25 აგვისტოსთვის დანიშნულ დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებს გალელები არაერთგვაროვნად ეხმაურებიან. ნაწილი ფიქრობს, რომ მათთვის არაფერი შეიცვლება, ნაწილი კი ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, მათი პირობების გაუმჯობესებას ვარაუდობს.
„ჩვენთვის რა მნიშნელობა აქვს, როდის ჩატარდება არჩევნები. ხმის მიცემის უფლება ჩვენ არ გვაქვს და არავინ არაფერს გვეკითხება. არც იმას აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება პრეზიდენტი. ერთადერთი საკითხი, რაც გვაღელვებს, არეულობაა, რომელიც აქციებს შეიძლება მოჰყვეს, მეტი არაფერი,“ – აღნიშნავს DFWatch-თან საუბარში გალის მკვირდი.
იმედიანად განწყობილი ნაწილი კი ფიქრობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლის გაპრეზიდენტება, შესაძლოა, მათ უფლებებზეც დადებითად აისახოს.
„ეს პარტია იყო სათავეში, როცა გალელებს აფხაზური პასპორტები დაგვირიგეს და ზუსტად იმ უფლებებით ვსარგებლობდით, რითაც აფხაზები. თუ ოპოზიციის განდიდატი გავა, შესაძლოა, ისევ დაიწყოს იგივე პასპორტების გაცემა, რაც მეტ უფლებას მოგვცემს ადგილზე. არჩევნები დღეს იქნება თუ ხვალ, ალბათ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა თუ რამე უკეთესობისკენ შეიცვლება, ალბათ სჯობდა ეს მალე მომხდარიყო“, – განუცხადა DFWatch-ს გალის მკვიდრმა.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ იმ დაძაბულობის ფონზე, რაც სოხუმში აქციებს მოჰყვა, შესაძლოა დე ფაქტო რეჟიმმა „საზღვარი“ ჩაკეტოს.
„არაფერია გამორიცხული. უკვე ჭორად დადის, რომ შეიძლება ჩაკეტონ ენგური. დღევანდელ დღეზე ამბობდნენ, თუმცა ჯერ გადაადგილება შეუფერხებლად ხდება“.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების შედეგად, ე.წ. არჩევნები 21 ივლისის ნაცვლად, 25 აგვისტოსთვის გადადო. მანამდე კი არჩევნები გადატანის მოთხოვნით ოპოზიციამ სოხუმში აქციები გამართა.
მოლაპარაკებაში ოპოზიციის მხრიდან სერგეი შამბა, ნოდარ კაკუბავა და თეიმურაზ ხიშბა მონაწილეობდნენ, ხოლო დე ფაქტო ხელისუფლებიდან ე.წ. თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია და ხაჯიმბას ადმინისტრაციის უფროსი დიმიტრი შამბა.
ოპოზიცია არჩევნების გადადებას მათი ბლოკის კანდიდატის, ასლან ბჟანიას ავადმყოფობის გამო მოითხოვდა. ის ამჟამად მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, გერმანიაში ჩატარებული ანალიზის შედეგად, ბჟანიას სისხლში ვერცხლისწყლის და ალუმინის მომატებული რაოდენობა დადასტურდა, რაც ოპოზიციის თქმით ადასტურებს მანამდე გაჩენოლ ეჭვს, რომ მათი კანდიდატი მოწამლეს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.