28 დეკემბერს ფონიჭალაში რელიგიურ ნიადაგზე 22 წლის ფიქრათ ახმედოვის განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი რამინ ისაიევი მიმალვიდან 4 თვის შემდეგ, ხუთშაბათს საზღვარზე დააკავეს.
„შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ისანი-სამგორის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ისანი-სამგორის სამმართველოს მიერ 2015 წლიდან განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი, 1986 წელს დაბადებული რამინ ი. დარიალის ხეობაში დააკავეს,“- ამ ინფორმაციას შს სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
შსს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2015 წლის 28 დეკემბერს ფონიჭალაში, რელიგიურ თემაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრა თანასოფლელი, 1993 წელს დაბადებული ფიკრატ ა. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი 2015 წლის 30 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამინისტროში აღნიშულ თემაზე დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.
ცნობისათვის, სოფელ ფონიჭალაში 28 დეკემბერს 22 წლის ფიქრათ ახმედოვი დიდი ხნის მეგობარმა რამინ ისაევმა დანით სასიკვდილოდ დაჭრა და მიიმალა. ოფიციალური ცნობით, მან იმავე დღეს გადაკვეთა ე.წ. წითელი ხიდი და აზერბაიჯანში მიიმალა. კონფლიქტის თანამონაწილე აკიფ თანარვერდიევი კი იანვრის ბოლოს დააკავეს.
ადგილობრივი შიიტების თქმით, მკვლელობა რელიგიურ ნიადაგზე მოხდა. 30 წლის ისაევმა მეგობარი სასიკვდილოდ მხოლოდ იმის გამო გაიმეტა, რომ ფიქრათ ახმედოვმა ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტს განუცხადა, სოფლის ერთ-ერთი სახლის სარდაფში ვაჰაბიტები იკრიბებიანო. ამ თემაზე DFWatch-ი თებევრლაში წერდა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.