prosecutors_office_Cropმთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე გახსნა და ორი ადამიანის მიმართ სს დევნა დაიწყო. მათგან ერთი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი დაკავებულია, ხოლო გლდანის N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის (მეტსახელად „ქილერა“) მიმართ გამოტანილია დადგენილება მისი ბრალდების შესახებ. მუხაძეს 9-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად უკვე მისჯილი აქვს და ინტერპოლით იძებნება.

ამავდროულად, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება ჯაშუშობის ბრალდებული ფოტორეპორტიორების – გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათელა გედენიძეების – მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვაზე და თბილისის სააპელაციო სასამართლოში მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგომას მოითხოვს.

ფოტოგრაფები 2011 წლის ივლისში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, რასაც ჟურნალისტების პერმანენტული აქციები მოჰყვა. რამდენიმე დღეში ფოტორეპორტიორები აღიარების სანაცვლოდ საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს და 2012 წლიდან, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ისინი საქმისათვის გრიფის „საიდუმლოს“ მოხსნას და ხელახალ გამოძიებას ითხოვდნენ.

პროკურატურაში სამშაბათს სპეციალურ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, რომ  ამ საქმეს გრიფი რამდენიმე კვირის წინ მოეხსნა და ფოტოგრაების დაპატიმრება და გამოგონილი ბრალდებით – ჯაშუშობაში დადანაშაულება, წარმოადგენდა წინა ხელისუფლების ანგარისწორებას, რადგანაც  მათ მიერ 2011 წლის 26 მაისის მომიტიგეების დარბევაზე გადაღებულმა ფოტოებმა მსოფლიოს წამყვან  სააგენტოებში დიდი რეზონანსი გამოიწვია და რასაც მოჰყვა ხელისუფლების უკმაყოფილება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქურციკიძე 2004 წლიდან დღემდე მუშაობს ევროპის პრეს სააგენტოს ,,ეპა“-ს ფოტორეპორტიორად, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ფრანკფურტში, ხოლო ამიერკავკასიის მასშტაბით მოსკოვში, რომელთაც ჰონორარის სანაცვლოდ უგზავნიდა როგორც მის მიერ გადაღებულ ფოტოსურათებს, ასევე ამ სააგენტოს სტრინგერების – ირაკლი გედენიძის და გიორგი აბდალაძის მიერ გადაღებულ ფოტოებსაც. სწორედ, ფოტორეპორტიორობა დაედო საფუძვლად  მათი ჯაშუშობის ბრალდების ლეგენდის შექმნას.

კონკრეტულად კი, თითქოს 2004 წელს ზურაბ ქურციკიძე მოსკოვში სამსახურებრივი მივლინების დროს რუსეთის სადაზვერვო სამმართველომ გადაიბირა და ის სისტემატიურად უგზავნიდა ევროპის პრეს-სააგენტოს თანამშრომლებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ფოტოებს და მასალებს, რომლებსაც  პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოპერატორის ირაკლი გედენიძის და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ფოტოგრაფის  გიორგი აბდალაძისგან მოიპოვებდა, რომლებმაც თითქოსდა იცოდნენ ქურციკიძის რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ. ამ „ჯაშუშურ ქსელს“ დახმარებას უწევდა ირაკლი გედენიძის მეუღლე, ფოტოგრაფი ნათელა გედენიძეც.

პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ მათი დაკავების შემდეგ დაწყებული პერმანენტული აქციების გამო სამართალდამცავებმა დაიწყეს ფოტორეპორტიორების მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა და შანტაჟი, რათა აღიარებითი ჩვენებები მიეღოთ და ამ გზით ჩაეცხროთ საპროტესტო ტალღა.

ამ მიზნით, დაკავებულებთან არაოფიციალურად შედიოდა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი სხვა თანამშრომლებთან ერთად, რომლებიც მათ მოსალოდნელი ციხის მძიმე პირობებითა და მათი ოჯახის წევრებისთვის პრობლემების შექმნით ემუქრებოდა, თუკი ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობაზე აღიარებით ჩვენებას ხელს არ მოაწერდნენ. ამას დაემატა ისიც, რომ დაკავებულ გედენიძეებს დევნოზაშვილმა წარუდგინა სახლის ჩხრეკის დროს კომპიუტერიდან მოპოვებული პირადი ცხოვრების პიკანტური ფოტო და მისი გასაჯაროვებით დაემუქრა. შედეგად ცოლ-ქმარმა წინასწარ შეთხზულ ცრუ აღიარებით ჩვენებას ხელი მოაწერეს. შედეგად ნათელა გედენიძე გაათავისუფლეს.

დანარჩენებზე კი მე-8 საპყრობილის დირექტორის ალექსანდრე მუხაძის ორგანიზებით და დახმარებით გაგრძელდა სისტემატიური ფსიქოლოგიური ზეწოლა. 8 დღის შემდეგ ფოტორეპორტიორები დათანხმდნენ წაეკითხათ წინასწარ დაწერილი ცრუ აღიარება.

ამ საქმეზე პროკურატურამ შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი  დააკავა. ხოლო N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე პასუხისგებაში მიეცა უფლებამოსილების გადამეტების 333-ე მუხლით, რაც 5-დან 8-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კოკა კაციტაძის თქმით, დავალება შესაძლოა მოდიოდა სხვა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, ამ მიმართულებით გამოძიება აქტიურად მუშაობს და არ არის გამორცხიული აღნიშნულ საქმეზე, ყოფილი ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

ფოტორეპორტიორი გია აბდალაძისმტკიცებთ, დამკვეთები იყვნენ მაშინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და შს მინისტრის მოადგილე შოთა უტიაშვილი.

„ადამიანები, ვინც საპატიმროში შემოდიოდნენ, იყვნენ შემსრულებლები, თორემ დამკვეთები რა თქმა უნდა, არიან. საქმის კურსში იყო მიხეილ სააკაშვილი, რადგან მის გარეშე არასდროს უკანონოდ არავის აპატიმრებდნენ. ჩვენ დავისაჯეთ 26 მაისის გამო, ჩვენ წვდომა არ გვქონდა არანაირ საიდუმლო მასალებთან”, – ამბობს აბდალაძე.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე მუხაძე, იგივე „ქილერა“ უკვე სამი ბრალდების გამო ინტერპოლით იძებნება,  მათგან ერთ-ერთზე, 2011 წელს გლდანის ციხეში გარდაცვლილ პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე დაუსწრებლად 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. მუხაძე, ასევე, ცნობილია იმით, რომ მისი დირექტორობის პერიოდში გლდანის ციხეში პატიმრების წამებამ არნახული მასშტაბი შეიძინა. დავით დევნოზაშვილს კი ასევე გაზეთ „ბათუმელების” ჟურნალისტის თედო ჯორბენაძის მიმართ შანტაჟის განხორციელებაშიც ედება ბრალი და ბრიფინგზე კოკა კაციტაძემ თქვა, რომ პროკურატურა ამ საქმით დაინტერესებულია. დევნოზაშვილს ამ საქმეზეც აქვს ბრალი წარდგენილი, რომ ის აშანტაჟებდა ჟურნალისტს. საქმეს გრიფი „საიდუმლო” აქვს მინიჭებული.