ადამიანი, რომელიც ჟურნალისტებს წარუდგა, როგორც მეფე, მიმართავს საქართველოს მთავრობას, რომ უზრუნველყოს მისი თანამოქალაქეების უსაფრთხოება, მას შემდეგ, რაც თბილისში ნიგერიელ ახალგაზრდას სცემეს.
რიჩარდ არიზემ, რომელმაც “რუსთავი 2”-ს განუცხადა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ნიგერიის დასახლების, იგბო-უკვუს მეფეა, ტელევიზიის საშუალებით მიმართა მთავრობას, მას შემდეგ, რაც ნიგერიელი ხუთშაბათს საღამოს პეკინის ქუჩაზე გაძარცვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუმქრება, თუმცა ექიმის თქმით, მას თავის არეში ტრავმა აქვს, თავის ქალის ზოგიერთი ძვალი კი მოტეხილია.
არიზე ამბობს, რომ დაზარალებული ნიგერიის მოქალაქეა, სახელად ერიკი.
„მისი საფულე და ოქრო წაიღეს,“ ამბობს არიზე. მისი თქმით, ბოლო დროს ნიგერიელებზე თავდასხმები მოხშირდა, ამიტომაც სთხოვს მთავრობას, მეტი ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში DF Watch-ს განუხადეს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ნიგერიელებზე თავდასხმები გახშირება უარყვეს.
დაახლოებით სამი მილიონი ნიგერიელი ცხოვრობს დიდ ბრიტანეთში; დაახლოებით მილიონი კი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ნიგერიელი ახალგაზრდები საქართველოშიც ჩამოდიან სასწავლებლად, ზოგი ქართულ კლუბებში ფეხბურთის სათამაშოდ. უმეტესობა დედაქალაქში ცხოვრობს.
ორი დღის წინ ქუთაისში ნიგერიელი გოგონა გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. მეორე სტუდენტი, ვინც მასთან ერთად ცხოვრობდა, ადგილობრივ საავადმყოფოში იმყოფება. ისინი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლობდნენ. ამ შემთხვევას იმერეთის რეგიონალური პოლიცია იძიებს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.