ცესკოს ა/ო „სამართლიანი არჩევნები“ ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ცესკო-ს ხელმძღვანელი პირებისა და წევრების მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების ჯამური რაოდენობა ხელფასებს უტოლდება, რიგ შემთხვევებში 200%-საც კი აღემატება და ეს სისტემური პრობლემაა.
მაგალითად ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიამ ორი წლისა და ორი თვის განმავლობაში, 2013 წლის სექტემბრიდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით, ანაზღაურების სახით 329,520 ლარი მიიღო, საიდანაც თანამდებობრივი სარგო 165,123 ლარია, პრემია – 66,762 ხოლო სახელფასო დანამატი – 97,635 ლარი. ანუ, ამ პერიოდში ცესკოს თავმჯდომარის მიერ მიღებულმა პრემიამ და დანამატმა ჯამურად თანამდებობრივი სარგოს 99.6% შეადგინა.
ზურაბ ხარატიშვილს კი, რომელიც ცესკოს 2011 წლის იანვრიდან 2013 წლის სექტემბრამდე ხელმძღვანელობდა, ანაზღაურების სახით 320, 271 ლარი აქვს მიღებული. აქედან, თანამდებობრივი სარგო – 168,156 ლარი, პრემია – 82,322, ხოლო სახელფასო დანამატი – 69,793 ლარია. მის მიერ მიღებულმა პრემიამ და დანამატმა, ჯამში, თანამდებობრივი სარგოს 90.5% შეადგინა.
სიტუაცია მსგავსია ცესკო-ს სხვა თანამდებობის პირებისა და წევრების შემთხვევაში.
ა/ო „სამართლიანმა არჩევნებმა“ სამშაბათს ანგარიში პრეზენტაცია გამართა, სადაც ცესკო-დან გამოთხოვილი დოკუმენტაციის საფუძველზე 2011-2015 წლებში პრემიებისა და დანამატების შესახებ დოკუმენტები გაასაჯაროვა და წლების განმავლობაში პრემიებისა და დანამატების განუსაზღვრელი ოდენობით და პერიოდულობით გაცემის სისტემატურ პრობლემაზე ისაუბრეს.
სამოქალაქო სექტორი ითხოვს, შეიქმნას მექანიზმი და განისაზღვროს კონკრეტული პროცენტი, რამდენითაც შესაძლებელი იქნება ხელფასის მატება.
ანარიშის თანახმად, ცესკოში დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდა ყველაზე მეტად არჩევნების პერიოდს უკავშირდება. საარჩევნო პერიოდში ცესკოს თავმჯდომარის ანაზღაურება თვეში ხშირად 20 000 ლარს აჭარბებს.
მაგალითად, 2013 წლის ოქტომბერში თამარ ჟვანიას თანამდებობრივი სარგოს სახით აღებული აქვს 10 080 ლარი, დანამატი – 10 080 ლარი, ჯამში 20 160 ლარია; ნოემბერში თანამდებობრივმა სარგომ 7 056 ლარი, დანამატმა კი 15 120 ლარი შეადგინა. ჯამში – 22 176 ლარი.
რაც შეეხება ცესკო-ს ყოფილ თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს, 2012 წლის საარჩევნო პერიოდში, სექტემბერში თანამდებობრივი სარგო 9 600 ლარი, პრემია 1200 ლარი, ხოლო დანამატი 9 600 ლარი აქვს აღებული. ჯამში 20 400 ლარი; ოქტომბერში თანამდებობრივმა სარგომ 9 600 ლარი, დანამატმა კი 13 200 ლარი შეადგინა. ჯამში 22 800 ლარი.
ასევე საუბარია იმაზე, რომ ცესკოს 10-მა არახელმძღვანელმა წევრმა ანაზღაურების სახით 4, 7 მილიონი ლარი მიიღო 2011 წლის იანვრიდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით. აღნიშნულ პირებში არ შედის ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე და ცესკოს მდივანი.
ამ 4,7 მილიონიდან თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2,4 მილიონი ლარს, პრემია არის 1 მილიონზე ცოტა მეტი, ხოლო სახელფასო დანამატია 1, 2 მილიონი ლარი.
ორგანიზაციის გააანმარტებით, ცესკოს წევრების მიერ მიღებულმა პრემიებმა და დანამატებმა ჯამურად თანამდებობრივი სარგოს 96,3% შეადგინა.
„სამართლიანი არჩევნების“ მიერ შესწავლილი დოკუმენტაციის საფუძველზე კარგად ჩანს, რომ წლების განმავლობაში პრემიების და დანამატების განუსაზღვრელი ოდენობებით და პერიოდულობით გაცემა სისტემატიური ხასიათის პრობლემაა. პრემიებისა და სახელფასო დანამატების ოდენობები ყოველთვიურად იცვლება. გაურკვეველია, თუ რა კრიტერიუმების მიხედვით ხდება მათი ოდენობისა და პერიოდულობის განსაზღვრა, რაც ხელს უშლის საჯარო დაწესებულებაში ფინანსების განკარგვის გამჭვირვალობას. დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ცესკოს წევრებზე, საშტატო და შტატგარეშე თანამშრომლებზე პრემიებისა და დანამატების გაცემა არ წარმოადგენს გამონაკლის შემთხვევებს. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, უმეტეს შემთხვევებში, ადგილი აქვს თითქმის თანამდებობრივი სარგოს ტოლი ან მეტი ოდენობის დანამატების გაცემას. მაშინ, როდესაც ამ პერიოდში ცესკოს წევრები ისედაც გაორმაგებულ ხელფასს იღებენ.
არასაარჩევნო პერიოდში კი ცესკოს ხელმძღვანელი პირებისა და წევრების მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების საერთო ოდენობა, უმეტესწილად, თანამდებობრივი სარგოს 50%-ზე მეტს შეადგენს და რიგ შემთხვევებში, 200%-საც კი აღემატება. ასეთი პრემიების და დანამატების რაოდენობა გაუმართლებლად მაღალია და მათი გაცემის საჭიროება არ არსებობს, ვკითხულობთ დასკვნაში.
ანგარიშში რეკომენდაციებიცაა წარმოდგენილი. ორგანიცაზია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია უფრო მკაფიოდ განისაზღვროს საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებისა და თანამშრომლების მიერ პრემიებისა და დანამატების მიღების პერიოდულობა, საფუძველი და ოდენობა, ასევე პრემიისა და დანამატის მინიმალური და მაქსიმალური პროცენტული ზღვარი თანამდებობრივ სარგოსთან მიმართებით. ასევე, ორგანიზაციის შეფასებით, აუცილებელია შემცირდეს არასაარჩევნო პერიოდში გაცემული პრემიებისა და დანამატების ოდენობა, ხოლო საარჩევნო პერიოდში გაორმაგებული სარგოს ფონზე არ მოხდეს დანამატის გაცემა.
„წახალისებას პრემიების სახით არ უნდა ეძლეოდეს სისტემატური ხასიათი, არამედ დაფუძნებული უნდა იყოს თანამშრომლის განსაკუთრებულ დამსახურებასა და კონკრეტულ საფუძველზე,“ – მიიჩნევენ „სამართლიან არჩევნებში“.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.