რა ხდება, თუკი თანამდებობის პირები ქონებრივ დეკლარაციას არასრულად და არასწორად ავსებენ. დღეს მოქმედი კანონის თანახმად ეს ქმედება დასჯადია სს კოდექსის 355-ე მუხლის მიხედვით, თუმცა არ არსებობს დეკლარაციების მონიტორინგის მექანიზმი, შესაბამისად არასწორად შევსების გამო არც არავინ ჯარიმდება და არც სს პასუხისმგებლობა ეკისრება ვინმეს.
მონიტორინგის მექანიზმი მხოლოდ 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება და საჯარო სამსახურის ბიურო დაიწყებს დეკლარაციების შინაარსობრივ გადამოწმებას, უზუსტობის შემთხვევაში კი პირს 1000 ლარით დააჯარიმებს. ხოლო თუკი სს ნიშნები აღმოჩნდება, მაშინ საქმე პროკურატურას გადაეგზავნება.
2017 წლამდე არასრულად შევსებულ დეკლარაციებზე კი სანქციები გათვალისწინებული არ არის.
არადა, როგორც ა/ო „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოში“ აცხადებენ, წინა თუ ახლანდელი მთავრობის დროს პარლამენტშიც, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებაშიც არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც საჯარო მოხელეებს დეკლარაციებში სათანადო მონაცემები შეტანილი არა აქვთ, ეს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას გაუვრცელებია, მაგრამ არც ერთ ასეთ შემთხვევას სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.
თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციების არასრულყოფილად შევსებაზე ინტერესი მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ბოლო დღეებში საზოგადოების ყურადღება მიიპყრო „საგამოძიებო ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის“ კვლევამ, 72 სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებისა და მაღალი თანამდებობის პირების ოფშორული აქტივების შესახებ (Panama Papers). ჟურნალისტურ გამოძიებაში ფიგურირებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და საქართველოს უმდიდრესი მოქალაქის ბიძინა ივანიშვილის სახელიც. კერძოდ ის, რომ ივანიშვილი არაპირდაპირ (მის საკუთრებაში მყოფი სხვა კომპანიის მეშვეობით) ფლობდა კომპანია Lynden Management-ს, რომელიც 2012 წელსა და 2013 წლებში, პრემიერ-მინისტრად ყოფნის პერიოდში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში არ ჰქონდა მითითებული.
დღევანდელი კანონმდებლობით, სს კოდექსის 355-ე მუხლის მიხედვით ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, ან დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 200- საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3-წლამდე. თუმცა რადგანაც დეკლარაციები შემოწმების მექანიზმი არ არსებობს, სს სამართლის ეს ნორმა პრაქტიკაში არ გამოიყენება.
იურისტები აცხადებენ, რომ თუკი Lynden Management-ის მფლობელი ივანიშვილია, თუნდაც არაპირდაპირი, მას ამ კომპანიაზე ინფორმაცია დეკლარაციებში უნდა აღენიშნა. რადგან ეს არ გააკეთა, ეს ნიშნავს, რომ კანონი დაარღვია. თუმცა როგორც აღმოჩნდა, კანონის დარღვევის გამო მას არანაირი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.
ა/ო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის, სულხან სალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ დეკლარაციაში ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიის გამოტოვება დანაშაულია, თუმცა სს კოდექსის კონკრეტული მუხლზე, რომელიც დეკლარაციებს ეხება, ხანდაზმულობის 2-წლიანი ვადა ვრცელდება. შესაბამისად, ამ მუხლის მიხედვით გამოძების დაწყება უნდა მომხდარიყო 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ვინაიდან ახლა 2016 წლის აპრილია, ბუნებრივია ეს დანაშაული ხანდაზმულია და კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგება.
„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ პროგრამების ხელმძღვანელის, ერეკლე ურუშაძის თქმით, მისი ორგანიზაციის 2014 წლის ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ ივანიშვილების ოჯახი საქართველოში რიგ კომპანიებს ფლობდა ოფშორული ობიექტების საშუალებით, რომლებიც ექსპრემიერს ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ ჰქონდა და ამას რაიმე რეაგირება მაშინაც არ მოჰყოლია. ჩამოთვლილი იყო კომპანიების დასახელებაც.
გარდა ამისა, ორგანიზაციის მიერ 2014 წელს ჩატარდა კვლევა, სადაც ამ მოწვევის პარლამენტის 9 წევრის არადეკლარირებული ინტერესების შესახებაა აღნიშნული. მათ შორის იყო ორი “ნაციონალი” (მათგან ერთი მაჟორიტარი, რომელიც პარტიის დღის წესრიგს აქტიურად არ ატარებდა) და “ქართული ოცნების” 7 წევრი.
ამ საკითხზე ხმაური მხოლოდ ერთხელ, 2014 წელს ატყდა, როდესაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანსა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს დავით ბაქრაძეს საბანკო ანგარიშსზე ჰქონდა 276 849 გირვანქა სტერლინგი, რომელიც პოლიტიკოსმა ქონებრივ დეკლარაციაში არ შეიტანა. მაშინ გამოძიება პროკურატურამ სს კოდექსის ორი მუხლის – დეკლარაციაში განზრახ არასწორი მონაცემის შეტანისა და უკანონო ან/და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის საფუძვლით დაიწყო, თუმცა საქმეს საბოლოოდ მსვლელობა არ მიეცა.
ერეკლე ურუშაძის თქმით, ეს აშკარად ორმაგი სტანდარტი იყო, რადგან რეაგირება მხოლოდ ბაქრაძის შემთხვევაში ჰქონდა, თუმცა ეს თემა შემდეგ არც გაგრძელდა.
როგორც ურუშაძე აღნიშნავს, დღევანდელი კანონმდებლობით პრაქტიკულად შესაძლებელია, დეკლარაციაში მონაცემები არასრულად შეიტანო და ამის გამო არავინ დაჯარიმდეს, რადგან რეაგირების ეფექტური მექანიზმი არ არსებობს.
დღევანდელი მდგომარეობით დეკლარაციების გადამოწმების საფუძველი არ არსებობს. დღეს საჯარო სამსახურის ბიურო უბრალოდ იბარებს დეკლარაციებს და პასუხისმგებელია, რომ ის ინტერნეტში განათავსოს, ხოლო შინაარსის გადამოწმების უფლებამოსილება მას არ აქვს. შესაბამისად, გაუგებარია ასეთ შემთხვევაში ვინ და როგორ უნდა მოახდინოს რეაგირება.
„დღეს მოქმედი კანონით, ერთადერთი მექანიზმი არის სს საქმის აღძვრა 355-ე მუხლით და აქ მტკიცებულებების იმდენად მაღალი სტანდარტია, რომ აქ უკვე უნდა დაამტკიცო, რომ კორუფციული დანაშაულის დაფარვის მიზნით მოხდა ინფორმაციის დამალვა. სხვა შემთხვევაში ვერავის დააჯარიმებ და ვერ დასჯი. ამიტომ, როგორც წესი, ეს მექანიზმი არ გამოიყენება. სამწუხაროდ ეს ხარვეზი მხოლოდ 2017 წლის 1-ელ იანვარს ნაწილობრივ გასწორდება. შარშან მიიღეს შესწორება და საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს დეკლარაციების შინაარსობრივ გადამოწმებას, უზუსტობის შემთხვევაში კი პირს 1000 ლარით დააჯარიმებს, ხოლო თუკი სს ნიშნები აღმოჩნდება, მაშინ უკვე საქმე პროკურატურას გადაეგზავნება,“ – აცხადებს ურუშაძე.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.