საქართველოს სამხრეთში მდებარე ქალაქ მარნეულის მოსახლეობის 83 პროცენტი აზერბაიჯანელია. აზერბაიჯანელებითაა დასახლებული მიმდებარე სოფლებიც. სახელმწიფო ენის არცოდნა, სამუშაო ადგილების დეფიციტი, თითქმის არ არსებული ინფრასტრუქტურა ადვილად შესამჩნევი პრობლემების მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია. ამის გარდა, არსებობს პრობლემები, რომელიც ყოველდღიური საზრუნავით გართული ადგილობრივებისთვის ხშირად შეუმჩნეველი ან მეორეხარისხოვანია. ერთ-ერთი ასეთი საკითხია გენდერული თანასწორობა, რასაც მარნეულშიც კი მამაკაცები ირონიით ეკიდებიან და მიაჩნიათ, რომ ქალების მოვალეობა ოჯახისა და შვილების მოვლაა, ეს ტრადიციაა და შეცვლა საჭირო არა არის. აქ მცხოვრები ქალების პოზიციები კი სხვადასხვაგვარია.
თურაჯ იბრაგიმოვა 26 წლისაა და მერვე წელია, საკუთარი შემოსავალი აქვს. ის მარნეულის სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის კოორდინატორია და ხშირად უწევს გენდერთან დაკავშირებული პრეზენტაციების თუ შეხვედრების ორგანიზება. მისი თქმით, ქალებისთვის განკუთვნილ შეხვედრებზეც კი მამაკაცები ცოლებს სახლში ტოვებენ და მარტონი მოდიან.
თურაჯმა მუშაობის დაწყება ინგლისურის და კომპიუტერის კურსების გავლის შემდეგ მოახერხა. უფასო კურსები აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის მიერ იყო უზრუნველყოფილი, თუმცა, როგორც თურაჯი ამბობს, მასთან ერთად მხოლოდ რამდნეიმე გოგონა სწავლობდა.
მარნეულში რვა სკოლაა, აქედან სამი ქართული. ერთადერთი ქართული უმაღლესი სასწავლებელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარნეულის ფილიალი, აკრედიტაციის არქონის გამო დაიხურა. ახლა აქ მხოლოდ ორი უნივერსიტეტია, უკრაინული და ჰეიდარ ალიევის სახელობის.
„არც ერთ უნივერსიტეტში სწავლა ქართულად არ მიმდინარეობს. სკოლაშიც, მეხუთე კლასამდე თუ სწავლობენ ბავშვები, შემდეგ ურთულდებათ საგნების სწავლა და მშობლებს აზერბაიჯანულ სკოლაში გადაჰყავთ. ამიტომაცაა, უფროსმა თაობამ თითქმის არ იცის ქართული, მაგრამ ახალგაზრდებმა დაიწყეს სწავლა,“ ამბობს თურაჯი.
2010 წლიდან სახელმწიფოს ინიციატივით ამოქმედდა უმაღლესი განათლების ახალი მოდელი 4+1 სპეციალურად ეთნიკური უმცირესობებისთვის, რომლებიც უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ 1 წლის მანძლზე სწავლობენ მხოლოდ ქართულ ენას და შემდეგ იწყებენ ბაკალავრიატის 4-წლიან კურსს.
ქალთა საკითხებზე მომუშავე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის აქტიური წევრის, საბინა თალიბოვას აზრით, ამ პროექტმა არა მხოლოდ ენის არცოდნის, არამედ გენდერულ საკითხშიც დაიწყო ცვლილებების შეტანა
„ძალიან კარგია, რომ სტუდენტებს თბილისში უწევთ ჩასვლა. ასე უფრო მეტად აღიქვამენ თავს საქართველოს ნაწილად, ხდებიან უფრო დამოუკიდებლები, იძენენ ახალ მეგობრებს და ა.შ. ახალგაზრდები ძალიან მონდომებულები არიან, ისწავლონ,“ ამბობს ის.
ყიზილ-აჯლო ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია, რომელიც მარნეულთან ძალიან ახლოს მდებარეობს. მიუხედავად სიახლოვისა, თურაჯის თქმით, აქ არ ფიქრობენ, რომ გოგოს განათლება სჭირდება და ცდილობენ, რაც შეიძლება ადრიანად გაათხოვონ.
ყიზილ-აჯლოს ერთ-ერთი ქუჩა, რომელიც სოფლის სკოლამდე მიდის, გრძელია და მის ორივე მხარეს სახლებია ჩამწკრივებული. მამაკაცებს მხოლოდ მანქანაში ან ქუჩის დასაწყისში, პატარა ჩაიხანასთან ნახავთ. ჭიშკრები გამუდმებით იღება და იხურება. ქალები საქმიანობენ და გარეთ წყლისთვის გამოდიან, რაც მათ სახლებთან, პატარა არხში მთელს ქუჩას მოუყვება.
უცხო ადამიანების დანახვისთანავე ქალები ჭიშკარს ხურავენ, ქუჩაში გამოსულები ცდილობენ სახლში შევიდნენ და თუ მაინც, რომელიმესთან მიახლოვება მოვახერხეთ, ამტკიცებენ, რომ არც ქართული ესმით და არც რუსული.
ერთადერთმა გოგონამ, რომელმაც რუსული იცოდა, თუმცა სახელი და გვარი არ გაამხილა, გვითხრა, რომ აქაური ქალები, ენა რომც ესმოდეთ, მაინც არ დაგველაპარაკებიან.
