აფხაზეთის სკოლებში გუშინ ბოლო ზარი დაირეკა. როგორც DFWatch-ს გალის საგანმანათლებლო რესურცენტრში განუცხადეს, სკოლას 400-მდე მე-11 კლასელი დაემშვიდობა.

„ოკუპირებული გალის რაიონის ნამდვილი საზღვრების 30 სკოლაში კურსდამამთავრებელთათვის დღეს ბოლო ზარი დაირეკა. 400-მდე ახალგაზრდა დაემშვიდობება მშობლიურ სკოლას, საყვარელ მასწავლებლებს და ცხოვრების ახალ გზებს შეუდგება. ბევრი უმაღლესი განათლების მისაღებად ემზადება, ბევრს პროფესიის დაუფლება სურს, ნაწილი ჯერჯერობით სახლში დარჩება და მშობლების გვერდით გააგრძელებს შრომას. ღრმად ვართ დარწმუნებული, თითოეული მათგანი იქნება ღირსეული მოქალაქე, სათანადოდ დააფასებს პედაგოგების, ტექნიკური პერსონალის, მშობლების და იმ ადამიანების ამაგს, ვინც მუდმივად ცდილობდა და ცდილობს, დახმარება გაუწიოს მათ უკეთესი მომავლისათვის, შერიგებისა და მშვიდობისათვის, ქვეყნის კეთილდღეობისათვის ნაბიჯის გადადგმაში!“ – აცხადებს გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია.

მისივე ინფორმაციით, 2019 წლის კურსდამთავრებულებიდან, აბიტურინტი 168 მოსწავლე გახდა.

„რესურსცენტრის მონაცემებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას 308 აბიტურიენტი მიიღებს. აქედან 168 მოსწავლე 2019 წლის კურსდამთავრებულია, დანარჩენი 140 კი წინა წლების, რომლებიც ამ ეტაპზე, პროგრამის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში, თსუ-სა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტებში, მოსამზადებელში სწავლობენ“, – განუცხადა DFWatch-ს რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება წლევანდელ კურსდამთავრებულებს, მათ ეროვნულ გამოცდებამდე ჯერ ადგილობრივი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.

„დღეს ბოლო ზარი დაირეკა. ხვალიდან კი უკვე ისევ მეცადინეობის პროცესს დაუბრუნდებიან, რათა ჯერ სკოლის, შემდეგ კი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოემზადონ. სკოლაში 5 გამოცდის ჩაბარება უწევთ შემდეგ საგნებში: რუსული, ქართული, მათემატიკა, აფხაზური და აფხაზეთის ისტორია. ამ გამოცდების მიხედვით მიიღებენ აქაურ ატესტატს, შემდეგ კი ეროვნულ გამოცდებზე გავლენ“, – განუცხადა DFWatch-ს გალის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა.

ცნობისთვის: ოკუპირებულ გალის რაიონში სკოლებში ქართული სწავლება რუსულით 2015 წლიდან ეტაპობრივად ჩანაცვლდა. 1990–დან 2018 წლამდე ოკუპირებულ რაიონში ქართული სკოლების რაოდენობა 58–დან 30-მდე შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ სულ აფხაზეთში 155 სკოლა წელს 1 889 მოზარდმა დაამთავრა.