სამივე ინსტანციის სასამართლომ გაამართლა დასკვნის ავტორი, რომლის თანახმადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია გაზით დაიღუპა. საუბარია ექსპერტ ლევან ჩაჩუაზე, რომელიც ორი წლის წინ ექსპერტიზის გაყალბების ბრალდებით დაკავებული იყო და 8 თვის შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს.
გამოძების ასეთ დასასრულს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ძმა გოგლა ჟვანია ეხმაურება და ამბობს, რომ ექსპერტის საქმე მთელი ამ ისტორიის მხოლოდ ნაწილია და ყოფილი პრემიერის გარდაცვალების საქმის მთავარი გამოძიება პროკურატურაში ჯერ კიდევ გრძელდება. ამბობს, რომ საქმის გახსნის იმედი ჰქონდა, მაგრამ მისი იმედი არ გამართლდა.
„ახლაც აქტიური გამოძიება მიმდინარეობს და ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ჩემი მოლოდინი არ გამართლდა. გამოძიებასაც ჰქონდა ამ საქმის ცოტა ადრე გახსნის იმედი იქიდან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გამოჩნდა. თუმცა იმისთვის, რომ სიმართლე მყარი მტკიცებულებებით დაამტკიცო, თურმე მეტია საჭირო. დარწმუნებული ვარ, საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მივა. უცხოელი ექსპერტების ჩართვამ გამოძიებაში დრო ძალიან გაწელა. ამას წინ უძღოდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები, შეკითხვების გადაგზავნა, პასუხების მიღება და ა.შ. ზოგიერთმა ასეთი მიწერ-მოწერის შემდეგ განაცხადა, ეს ძალიან მაღალი პოლიტიკური ინტერესის მქონე საქმეა და მასში ჩართვაზე უარს ვაცხადებო. ასეთი თემები იწვევს გაჭიანურებას”, – ამბობს ჟვანია.
ლევან ჩაჩუას ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლო პროცესის შედეგად დადგინდა, რომ 2005 წლის თებერვალში ზურაბ ჟვანია და რაულ იუსუპოვი გაზით გარდაიცვალნენ.
ადვოკატი გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ უზენაესმა სასამართლომ დაახლოებით 6-თვიანი ფიქრის შემდეგ, გაიზიარა დაცვის პოზიცია და აღარ მიიღო პროკურატურის საჩივარი წარმოებაში, რითაც დასრულდა ქართული მართლმსაჯულების სამივე ინსტანციაში სს კუთხით აღნიშნული საქმის წარმოება.
„ეს იყო საზოგადოების მოტყუება და ტყუილად ედავებოდნენ უდანაშაულო ადამიანს, ცნობილ ექსპერტ ლევან ჩაჩუას, რომ მან თითქოს არასწორი დასკვნა დადო ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის სიკვდილის მიზეზთან დაკავშირებით (სამსახურებრივი გულგრილობა). რეალურად კი გაზით გარდაიცვალა,” – აღნიშავს ფანცულაია.
ლევან ჩაჩუას გამართლების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ უნდა დასრულდეს „ქართული ოცნების“ სპეკულაციები ყოფილი პრემიერის გარდაცვალების თემაზე.
„კიდევ ერთხელ აეხადა ფარდა „ქართული ოცნების“ ცილისწამებას და მიცვალებულის სახელით სპეკულირებას. დადგინდა, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ექსპერტი ლევან ჩაჩუა იყო უდანაშაულო და მას როგორი დასკვნაც ჰქონდა შედგენილი და როგორი ექსპერტიზაც ჰქონდა ჩატარებული, ეს იყო სწორი. ივანიშვილის მართლმსაჯულების სისტემამაც კი ვერ მოახერხა სიმართლეს დაპირისპირებოდა და იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში უსაფუძვლოდ და სამარცხვინოდ სპეკულირებდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებით,“- ამბობს დეპუტატი ოთარ კახიძე.
ექსპრემიერი ზურაბ ჟვანია და ქვემო ქართლის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე რაულ იუსუპოვი 2005 წლის 3 თებერვალს ბინაში გარდაცვლილები იპოვეს. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ისინი არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან ნახშირჟანგის გაჟონვის შედეგად მოწამვლით გარდაიცვალნენ, თუმცა არ წყდებოდა საუბარი იმაზე, რომ ყოფილი პრემიერი მოკლეს, საქმის მასალები კი გააყალბეს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყო. 2014 წლის 19 მარტს ინტერნეტში „ჰაკიმ ფაშას“ სახელით გავრცელდა ფოტოები, რომელიც ექსპერტიზის დროს იყო გადაღებული და სადაც გარდაცვლილ ექსპრემიერს სხეულზე დაზიანებები ეტყობოდა. ამის შემდეგ ეს თემა კვლავ გააქტიურდა. დაზიანებების არასრულად ასახვის, გულგრილობისა და არაჯეროვანი ექსპერტიზის ჩატარების ბრალდებით დააკავეს ლევან ჩაჩუა, რომელმაც სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზა ჩაატარა. რამდენიმე დღეში ასევე დააკავეს ჟვანიას დაცვის წევრებიც. მათაც გულგრილობა ედებოდა ბრალად.
საბოლოოდ, დაცვის წევრებს ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯათ და ისინი დღეს უკვე თავისუფლებაში არიან. ლევან ჩაჩუამ კი 8 თვე წინასწარ პატიმრობაში გაატარა და შემდეგ 10 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სამი დღის წინ კი უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ჩაჩუას ბრალი არ დაუდგინდა და ექსპერტიზის დასკვნა CO-ით მოწამვლის შედეგად გარდაცვალებაზე, სწორია. თუმცა ყოფილი პრემიერის გარდაცვალების საქმე ჯერ დახურული არ არის.
მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამ თემაზე არსებობს კიდევ ერთი საქმე, რომელზეც ძიება ისევ მიმდინარებს და ის ჯერ სასამართლოში არ გადაგზავნილა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.