ოკუპირებულ გალისა და გაგრის რაიონებში იორდანიიდან, სირიიდან და თურქეთიდან აფხაზ რეპატრიანტთა ჩასახლება იგეგმება, რადგან „საზღვრისპირა“ ტერიტორიებზე არა „სხვა ეროვნების წარმომადგენლები“, არამედ აფხაზები უნდა ცხოვრობდნენ. ამის შესახებ აფხაზურ მედიას სოხუმის რეჟიმის რეპატრიაციის საქმეთა მინისტრმა ბესლან დბარმა განუცხადა.
მისი თქმით, იორდანიაში მცხოვრებმა 130-მდე ადამიანმა უკვე გამოთქვა სურვილი, რომ ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნდეს.
„იორდანიაში მცხოვრები აფხაზური დიასპორის 130 წარმომადგენელს სურს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება. აფხაზეთში დაბრუნება სურთ ადამიანებს, რომელებიც 35-დან 50-მდე წლის არიან, მათი მშობლები კი რჩებიან ასაკის გამო,” – აცხადებს დბარი.
გარდა ამისა, ის ამბობს, რომ ხალხი, ვისაც ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება სურს, რეპატრიაციის ფონდიდან დახმარებას არ ითხოვს.
დე ფაქტო მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაბრუნებული თანამემამულეების განსახლება მოხდება გაგრისა და გალის რაიონებში და ამ პროცესში „სამინისტროც“ ჩაერთვება.
„გალი და გაგრა – ეს ჩვენი რესპუბლიკის “კარიბჭეა”. ისევე როგორც სასაზღვრო გაგრის რაიონში, ისე გალის რაიონშიც ძირითადად სხვა ეროვნების წარმომადგენლები ცხოვრობენ. იქ აფხაზები უნდა ცხოვრობდნენ, რომლებიც რესპუბლიკაში მოსულ ადამიანებს ეტყვიან, “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება”, – განაცხადა დბარმა.
ბესლან დბარი ამ დღეებში გალის რაიონშიც იმყოფებოდა, სადაც გალის რაიონის ე.წ. გამგებელს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო გალის რაიონში იორდანიელი, თურქი და სირიელი რეპატრიანტების ჩასახლებას. შეხვედრაზე გალში მათი ჩასახლების კონკრეტული თარიღები არ დასახელებულა, თუმცა მოგვიანებით დბარმა რუსულ გამოცემასთან თქვა, რომ უკვე ზაფხულის ბოლომდე გადაწყდება იორდანიიდან ჩამოსული დიასპორის საცხოვრებლებით უზრუნველყოფის საკითხი.
სოხუმის რეჟიმის მიერ რეპატრიაციის საკითხებში ე.წ. სახელმწიფო კომიტეტი ჯერ კიდევ 1993 წლის მარტში შეიქმნა. 1998 წელს კი გაიხსნა საბიუჯეტო ფონდი რეპატრიაციის პროგრამის დასაფინანსებლად. რეპატრიაციის შესახებ დე ფაქტო კანონმდებლობის თანახმად, აფხაზეთში მუდმივ საცხოვრებლად დაბრუნებული აფხაზები 5 წლის განმავლობაში ფლობენ რეპატრიანტის სტატუსს.
რეპატრიაციის საკითხებში ე.წ სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ერკან კუტარბა ამბობს, რომ „სახელმწიფო კომიტეტის“ მონაცემებით, 11 ათასამდე თანამემამულემ აფხაზეთის მოქალაქეობა უკვე მიიღო, 4 500-ზე მეტი რეპატრიანტი კი აფხაზეთში მიდმივ საცხოვრებლად დაბრუნდა.
„თუ შევაჯამებთ ყველა რეპატრიანტს, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ, ოჩამჩირეში მცხოვრები მოსახლეობის რიცხვზე მეტი იქნება. დაბრუნდა 4,5 ათასზე მეტი და რეპატრიანტებს შორის შობადობის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე ადგილობრივ აფხაზებს შორის. ოჯახებში სამიდან ხუთამდე ბავშვია, “- ამბობს კუტარბა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.