ისევე როგორც პირველ ტურში, საარჩევნო აგიტაცია საპრეზიდენტო კანდიდატებს გალში არც მეორე ტურში უწარმოებიათ, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ ზუგდიდში ჩასახლებულ დევნილებს პლაზმური ტელევიზორები დაურიგეს, ამის შესახებ DFWatch-ს ადგილობრივებმა უთხრეს.

„როგორც პირველ ტურზე, არც ახლა ყოფილა არანაირი აგიტაცია. ზუგდიდში, სადაც ჩვენი მეზობლების უმრავლესობა ცხოვრობს, ტელევიზორები დაარიგეს. სია დამხვდა, სადაც ჩემი სახელიც ეწერა მინაწერით – ტელევიზორი, თუმცა მე არ ამიღია, ალბათ სხვამ წაიღო. არც რამე საბუთი მოუთხოვიათ, უბრალოდ მოსულან და დაურიგებიათ. არც თავი წარუდგენიათ“, – აღნიშნავს გალის მკვიდრი.

მისივე თქმით, არჩევნების დღეს „საზღვარზე“ არანაირი შეფერხება არ ყოფილა.

„ჩაკეტვას ადგილი არ ჰქონია, თუმცა ზუგდიდისკენ მიმავალი მიკროავტობუსები არ მუშაობდნენ, რამაც გადაადგილების პრობლემა უკვე „საზღვარს იქით“ შექმნა. მიუხედავად ამისა, ვისაც სურვილი ჰქონდა, მოახერხა უბნებზე მისვლა და ხმის დაფიქსირება“, – აღნიშნავს კ.გ.

ჩვენს მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა არჩევნების შედეგით უკმაყოფილოა, ზოგი თვლის, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის პირობებში აფხაზეთი საერთოდ დაიკარგება, ზოგი თავს შეურაცხყოფილად მიიჩნევს ომის დაწყებასთან დაკავშირებული განცხადებების გამო; ზოგი კი მიიჩნევს, რომ ის მხოლოდ ფორმალური მმართველი იქნება და რეალურად ქვეყნის პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილია.