თითქმის ერთთვიანი “შესვენების” შემდეგ სოფელ ატოცში შეიარაღებული რუსი ოკუპანტები კვლავ გამოჩნდნენ. დღეს სამხედროები სოფელში საინჟინრო მანქანით მივიდნენ.
ინფორმაციას ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ავრცელებს. ორგანიზაციის წევრები ვარაუდობენ, რომ ოკუპანტები მავთულხლართების გავლების გაგრძელებას აპირებენ და ახლა ბოძების მონტაჟის დაწყება სურთ, რის უფლებასაც ისინი არ მისცემენ.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ რუს სამხედროებს მიმართა, რომ თუკი ბოძების დამონტაჟებას მაინც დააპირებენ, მოუწევთ ორგანიზაციის წევრების, საკუთარი მიწის დასაცავად მოსული შეუიარაღებული ხალხის მოკვლა.
ქაცარავას თქმით, ამჟამად სოფლის გასწვრივ 148 ბოძია დამონტაჟებული და ახლა 149-ე ბოძის დამონტაჟებას არ დაუშვებენ, საკუთარ მიწას შიშველი ხელებით დაიცავენ და ერთ ნაბიჯითაც არ დაიხევენ უკან.
„გვესვრით შეუიარაღებელ ხალხს? მე არ ვიცი, თქვენ ოსები ხართ თუ რუსები. თუ ოსები ხართ, გეტყვით, რომ ეს ჩვენიო ტერიტორიაა და რუსები თქვენ გიყენებენ – ვფიქრობ ეს თქვენ კარგად იცით. თუ რუსები ხართ, უბრალოდ გეტყვით,რომ თქვენ ოკუპანტები ხართ და თავადაც იცით, რომ ჩვენს მიწაზე, ქართულ მიწაზე იმყოფებით, აქ ახლა ექვსი-შვიდი ადამიანი ვართ, მაგრამ ვიქნებით უფრო მეტიც და თქვენ ყველა ჩვენგანის მოკვლა მოგიწევთ კამერების წინაშე. თქვენ მოგიწევთ ესროლოთ ადამიანებს, რომლებიც თავის მიწას თქვენგან იცავენ. ჩვენ აქედან არსად წავალთ“, – ასე მიმართა ქაცარავამ რუს სამხედროებს.
ქაცარავამ საზოგადოებას მიმართა, რომ ატოცში ჩამოვიდნენ და პროტესტის ნიშნად მათ გვერდით დადგნენ.
რუსეთის საოკუპაციო ჯარმა ქარელის სოფელ ატოცთან მავთულხლართების გაბმა 7 ნოემბერს დაიწყო, რის შემდეგაც დავით ქაცარავა და ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრები ატოცში მორიგეობენ, რათა ოკუპანტების მიერ დაწყებული ბორდერიზაცია არ განახლდეს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.