„5 ათასზე მეტმა უკვე დაასრულა მკურნალობა და პირველ ეტაპზე ეს არის ძალიან მაღალი წარმატების პროცენტი, პაციენტთან 92% სრულად განიკურნა C ჰეპატიტისგან“, – ამის შესახებ შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ხუთშაბათს მთავრობის სხდომაზე განაცხადა და პრემიერ-მინისტრისგან მანაც და მთელმა გუნდმაც, ვინც ჰეპატიტის პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობს, მადლობა დაიმსახურა.
ამავე დროს, როგორც პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, 28 ივნისი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა ჰეპატიტის დღედ და ქართველებს საამაყო გვაქვს, რადგან ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება უპრეცედენტო პროგრამა, რომლითაც უკვე 10 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, არის ძალიან წარმატებული პროგრამა, რომელსაც ოპონენტი არ ჰყავს და ჯანდაცვის მინისტრს წარმატებული პროგრამის სტატისტიკაზე საუბარი სთხოვა.
პროგრამის სტატისტიკაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ 5 ათასზე მეტმა პაციენტმა მკურნალობა უკვე დაასრულა 92% განიკურნა, პროგრამა ბოლო სამი თვეა კიდევ უფრო ახალი გენერაციის პრეპარატზე გადავიდა და პაციენტების ნაკადიც გაიზარდა.
მინისტრის განცხადებით, იმისათვის, რომ C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა განხორციელებულიყო, აუცილებელი იყო, რომ მთავრობისთვის ჯანდაცვა ყოფილიყო პრიორიტეტული და ქვეყანაში უნდა ყოფილიყო სტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა,
„ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ შარშან აპრილიდან დღევანდელი დღის ჩათვლით, 14 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო ამ პროექტში, 5 ათასზე მეტმა უკვე დაასრულა მკურნალობა და პირველ ეტაპზე, ეს არის ძალიან მაღალი წარმატების პროცენტი. 92% სრულად განიკურნა. ბოლო სამი თვეა ჩვენ გადავედით კიდევ უფრო ახალი გენერაციის პრეპარატზე.
„მოვხსენით ყველა კრიტერიუმი – სიმძიმის, რაიმე რისკჯგუფის – და მნიშვნელოვნად გავზარდეთ პაციენტების ნაკადი, თუ თვეში მანამდე შესაძლებელი იყო 800-მდე პაციენტის გატარება, ახლა ავდივართ თვეში 3000 პაციენტზე. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი შვება 150 ათასამდე ადამიანისთვის, რომელიც სამწუხაროდ ინფიცირებულია ამ დაავადებით საქართველოში,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლის აპრილში დაიწყო. პირველ ეტაპზე სერვისი ხელმისაწვდომი იყო ღვიძლის დაზიანების მაღალი ხარისხის მქონე პაციენტებისათვის. პროგრამა ითვალისწინებდა პაციენტებისთვის ახალი თაობის მედიკამენტის სოფოსბუვირის უსასყიდლოდ მიწოდებას და დიაგნოსტიკური კვლევების თანადაფინანსებას. პირველ ეტაპზე 5,000 ბენეფიციარის მკურნალობა იყო გათვალისწინებული. მეორე ეტაპი კი 2016 წლის თებერვალში დაიწყო, პროგრამა ამჯერად 20 ათასი პაციენტზეა გათვლილი, მასში C ჰეპატიტის მქონე ნაკლები სიმძიმის პაციენტებიც ჩაერთვებიან და დაემატა ახალი, უფრო ძლიერმოქმედი პრეპარატი – ჰარვონი. ნებაყოფლობითი სკრინინგი კი ბევრად მეტ ადამიანს ჩაუტარდა – დაახლოებით 50 000-ზე მეტ ადამიანს.
პროგრამის ფარგლებში საქართველოს პარტნიორები არიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO, ჯანმო) და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი. პროგრამა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Gilead-ის ხელშეწყობით ხორციელდება. ჯანმოს მონაცემებით, საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნად ითვლება.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში C ჰეპატიტი მთლიანად აღმოიფხვრა, ეს ჯანდაცვის სფეროში მსოფლიოს მასშტაბით უპრეცედენტო მოვლენა იქნება.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.