჟურნალისტურ გამოძიებაში ასევე საუბარია, რამდენად არის დამოკიდებული ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება რუსულ ფულზე და რა თანხას ხარჯავს რუსეთი სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერაზე. გამოცემის ინფორმაციით, ცხინვალის ბიუჯეტში 120 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავლიდან, 110 მლნ რუსული შემწეობაა.
The Washington Post-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში აღნიშნულია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთს მსოფლიო საქართველოს ტერიტორიად მიიჩნევს და რომ იქ არსებულ სეპარატისტულ მოძრაობებს კრემლი თავისი ჩრდილოვანი იმპერიის გასაძლიერებლად უჭერს მხარს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.