ამბები

ცვლილებები „იმედში“: ტრაპაიძე მიდის, სიჭინავა „პოლიტიკას“ წაიყვანს, ლეჟავა – „ქრონიკას“

by | Jul 28, 2016

imediტელეკომპანია „იმედში“ საკადრო ცვლილებების გრძელდება. ამჯერად, არხი შაბათის საინფორმაციო გადაცემა „ქრონიკის სტუდია“ წამყვანმა ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ დატოვა.

„მოკლედ, წავედი „იმედიდან“. ცოტა დასვენება მინდა, მართლა. “იმედის” ხელმძღვანელობას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა,  ეს გადაცემა, ჩემი ავტორობით, ისევ ყოფილიყო ბადეში. მთხოვდნენ, გადამეხედა გადაწყვეტილებისთვის. მადლობა ყველას, ვუსურვებ ამ არხს წარმატებებს, იქ ნამდვილად ბევრი კარგი წელი მაქვს გატარებული,“ – წერს დიანა ტრაპაიძე.

გარდა ამისა, ტელეარხზე სხვა ცვლილებებიც განხორციელდება. კერძოდ, იმედის 8-საათიან მთავარ საინფორმაციო გამოშვებას „ქრონიკას“ აღარ წაიყვანს ჟურნალისტი თეა სიჭინავა, მას ერთი თვის წინ არხის საინფორმაციოს უფროსად დანიშნული ნანა ლეჟავა ჩაანაცვლებს. სიჭინავა არხის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუ „პოლიტიკის“ წამყვანი გახდება, რომელიც პარასკევობით გადის. „პოლიტიკის“ ამჟამინდელი წამყვანი თეონა გეგელია კი არხის ვებ გვერდზე იმუშავებს. ასევე, ვებ-გვერდზე გადაინაცვლებს ჯონი კალანდაძე, რომელიც საინფორმაციო სამსახურში პროდიუსერად მუშაობდა.

რატომ ხდება არხზე ასეთი ცვლილებები და შაბათის გადაცემა „ქრონიკის სტუდია“ საერთოდ დაიხურება თუ არა, DFWatch შეეცადა კომენტარი ნანა ლეჟავასგან მიეღო, თუმცა მასთან, ისევე როგორც სხვა ჟურნალისტებთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია დატოვა „ქრონიკის“ კორესპონდენტმა გურამ როგავამ მას შემდეგ, რაც ერთი თვის წინ, 23 ივნისს ჟურნალისტებისათვის მოულოდნელად საინფორმაციოს უფროსი მაია თაბაგარი გაათავისუფლეს და მინ ნაცვლად გამომძიებელი ჟურნალისტი ნანა ლეჟავა მივიდა საინფორმაციოს უფროსად.

გადაწყვეტილება „იმედის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძემ მიიღო, რომელიც ოფიციალურად ამ ცვლილებამდე 1 კვირით ადრე დაინიშნა.

მაშინ „ფეისბუქში“ გავრცელდა „ქრონიკის“ თანამშრომლების მიმართვა არხის გენდირექტორის გიორგი ბახტაძისა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძის მიმართ, სადაც ისინი წინასაარჩევნო პერიოდში საინფორმაციო სამსახურის უფროსის გათავისუფლებას მიუღებელს უწოდებდნენ და წერდნენ, რომ „საკადრო ცვლილება წინასაარჩევნო პერიოდში ეჭვქვეშ დააყენებს არხის და მისი თანამშრომლების რეპუტაციას, სანდოობას და სიტყვის თავისუფლების ხარისხს ტელეკომპანია „იმედში“.

საგულისხმოა ისიც, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ გასულ ზაფხულს დახურა ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქცია“, ხოლო მიმდინარე წლის გაზაფხულზე არხიდან დაითხოვეს შალვა რამიშვილი, რომელიც უძღვებოდა გადაცემა „პოლიტიკას“ თეონა გეგელიასთან ერთად და ასევე მისი სტუდია ამავე არხისთვის რამდენიმე გასართობ გადაცემას ამზადებდა. რამიშვილმა მაშინვე განაცხადა, რომ ეს საკადრო გადაწყვეტილება არხის დირექტორმა გიორგი ბახტაძემ  ირაკლი რუხაძის დავალებით განახორციელა. რამიშვილმა ბახტაძე ჟურნალისტურ საქმიანობაში ზეწოლაშიც დაადანაშაულა. „ტელეიმედის“ ხელმძღვანელობამ მაშინ განმარტა, რომ რამიშვილი თათია სამხარაძესთან დაკავშირებული ინციდენტის გამო დაითხოვეს, რომლის მიხედვით რამიშვილს ჰქონდა სამხარაძის მიმართ სექსუალური შევიწროების მცდელობა. რამიშვილი სექსუალურ შევიწროვებაში თავად სამხარაძემაც საჯაროდ დაადანაშაულა.

ასევე, ირაკლი რუხაძეს დაუკავშირა „იმედიდან“ თავისი გათავისუფლება პოლიტიკური გადაცემა „რეაქციის“ წამყვანმა ინგა გრიგოლიამაც. მაშინ პირველად სწორედ გრიგოლია ალაპარაკდა იმაზე, რომ „იმედში“ გადაწყვეტილებებს იღებდა ირაკლი რუხაძე.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930