რამდენიმე დღის წინ ცხინვალის მოსახლეობაში დიდი აღშფოთება გამოიწვია მათ სახლებზე გაკრულმა აბრებმა. კონკრეტულად კი რამდენიმე ადგილობრივმა საკუთარი სახლების კედლებზე მიმაგრებული აბრები აღმოაჩინა, რომლებზეც ეწერა: „ობიექტი აღდგენილია რუსეთის ფედერაციის ფინანსური დახმარებით“ და ეს „ფეისბუქში“ დიდი აღშფოთებისა და ირონიული განხილვის საგანი გახდა.

ადგილობრივებმა თქვეს, რომ 2008 წლის ომის შემდეგ სახლების ნაწილი საკუთარი სახსრებით აღადგინეს, ნაწილი კი ისევ აღსადგენია და ტყუილია ის, რომ რუსეთის მიერ გამოყოფილი ფინანსებით გაკეთდა რამე. ზოგმა ამ აბრების ჩამოგლეჯაც სცადა.

პირველი, ვინც „ფეისბუქში“  აბრა და მასზე განთავსებული განცხადება გამოაქვეყნა, ადგილობრივი ინა გუჩმაზოვა იყო, რომელმაც დაწერა, რომ დილით, როდესაც შვილი სკოლაში მიჰყავდა, საკუთარ სახლზე დაინახა აბრა, სადაც ეწერა, რომ ობიექტი აშენდა რუსეთის ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერით. მისი თქმით, სახლის აშენებულია 1959 წელს და მთელი ცხოვრება ეგონა, რომ ეს სახლი მამამისმა ააშენა, ახლა კი „ხელისუფლება“ უმტკიცებს, რომ ასე არ ყოფილა.

მისი თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ ეს სახლი გარემონტებულიც კი არ არის და კედლებს ნატყვიარი ახლაც ეტყობა, ამიტომ არაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ეს სახლი აღდგენილია.

მის ამ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოსახლეობა ამბობს, რომ მოსკოვში დაიწყეს მოკვლევა კორუფციულ გარიგებებზე, კერძოდ იმაზე, როგორ დაიხარჯა ცხინვალის ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გამოყოფილი მილიონები და როგორც ჩანს, ყველა ობიექტზე, რომლისთვისაც თანხები იყო გამოყოფილი, აბრები დაკიდეს, თითქოს გარემონტდა.

„ფეისბუბუქში“ ერთგვარი იუმორითაც წერდნენ, რომ წესით ამგვარი აბრები უნდა გაეკრას ყველა ჩინოვნიკის მანქანას, რომ „მანქანები შეძენილია რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების ხარჯზე“ .

აღშფოთება იმდენად დიდი იყო, რომ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს განცხადების გაკეთება მოუწიათ. დე ფაქტო პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დინა გასიევამ განაცხადა, რომ აბრების დაკიდება არასწორად მოხდა და ყველაფერი გამოსწორდება.

„ეხო კავკაზასთან“ კომენტარისას მშენებლობის დე ფაქტო მინისტრმა თქვა, რომ აბრებზე მოცემული განცხადება ეხებოდა არა კონკრეტული კერძო სახლების, არამედ კონკრეტული ქუჩების რეაბილიტაციას, სადაც მთელი კომუნიკაციის გამოცვლა ხდება და  ამ აბრებს კი სახლებიდან ჩამოხსნიან და ქუჩის ელექტროგანათების ბოძებზე განათავსებენ.

როგორც DFWatch-ს ცხინვალიდან უთხრეს, აბრები სახლებიდან უკვე ჩამოხსნილია, თუმცა სიმართლეა ის, რომ მოსკოვში დაწყებულია მოკვლევა სამხრეთ ოსეთისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვის მიზნობრიობაზე და აბრების გაკვრაც სწორედ ამ ფულის როგორმე “გათეთრებას” უკავშირდება.