წალკაში ორ ოჯახს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 23 წლის ახალგაზრდა დაიღუპა, 54 წლის კაცი კი დაიჭრა. შეტაკებაში მონაწილე ორი პირი – ანდრიკ თამარიანი და ჰაიკ მელტონიანი – უკვე დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაპირისპირება პირადი კონფლიქტის, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოიშვა.
როგორც DFWatch-ს შსს-ში უთხრეს, შემთხვევა 30 ივლისს, სოფელ ნარდევანში მოხდა. ერთმანეთს ორი ოჯახი დაუპირისპირდა – საკრებულოს წევრის, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის სამსონ თამარიანისა და წინა ხელისუფლების დროს, 2004-2008 წლებში პარლამენტის დეპუტატის, ჰაიკ მელტონიანის ოჯახები.
როგორც DFWatch-ს წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ანზორ ხინიკაძემ უთხრა, დაპირისპირების მონაწილეები ერთმანეთის ნათესავები არიან, თუმცა აქამდე მათ შორის რაიმე კონფლიქტის ან დაპირისპირების შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს.
მელტონიანის ოჯახის წევრების თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამსონ თამარიანი ჰაიკ მელტონიანის მცირეწლოვან შვილს ავტომობილით შეეჯახა და ბავშვი შემთხვევის ადგილზე დატოვა. ხოლო როცა ჰაიკ მელტონიანი და მისი ძმისშვილი შემთხვევის ადგილზე ბავშვის სახლში წასაყვანად მივიდნენ, სამსონ თამარიანის შვილმა მათი მისამართით ისროლა, რის შემდეგაც ჰაიკ მელტონიანის ძმისშვილი ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ თავდაცვის მიზნით თამარიანების მისამართით მელტონიანმაც ისროლა, რის შედეგადაც სამსონ თამარიანის ძმა დაიჭრა.
თამარიანების ადვოკატის, მუხრან ღურწკაიას განცხადებით, უმცროსი თამარიანი თავს იცავდა, როცა გასროლის შედეგად მელტონიანის ძმისშვილი მოკლა. ადვოკატი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს თამარიანი მელტონიანის მცირეწლოვან შვილს მანქანით დაეჯახა. მისი თქმით, თავად მცირეწლოვანი მელტონიანი ჩვენებაში ამბობს, რომ შემთხვევის დღეს თამარიანებთან არ ჰქონია კონფლიქტი და არც ის ახსოვს, თუ სად მიიღო დაზიანება.
გავრცელებული ინფორმაციით, სამსონ თამარიანმა და მისმა ოჯახის წევრებმა საკუთარი სახლი დატოვეს და სოფელში არ იმყოფებიან, თუმცა როგორც შსს-ში ამბობენ, ადგილობრივების უსაფრთხოებისა და მორიგი კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, ადგილზე ჯერ კიდევ სამართალდამცავები პატრულირებენ.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე პოლიცია დამატებით დეტალებზე არ საუბრობს, შესაბამისად უცნობია ოფიციალური ინფორმაცია – დაეჯახა თუ არა თამარიანი მელტონიანის შვილს მანქანით და ჰქონდა თუ არა ორივე მხარეს იარაღი კანონიერად გაფორმებული. თუმცა აღნიშნავენ, რომ ავტომობილით შეჯახების ფაქტზე გამოძიება არ მიმდინარეობს და სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ორი 108-ე და 19-108-ე მუხლითაა აღძრული, რაც განზრახ მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.