„ალბათ მეც არ დაგელაპარაკებოდით, სულ რომ აქ მეცხოვრა. მაგრამ რუსეთში გავიზარდე, მერე გავთხოვდი და ჯერ მარნეულში ვცხოვრობდი, მერე კი აქ გადმოვედი… სამუშაო ადგილები არაა, შესაბამისად, მეც არ ვმუშაობ, არც ჩემი ქმარი,“ თქვა მან.
„ზოგ ოჯახში ისეთი პრობლემაა, ქმარი არ მუშაობს და ცოლსაც არ ამუშავებს, სირცხვილიაო, ამბობს. მხოლოდ პედაგოგობა არაა სამარცხვინო, ქალისთვის ნორმალურ საქმედ ითვლება,“ ეს 24 წლის საბინას სიტყვებია, რომელიც მერნეულის მახლობლად მდებარე სოფელ საბირკენტში ცხოვრობს და ერთი წელია იქვე სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგად მუშაობს.
მისი ქმარი ინჟინერია და ისიც დასაქმებულია. საბინას თქმით, პირადად ის თავს სოფელში კარგად გრძნობს და მიიჩნევს, რომ აქაური ქალების იმ მცირე ნაწილს მიეკუთვნება, ვისაც პრობლემები არ აქვს.
„სკოლაში, სადაც ვასწავლი, ოთხი გათხოვილი მერვე კლასელი გოგოა, ერთი ორსულადაა. ადრეულ ასაკში თხოვდებიან, ასე 13-15 წლისები, იმიტომ, რომ ასეა მიღებული და თვითონაც უნდათ,“ ამბობს საბინა.
„გათხოვების მერე კი რომელი დედამთილი გაგიშვებს სასწავლებლად?.. გოგოები, რომლებიც გათხოვილები არიან და მუშაობენ, ძალიან ცოტაა, ასევე გაუთხოვარი და დასაქმებული გოგონებიც,“ ამბობს თურაჯი.
საბინა თალიბოვას მტკიცებით, ქალებს შეუძლიათ გავლენა იქონიონ ქმრებზე და შეცვალონ მათი დამოკიდებულება. ყვება, როგორ გადალახა ქმრის წინააღმდეგობა, რაც მის მივლინებებს ახლდა თან.
„მე მქონდა ტაქტიკა, წამეყვანა ჩემი მეუღლე ყველგან თან. ვუხსნიდი ჩემს დამსაქმებლებს, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ სექტორში დარჩენა. მადლობა ღმერთს, იყვნენ გამგები ადამიანები, რომლებიც ხშირად მის ხარჯებსაც იხდიდნენ. მათთვის მნიშნელოვანი იყო, რომ ქალი ყოფილიყო ჩართული მათ საქმიანობაში და ხელს მიწყობდნენ, ახლა მე ვცდილობ გავაკეთო იგივე ჩემი თანამშრომელი ქალებისთვის.“
საბინას თქმით, ადრე ქალები დუმდნენ, თუნდაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ყოფილიყვნენ, ახლა კი, დაახლოებით ყოველი მეხუთე – მეექვსე ოჯახი ინგრევა, იმის გამო, რომ ქალებს აქვთ პროტესტი. საბინა ამბობს, რომ განქორწინება ძალიან ცუდია, თუმცა პროტესტი უკვე პროცესია და ეს კარგია.
„ქალებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლი ხდებიან, ხშირად ეშინიათ ოჯახის დანგრევის, იმის გამო, თუ რას იტყვიან მათზე გარშემომყოფები, არ არსებობს ორგანო, რომელიც ქალს, რომელიც მარტო დარჩა, დაეხმაროს. დრო სჭირდება სასამართლოს გზით ალიმენტის მიღებას. რომც მიიღონ, თუ კაცს არ აქვს, მას ურჩევნია ციხეში ჩაჯდეს ან შინაპატიმრობაში. ალიმენტი 50-100 ლარია. 100 ლარითაც კი შვილს ვერ გაზრდი,“ ამბობს საბინა და დასძენს, რომ განქორწინებული ქალების უმეტესობას მშობლები ეხმარებიან.
მისი აზრით, ცვლილებებში დიდი წვლილი თურქულ საპნის ოპერებს მიუძღვით, რადგან ქალებმა შესაძლოა იცოდნენ კიდეც თავიანთი უფლებები, მაგრამ ვერ გამოიყენონ ისინი, ხოლო როდესაც აზერბაიჯანელი ქალები ხედავენ, როგორ იცავენ თავს მეზობელ ქვეყანაში, ცხოვრებაში თავადაც იმეორებენ ამას. საბინას თქმით, ცვლილება შეეხო განათლებისადმი დამოკიდებულებასაც. სოფელში მცხოვრებ გოგონებს არ უნდათ გათხოვება, მათ უნდათ განათლების მიღება.
„სოფელ სადახლოში მომისმენია, როგორ დასცინიან გოგონებს ბიჭები „შარვლები ჩაუცვამთ, თბილისში მიდიან, ვითომ პროფესორები გახდებიან, ასეთებს ვინ წაიყვანს ცოლადო“, თუმცა ასეთი გოგონების რაოდენობა სულ უფრო მეტნი ხდება, ეს პროცესი ვირუსივით გახდა და ამ ბიჭებსაც ხომ მოუწევთ ოდესმე ცოლის მოყვანა და შეირთავენ მათ,“ ამტკიცებს საბინა, თუმცა მიაჩნია, რომ ძირითადი ცვლილებები მაინც სხვა მხრიდან უნდა დაიწყოს.
„სანამ ადგილობრივ თვითმმართველობაში არ იქნება ქალი, მანამდე ამ პრობლემის მოგვარება არ დაიძვრება. ასევე, პრობლემა არ მოგვარდება მანამ, სანამ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი გენდერული ასპექტით არ გაიყოფა,“ ამბობს საბინა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.