გალელები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არჩევნებამდე არაფორმალურად სიგარეტით ვაჭრობის უფლება მისცა. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, ამის შესახებ მათ უშუალოდ სამართალდამცავებისგან შეიტყვეს.
„აქ ყველა ერთმანეთს იცნობს, თითქმის ყველა სამართალდამცავმა იცის, ვინ ვაჭრობს სიგარეტით. ბოლო ერთი კვირაა მოვაჭრეებს უთხრეს, რომ არჩევნებამდე შეეძლოთ [გალიდან ზუგდიდში] გადატანა. ალბათ, ხმების მოპოვების მცდელობაა, სხვა ახსნა ამას არ აქვს“, – განუცხადა DFWatch-ს გალის მკვიდრმა.
შეგახსენებთ, რომ შემოსავლის წყაროს დაკარგვამ, გალის მოსახლეობა, ისევ არალეგალურ ბიზნესში დააბრუნა. საქმე ეხება სიგარეტით ვაჭრობას, რომელიც წლების წინ საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული, შემდეგ თითქმის მთლიანად მოისპო, დღეს კი ისევ აქტუალური გახდა.
„თავის დროზე ამ ბიზნესით აქ ბევრი იყო დაკავებული, თუმცა გახშირებულმა დაკავებებმა და საკმაოდ მაღალმა ჯარიმამ, ბევრი მათგანი შეაჩერა. დღეს კი ზოგი იძულებით, ზოგიც კი ნებით ისევ დაუბრუნდა ამ საქმეს. მიზეზი გაჭირვებაა. ადგილზე ყველანაირი შემოსავალი გაქრა, სიგარეტის ბიზნესი კი საკმაოდ დიდ მოგებას ტოვებს. მხოლოდ ერთი კოლოფი სიგარეტი სულ მცირე 1,5 ლარს ტოვებს მოგებას, ამიტომ ხალხს უღირს რისკზე წასვლა“, – ამბობს გალის რაიონის მკვირდი ბ.ლ.
მათივე თქმით, „საზღვარზე“ არალეგალური სიგარეტის ბიზნეს საკმაოდ მკაცრად აკონტროლებენ და „გაპარვა“ გამართლებაზეა.
„ხიდს რომ გაცდები, ყველას ამოწმებენ. თუ ერთხელ მაინც ხარ შემჩნეული, მეორე შანსი თითქის აღარ გაქვს. ყველა სხვადასხვა ხერხს იყენებს, რათა დაკავებას გადაურჩეს. თუ დაგაკავეს, ჯარიმას სიგარეტის რაოდენობა განსაზღვრავს. სასამართლო წყვეტს საბოლოოდ რა ბედი გელის, არის შემთვევები, როცა ითვალისწინებენ გაჭირვებული ოჯახების მდგომარეობას, ზოგჯერ კი საკმაოდ მაღალ ჯარიმას აკისრებენ“, – აღნიშნავს გ.ბ.
სიგარეტის კონტრაბანდაზე დაკავებულს პირველ ჯერზე ქონფისკაცია და ადმინისტაციული ჯარიმა, მოსამართლის გადაწყვეტილებით ათასიდან ორი ათას ლარამდე ეხება. განმეორების შემთხვევაში კი ყოველ ჯერზე კონფისკაცია + 10 ათასი ლარი ან 15 დღიანი პატიმრობა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.