მსოფლიოში აღიარებული ოპერის მომღერალი, „საქართველოს განვითარების ფონდის“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მიდის. ამასთან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პოლიტიკურ მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისათვის“ იწყებს.
„არ გვინდა, რომ ქვეყანას ჰყავდეს არაფორმალური ბატონი და მისი გემოვნებით ვცხოვრობდეთ, მისივე გემოვნებით შექმნილ სამყაროში.
„ჩვენ მოვდივართ პოლიტიკაში! ჩვენთან ერთად მსოფლიოს წარმატებული ადამიანები ქმნიან ჯგუფებს ჩვენს დასახმარებლად და თქვენ მათ იხილავთ! ჩვენ ემიგრაციაში წასული ქართველები გვიკავშირდებიან და დახმარებას აღგვითქვამენ და თქვენ იხილავთ მათ! და, ჩვენ ველით ყველას, ვინც პირველ რიგში არის პატიოსანი და კვალიფიციური, რომ შემოუერთდეს ჩვენს გუნდს.
„ამოცანა შემდეგია: ჩვენ უნდა შევცვალოთ ხალხი პოლიტიკაში, ჩვენ უნდა შევცვალოთ თავად პოლიტიკა და გვექნება შანსი შევცვალოთ ქვეყანა. ეპოქა დასრულდა! ჩვენ, უბრალოდ, უნდა გავაცნობიეროთ ეს! აღარ არის პოლიტიკაში არც უმეცრების, არც უსინდისოების ადგილი, ისინი მაინც იქნებიან, მაგრამ შევეცადოთ, რომ ისინი იყვნენ უმცირესობაში. რას გპირდებით? ბრძოლას! ჩვენ ვიწყებთ პოლიტიკურ მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისათვის“, -ნათქვამია ბურჭულაძის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბურჭულაძის „საქართველოს განვითრების ფონდი“ ნაციონალური მოძრაობის სატელიტად მოიხსენია. არგუმენტად კი ოზურგეთში დაგეგმილი შუალედური არჩევნები მოიყვანა. სადაც მისი თქმით, კანდიდატი ნაციონალური მოძრაობის და ბურჭულაძის პარტიის ფონდის მიერ ერთობლივად შეირჩა და საარჩევნო კამპანიათ ერთად აწარმოეს.
შეგახსენებთ, იმასაც რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევების თანახმად, პაატა ბურჭულაძე პოლიტიკოსთა რეიტინგში ლიდერობს და გამოკითხულთა 75%-იანი მხარდაჭერა აქვს. მეორე ადგილი 64 %-ით ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს უკავია, ხოლო შემდეგ 60%-60 %-ით „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერ ირაკლი ალასანია და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არიან. აღნიშნულ რეიტინგში მეხუთე ადგილზეა 56 %-ით პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, შემდეგზე – 54 %-ით კი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით ბაქრაძე.
პაატა ბურჭულაძემ, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ფონდი“ 2015 წლის ნოემბერში დააარსა და მაშინვე დაანონსა, რომ თუ ქვეყანას დასჭირდება და პატრიარქის ილია მეორის კურთხევა ექნება, პოლიტიკაშიც მოვიდოდა.
ბურჭულაძის სახელთან არის დაკავშირებული კიდევ ერთი ფონდის „იავნანა“ დაარსება, რომელიც 2004 წელს მოწოდებით – „ერთად გადავარჩინოთ მომავალი“ – დაარსა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.