„სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ თელავის რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა, რომელიც ხუთშაბათს, 4 აგვისტოს (გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის დღეს) უნდა გამართულიყო, ჩაიშალა. მოძრაობის ერთი წარმომადგენელი კი რომელმაც მოქალაქეს სილა გაარტყა, პოლიციამ დააკავა.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციის მიზანია რუსეთთან დაახლოება და მასთან სამხედრო-სტრატეგიული ხელშეკრულების გაფორმებაა.
შემთხვევა თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში მოხდა. ყრილობის კონტრაქციაზე მისული ჟურნალისტი რომან ქევხიშვილი, მიუხედავად აკრძალვისა, სასწავლებლის შენობაში შევიდა სოტყვებით – „რუსეთი ოკუპანტია, პუტინი მკვლელია“. მას „ერთიანი კომპარტიის“ თავმჯდომარემ თემურ ფიფიამ მას სახეში სილა გააწნა, საპასუხოდ კი ქევხიშვილმა კვერცხი ესროლა.
როგორც DFWatch-ს შს სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-იდან 180 საათამდე, ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 15 თვემდე.
„მე მოვედი მაისურით, რომელზეც საბჭოთა სიმბოლიკა არის გადახაზული. ეს პუტინის მონები სწორედ ამ მაისურით გაღიზიანდნენ. მითხრეს, რომ შენობაში არ შევსულიყავი. სიტყვიერი დაპირისპირება იყო და მოულოდნელად ფიზიკურად შემეხნენ,“ – აღნიშნა ქევხიშვილმა.
ფიფიამ კი ინციდენტის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქევხიშვილმა შეაგინა და სილა სწორედ ამის გამო გაარტყა. ფიფია ინციდენტის შემდეგ თელავის პოლიციის შენობაში გადაიყვანეს.
აღნიშნულის შემდეგ „სოციალისტური საქართველოს“ ლიდერებმა ყრილობის ჩატარებაზე უარი თქვეს. ერეკლე მეორის ძეგლთან გადაინაცვლეს და გვირგვინით შეამკეს.
სახალხო მოძრაობა „სოციალისტური საქართველოს“ თავმჯდომარე და დამფუძნებელია პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერი ვალერი კვარაცხელიაა. ცნობისთვის, პარტიამ უკვე გაიარა რეგისტრაცია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
კვარაცხელიას განცხადებით, „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ მიზანია რუსეთთან დაახლოება, მასთან სამხედრო-სტრატეგიული ხელშეკრულების გაფორმება და სოციალისტური სისტემის მშენებლობა.
თელავში ყრილობის კონტრაქციაზე მისული მოქალაქეები კი აცხადებდნენ, რომ ისინი აპროტესტებენ პროსაოკუპაციო ძალების მცდელობას, რომ რუსეთის მხარდამჭერი პოზიციები საქართველოს პოლიტიკის დღის წესრიგად იქცეს.
შეგახსენებთ, რომ „სოციალისტური საქართველოს“ რაიონული ორგანიზაცია უკვე ორ ქალაქში – 22 ივნისს გორში, ხოლო 28 ივლისს ბათუმში ჩამოყალიბდა. ორგანიზაციის მიერ ბათუმში გამართულ ყრილობაზე საბჭოთა კავშირის დროშა, სტალინის სურათი და რუსულენოვანი ბანერები იყო წარმოდგენილი. ის პრორუსული განცხადებების ფონზე წარიმართა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.