აზერბაიჯანიდან დევნილი ჟურნალისტი, ხაიალ აზიზოვი ამბობს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება მასზე თვალთვალს და ფსიქოლოგიურ ზეწოლას საქართველოშიც განაგრძობს. 33 წლის ხაიალ აზიზოვი საქართველოში 2017 წლის 19 ივნისს ჩაამოვიდა. ის აზერბაიჯანში ინტერნეტტელევიზი „არხი 13“-ის თანამშრომელი იყო.
როგორც ხაიალი ამბობს, მშობლიური ქვეყნის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც „არხი 13“-ის ხელმძღვანელი აზიზ ორუჯოვი დააპატიმრეს, თავად კი პროკურატურაში დაიბარეს და ორუჯოვის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მოთხოვეს: “სასურველი ჩვენება უკვე დაწერილი ჰქონდათ. მაიძულებდნენ, რომ ხელი მომეწერა. მას შემდეგ, რაც ხელის მოწერაზე უარი ვთქვი, მითხრეს, წადი და კარგად დაფიქრდი, კიდევ დაგიბარებთო. იძულებული გავხდი, ოჯახთან ერთად თბილისში წამოვსულიყავი.”
თუმცა ჟურნალისტი ამბობს, რომ თავს უსაფრთხოდ ვერც საქართველოში გრძნობს: “ჩამოსვლიდან მალევე დავრწმუნდი, რომ მითვალთვალებდნენ. მითვალთვალებდნენ ყველგან: მაშინ, როცა სახლში მივდიოდი ან სხვა აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს ვხვდებოდი. 2018 წლის 30 იანვარს სახლში უცნობმა პირებმა მომაკითხეს. კარი არ გავუღე და ვინაობა ვიკითხე. მიპასუხეს, რომ პოლიციელები იყვნენ. როდესაც მოვითხოვე, რომ უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ეჩვენებინათ, უარი მითხრეს. დავრეკე 112-ში და ამის შემდეგ წავიდნენ. მოგვიანებით შსს-ში დავრეკე. გადაამოწმეს და მითხრეს, რომ მათგან ჩემთან არავინ იყო გამოგზავნილი და მირჩიეს, ფრთხილად ვყოფილიყავი.”
როგორც ჟურნალისტი ამბობს, მასზე თვალთვალი ამ ინციდენტის შემდეგაც გრძელდება, ქართულ მედიაში გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ კი მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლაც დაიწყო:
,,ქართულ მედიაში გამოქვეყნდა ჩემი სტატია ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლების გაზიფიცირების პრობლემებზე. ფეისბუქშიც დავწერე, რომ აზერბაიჯანული “სოკარი” რატომღაც ვერ ახერხებს ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლების გაზიფიცირებას მაშინ, როცა მეზობელ სოფლებში გაზის შეყვანის პრობლემა არ არის. ასობით ადამიანმა გააზიარა ეს პოსტი და განხილვა დაიწყო. ამის შემდეგ ურეკავდნენ ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგებს და ჩემ შესახებ ეკითხებოდნენ. აზერბაიჯანის ხელისუფლებას უნდა, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ვიყო.”
ხაიალ აზიზოვს იურიდიულ დახმარებას თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაცია, ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი” უწევს. ,,ხაიალ აზიზოვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი წერილობითი მიმართვა წარვადგინეთ ქალაქ თბილისის პროკურატურაში. მიღებული პასუხის შესაბამისად მიმართვა ხაიალ აზიზოვის უფლებების დარღვევის თაობაზე გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს დეტექტივების სამსახურში,” – აცხადებს ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.
2014 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებზე აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა გაიზარდა, საქართველო ბევრი აზერბაიჯანელი სამოქალაქო აქტივისტისთვის საიმედო თავშესაფრად იქცა. ზოგიერთი მათგანი საქართველოდან მესამე ქვეყანაში წავიდა, ზოგმა კი ბინადრობის ნებართვა და თავშესაფარი აქვე მიიღო. თუმცა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცების შემდეგ, დევნილი აქტივისტების ნაწილმა საქართველო დატოვა.
სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – „თავისუფლება ახლა“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ და “საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ – მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, 2014-2015 წლებში აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ შევიწროებული აქტივისტებისთვის საქართველო სტაბილურ და უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნეოდა, თუმცა 2016 წლის შემდეგ ვითარება შეიცვალა და აზერბაიჯანიდან დევნილი პირები უსაფრთხოების თვალსაზრისით მაღალი რისკების წინაშე აღმოჩნდნენ.
აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა და აღმოჩნდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დააკავეს და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ვალუტის კონტრაბანდის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით. მუხთარლის განცხადებით, მის გატაცებაში საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
აიდან ალიევა
სტატია მომზადებულია “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის” პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის – “ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პოზიციას.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.