ისრაელის პოლიციაში დაკითხეს ბრიგადის ყოფილი გენერალი, რომელიც საქართველოს თავდაცვის ექსმინისტ დავით კეზერაშვილის მოქრთამვაშია ეჭვმიტანილი, ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Haaretz ავრცელებს.
საუბარია გენერალ გალ ჰირშზე, რომელიც ისრაელში საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა და ფლობს უსაფრთხოების სფეროში კონსულტაციის კერძო კომპანია Defensive Shield-ს („დამცავი ფარი“).
ჰირშსა და მისი საკონსულტაციო ფირმის კიდევ ოთხ თანაშმრომელს პოლიციის თაღლითობასთან მებრძოლ განყოფილებაში სამშაბათს რამდენიმე საათის მანძილზე ჰკითხავდნენ საქართველოსთან გაფორმებულ კონტრაქტზე. ამ კონტრაქტის დეტალები არ სახელდება. საუბარია თავდაცვის სფეროში დადებულ გარიგებებზე, რომელთა ღირებულება „ათეულობით მილიონი დოლარია“.
ამ საქმეზე გამოძიება მექრთამეობის, დამამძიმებელ გარემოებაში თაღლითობის, ფულის გათეთრებისა და გადასახადებიდან თავის აცილების კუთხით მიმდინარეობს.
გამოცემის ინფორმაციით, გარიგებას ჰყავდა შაუმავალი, რომელიც კეზერაშვილის პირადი მეგობარია და ჰირშის ნაცნობი. მისი ვინაობა არ სახელდება.
გალ ჰირში გასული წლის სექტემბერში ისრაელის პოლიციის უფროსად უნდა დაენიშნათ, მაგრამ კორუფციული სკანდალის გამო ეს დანიშვნა ჩაიშალა. ერთ-ერთი ბრალდება, რასაც მას უყენებდნენ, სწორედ საქართველოს წინა ხელისუფლებასთან კორუფციულ გარიგებებს უკავშირდებოდა. მაშინ ჰირშს პირადად პრემიერი ბენიამინ ნეტანიახუ გამოესარჩლა და თქვა, რომ გენერლის პატიოსნებაში ეჭვი არ ეპარება.
შეგახსენებთ, რომ დავით კეზერაშვილის სახელი „პანამას დოკუმენტებშიც“ ფიგურირებს. შვეიცარიული გამოცემაTribune de Geneve 11 აპრილს წერდა, რომ 2006 წელს, როდესაც მან თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დაიკავა, მხოლოდ ერთ ბინას ფლობდა, ხოლო 2008 წლის დეკემბერს, „რუსეთთან კატასტროფული ომის მერე“ გადადგა და „მალევე ოლიგარქი გახდა”.
გამოცემის ინფორმაციით, კეზერაშვილის გადადგომიდან 10 დღეში ნდობით აღჭურვილმა პირმა მისთვის 3 ოფშორული კომპანია დააფუძნა, სადაც ნავთობის გაყიდვიდან მიღებული მილიონები გადარიცხა.
კეზერაშვილი საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული. პროკურატურა მას უფლებამოსილების გადამეტებაში, კომპანიის ჩამორთმევასა და თანხების გაფლანგვაში ედავება.
დავით კეზერაშვილი ამჟამად დიდ ბრიტანეთში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ აპრილში ლონდონის სასამართლომ საქართველოს მის ექსტრადირებაზე უარი უთხრა. არგუმენტი კი ის იყო, რომ ბრალდებები მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულია.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.