პარასკევს რიო-დე-ჟანეიროში ზაფხულის 31-ე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი გამართება. ამავე დროს, რიოს ოლიმპიურ სოფელში საქართველოს სახელმწიფო დროშა სამშაბათს, 2 აგვისტოს უკვე აღიმართა. რაც შეეხება გახსნის ცერემონიალს, ქართული დელეგაციის მედროშე ძიუდოისტი, 81 კილომდე წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის ლიდერი და რიოს ოლიმპიადის ერთ-ერთი ფავორიტი ავთანდილ ჭრიკიშვილი იყო.
ცნობისთვის, წლევანდელ ოლიმპიადაზე საქართველოს 40 სპორტსმენი წარმოადგენს, რაც რეკორდული რაოდენობაა. ქართველები სპორტის 13 სახეობაში იასპარეზებენ. ამასთან, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ოლიმპიადაზე დედა-შვილი ერთად მიიღებს მონაწილეობას. საუბარია ნინო სალუქვაძესა და მის 18 წლის ვაჟზე, ცოტნე მაჭავარიანზე, რომლებიც ტყვიით სროლაში იასპარეზებენ. შეგახსენებთ, რომ ნინო სალუქვაძე სეულის ოლიმპიადის ჩემპიონია (1988 წ.), სადაც საბჭოთა კავშირის სახელით გამოდიოდა.
რაც შეეხება მოლოდინს, როგორც სპორტულ გაზეთ “ლელოს” რიოს თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა, ელგუჯა ბერიშვილმა უთხრა, წლევანდელ ოლიმპიადაზე საქართველოს 8-9 მედლის მოპოვების შანსი აქვს.
მისივე თქმით, მოსალოდნელ მედლებზე საუბრისას, პირველ რიგში ძიუდოისტები, მოჭიდავეები და ძალოსნები იგულისხმება, თუმცა არ გამორიცხავს, რომ პოდიუმზე სხვა სახეობების წარმომადგენლებიც ვიხილოთ.
USA Today-ის პროგნოზით, ქართველები წლევანდელ ოლიმპიადაზე სულ ხუთ – ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს – მედალს მოიპოვებენ. ვერცხლის მედალოსნებად ამერიკულ გაზეთს დასახელებული ჰყავს ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ბრინჯაოს მედლის სავარაუდო მფლობელებად კი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი და თავისუფალი სტილით მოჭიდავეები – ელიზბარ ოდიკაძე და გენო პეტრიაშვილი.
ცნობისთვის, 2004 წლის ათენის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ ოთხი – 2 ოქროსა და 2 ვერცხლის – მედალი მოიპოვა. აქედან ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ძიუდოში ზურაბ ზვიადაური და ძალოსნობაში გიორგი ასანიძე. ხოლო ვერცხლის მედალი ძიუდოში ნესტორ ხერგიანმა და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რამაზ ნოზაძემ მოიგეს.
ხარისხობრივად ყველაზე მეტი მედალი ანუ ყველაზე მეტი – 3 ოლიმპიური ჩემპიონი საქართველოს 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე ყავდა. როდესაც ქართველმა სპორსტმენებმა ჯამში 6 – სამი ოქროსა და სამი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს. ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ : მანუჩარ კვირკველია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო) და რევაზ მინდორაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა).
ხოლო რაოდენობრივად ყველაზე მეტი – 7 მედალი საქართველომ 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე აიღო. ყველა მათგანი ძიუდოსა და ჭიდაობაში. აქედან ერთი ოქრო (ლაშა შავდათუაშვილი – ძიუდო), სამი ვერცხლი ( ვლადიმერ ხინჩეგაშვილი – თავისუფალი ჭიდაობა; რევაზ ლაშხი – ბერძნულ-რომაული ჭიდაობა; დავით მოძმანაშვილი – თავისუფალი ჭიდაობა) და სამი ბრინჯაო (მანუჩარ ცხადაია – ბერძნულ-რომაული ჭიდაობა; გიორგი გოგშელიძე – თავისუფალი ჭიდაობა; დავით მარსაგიშვილი – თავისუფალი ჭიდაობა).
რაც შეეხება რიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, ქართველები სპორტის შემდეგ სახეოებებში იასპარეზებენ : ჭიდაობაში (11); ძიუდოში (8); მძლეოსნობაში (5); ძალოსნობაში (4); მშვილდოსნობაში (3); ტყვიის სროლაში (2); ცურვაში (2); მხატვრულ ტანვარჯიშში (1); ბატუტზე ხტომაში (1); ფარიკაობაში (1); კანოესა (1) და ჩოგბურთში (1).
უკვე ცნობილია, ოლიმპიადაზე მათი ასპარეზობის განრიგი.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.