გალში, სასკოლო ბანკეტი, მოსწავლეებს 300-დან 1000 ლარამდე უჯდებათ. DFWatch ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც დე ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწვეტილების შესახებ შეიტყო, რომლის თანახმადაც, სკოლებში დამამთავრებელი კლასის დამრიგებლებისთვის საჩუქრის ყიდვა აიკრძალა.
„ეს გადაწყვეტილება, როგორც ვიცით, ერთ-ერთი მშობლის საჩივარს უკავშირდება, რომელმაც სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით, შესაგროვებელი თანხის ოდენობა გააპროტესტა. კონკრეტულად ამ შემთხვევის დროს, თანხა თითო ბავშვზე 19 000 რუსულ რუბლს (820 ლარი) შეადგენდა. სწორედ ამ საჩივარს უკავშირდება მასწავლებლებისთვის საჩუქრის შეძენის აკრძალვა, რადგან ამაში საკმაოდ სოლიდური თანხა იხარჯებოდა. ყიდულობდნენ ოქროს, ან რაიმე ძვირადღირებულ ნივთს“, – განუცხადა DFWatch-ს გალის ერთ-ერთო სკოლის მასწავლებელმა.
ჩვენ დავინტერესდით, საშუალოდ რა უჯდებათ ადგილობრივებს სასკოლო ბანკეტი და აღმოჩნდა, რომ თანხა 300-იდან 1000 ლარამდე მერყეობს.
„სოფლის სკოლები ბანკეტებს ძირითადად ადგილზე, სკოლაში ან ვინმეს სახლში აკეთებენ, რადგან ასე გაცილებით იაფი ჯდება. ჩვენი სოფლის სკოლას, რომელმაც ბანკეტი სკოლაში გააკეთა, 200 ლარი დაუჯდა. ამაში სუფრის და საჩუქრის ფული შედიოდა. მიუხედავად აკრძალვისა, სოფლებში ტრადიცია მაინც შენარჩუნებულია და ჩუმად მაინც ყიდულობენ. ამას ემატება კაბის, მაკიაჟის და ე.წ. გასეირნების ფული, იმის მიხედვით, ვის როგორ შეუძლია. როცა ერთ ბავშვს ლამაზი კაბა აცვია, არც შენ გინდა შენ შვილს გული დაწყიტო, ამიტომ ყველაფერს აკეთებ ამ ერთი დღის გასალამაზებლად. ჩემი შვილის კაბის შეკერვა 100 ლარი დაჯდა, ამას დამატებული მაკიაჟი და გასეირნება, 400 ლარამდე დაგვიჯდა, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც კაბა ითხოვა და მხოლოდ მაკიაჟი გაიკეთა. გინდა თუ არ გინდა, 300 ლარი ყველა შემთხვევაში ჯდება“, – აცხადებს ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი მშობელი.
გაცილებით ძვირი უჯდებათ ბანკეტის გადახდა რესტორანში, რასაც ძირითადად ქალაქის სკოლები მიმართავენ, თუმცა ზოგჯერ არც სოფლის სკოლები ჩამორჩებიან.
„გალის რესტორანში ბანკეტის გადახდა, თითო ბავშვს 8000 რუსული რუბლი (320 ლარი) დაგვიჯდა. ამაში შედიოდა მშობლის, მასწავებლების, ერთი მეწყვილის და მუსიკალური გაფორმების ხარჯი. კაცი დაახლოებით 80 ლარამდე დაჯდა. ცალკე საკითხია ჩაცმა და მაკიაჟი, მთლიანობაში ყველაზე უკეთეს შემთხვევაში 600-700 ლარში გამოდიხარ“, – განუცხადა DFWatch-ს ქალაქ გალის ერთ-ერთი სკოლის კურსდამთავრებულის მშობელმა.
კიდევ უფრო ძვირია ფასები სოხუმის რესტორნებში.
„გალთან შედარებით, სოხუმში კიდევ უფრო მაღალია ფასები და ეს პროდუქტების სიძვირითაა განპირობებული. შეიძლება იაფად შეიძინო მაგალითად, ქათამი, მაგრამ პამიდორი ღირდეს კილო 5-6 ლარი. მთლიანობაში, ზუგდიდის ფასებთან შედარებით, ყველაფერი ბევრად ძვირია და ხარჯიც მეტი გამოდის“.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ბანკეტის ენგურსგამოღმა გადახდაზე კონკრეტული შეზღუდვა არ არსებობს, თუმცა არის შიშის ფაქტორი, ამიტომ სკოლები თავის დაზღვევას ამჯობინებენ.
„სოხუმის და გალის სკოლების მშობლებსა და ბავშვებს, უბრალოდ არ აქვთ სურვილი ზუგდიდში ან საქართველოს რომელიმე სხვა ქალაქში გააკეთონ ბანკეტი. გალის დაბალის ზონის სოფლების სკოლები კი თავს იზღვევენ ზედმეტი პრობლემებისგან. შეიძლება დღეს არავინ გითხრას, სად მიდიხარო, მაგრამ ხვალ შარი მოგდონ, რატომ იქ და არა აქო, ამიტომ სკოლებშივე ამჯობინებენ ყველაფრის გაკეთებას“, – აცხადებს ერთ-ერთი მასწავლებელი.
DFWatch გალის ერთ-ერთი სკოლის კურდამთავრებულსაც ესაუბრა, რომელსაც ბანკეტი ქალაქ ქუთაისში ჰქონდა.
„ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავამთავრეთ, თუმცა ომის შემდეგ პირველი კურდამთავრებულები ვიყავით ჩვენს სკოლაში, ვინც ბაკეტის ტრადიცია დააბრუნა. თავიდან ზუგდიდს განვიხილავდით, მერე ქუთაისში უკეთესი პირობები შემოგვთავაზეს და იქ გადაწყდა. ბავშვზე 110 ლარი დაგვიჯდა და არც მასწავლებლისთვის გვიყიდია საჩუქარი. ამას ჩაცმის და მაკიაჟის ფული ემატება, თუმცა იმ დროს, ფასებიც შედარებით ნაკლები იყო. ჩვენს შემდეგ როგორც მახსოვს, სულ 2-3 გამოსაშვები კლასი გადმოვიდა ენგურსგამოღმა ბანკეტისთვის, მას შემდეგ ძირითადად სულ ადგილზევე აკეთებდნენ. იმ დროს შეზღუდვა არ ყოფილა, თუმცა მერე როგორც ვიცი თავად მასწავლებელები ურჩევდნენ ბავშვებს, პრობლემები აერიდებიათ თავიდან“.
შეგახსენებთ, რომ მთლიანად აფხაზეთში სკოლა 1 889 მოსწავლემ დაამთავრა, აქედან 400-მდე მოსწავლე მხოლოდ გალის კურდამთავრებულია. სასწავლო პროცესი 24 მაისს დასრულდა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.