გალის რაიონის მოსახლეობა, დამატებითი გადასასვლელების გახსნას თითქმის წელიწადნახევარია უშედეგოდ ელოდება. ამ საკითხმა აქტუალურობა შემდეგ შეიძინა, რაც ენგურის ცენტრალურ ხიდზე გადაადგილება შეფერხდა და ხალხს რიგში დგომა საათობით უწევს.
„დაბალი ზონის სოფლებში, გარდა ენგურის ხიდისა, კიდევ ოთხი გადასასვლელი მუშაობდა. ნაბაკებში ვცხობრობ და რამდენიმე წუთი მჭირდებოდა ფეხით „საზღვრამდე“ მისასვლელად, ახლა კი ენგურის ხიდამდე გვიწევს წასვლა. ფეხით, ბუნებრივია, ვერ წავალთ – ან ავტობუსს უნდა ელოდო ან გამვლელმა უნდა გაგიყოლოს, თუ საკუთარი ტრანსპორტი არ გყავს. აქ კი ისეთი რიგებია, ზოგჯერ გადასვლასაც ვერ ვასწრებთ და უკან ვბრუნდებით, ისევ ველოდებით გამვლელს, ავტობუსს, ან ტაქსის აყვანა გვიწევს. გადასასვლელების დახურვა, თავის დროზე მოსახლეობის სურვილს დაუკავშირეს, თუმცა მარტივი მისახვედრია, რომ არცერთ მოსახლეს გზის დაგრძელება და ზედმეტი დროის და ენერგიის დახარჯვა არ სურდა. ითქვა, რომ კიდევ ერთი, ხურჩა-ნაბაკევის გამშვები პუნქტი, მაინც გაიხსნებოდა, თუმცა ფაქტია, რომ ჯერ ისევ უსაშველო რიგებში გვიწევს დგომა,“ – უთხრა DFWatch-ს ნაბაკეველმა ზ.ე.-მ.
შეგახსენებთ, რომ დამატებითი გადასასვლელების დახურვა დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას წინასაარჩევნო დაპირება იყო, მიზეზად კი კონტრაბანდული გზების გაუქმება და ხალხის მოთხოვნა დასახელდა.
„მოთხოვნა, რომ დაიხუროს ყველა გადასასვლელი, ერთის გარდა, მოდიოდა თვითონ მოსახლეობისგან. ხელისუფლებას ამ მოთხოვნის შესასრულებლად 2 წელი და 4 თვე დასჭირდა. გარდა ამისა, ჩაიდო 153 მილიონი რუბლი (6 მლნ ლარი), რომ გალალებმა კომფორტულად იმგზავრონ ენგურის ხიდის საკონტროლო-გამშვებ პუნქტამდე. საამისოდ გაკეთდა ახალი გზა და დაინიშნა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაიზარდა ენგურის გადასასვლელის შესაძლებლობებიც. ასე რომ, უკმაყოფილოების დიდ ნაწილს შეადგენენ ისინი, ვისაც შემოსავალი ჰქონდა არალეგალური ბიზნესიდან და კონტრაბანდიდან,“ – განაცხადა თავის დროზე გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ.
აღსანიშნავია, რომ დამატებით 4 გამშვები პუნქტის (ოტობაია, ნაბაკევი, თაგილონი, საბერიო) გახსნა, ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის წინასაარჩევნო დაპირების ნაწილია და მან ეს დაპირება „გაპრეზიდენტებიდან“ მალევე შეასრულა.
ცნობისთვის, ამჟამად ენგურზე მოსახლეობისთვის მხოლოდ ერთი გადასასვლელი ენგურის ცენტრალურ ხიდზე ფუნქციონირებს, სადაც გადაადგილება თითქმის ერთი თვეა უკვე შეფერხებულია.
ხალხი ასევე ვერ სარგებლობს ე.წ. შავი გზებით, რადგან თითქმის ყველა ასეთი გადასასვლელი მკაცრად კონტროლდება რუსი მესაზღვრეების მიერ. დაკავების შემთხვევაში კი მათ ჯარიმის გადახდა უწევთ. ასევე, დაბრკოლებას ქმნის სასაზღვრო ზოლზე გავლებული მავთულხლართებიც.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.