Shalva

შალვა რამიშვილის აცხადებს, რომ გენდირექტორი მასზე ზეწოლას ახდენდა (Facebook)

„იმედიდან“ გათავისუფლებული შალვა რამიშვილის განცხადებას, რომ გენდირექტორი მასზე ზეწოლას ახდენდა,  გიორგი ბახტაძეც გამოეხმაურა და ორი განცხადება გაავრცელა. 22 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ბახტაძე ამბობს, რომ  რამიშვილი, თათია სამხარაძის (იგივე ტასო  ბარნოვას, „შალვა რამიშვილის შოუს“ ყოფილი თანამშრომლის) მიერ ჩაწერილი აუდიო მასალის მოსმენის შემდეგ,  არაეთიკური საქციელის გამო გაათავისუფლა. 26 აპრილს  კი  სამხარაძესა და რამიშვილს მოუწოდა, რომ  გაასაჯარაონ ის აუდიო ჩანაწერი, რომელზეც უკვე რამდენიმე კვირაა საუბარია.

„რადგან შალვა რამიშვილმა პოლიტიკური დევნილის იმიჯის მორგება გადაწყვიტა, მე მოვითხოვ თათია სამხარაძისა და შალვა რამიშვილისგან გაასაჯაროვონ მრავალჯერ ნახსენები აუდიოჩანაწერი, რის შემდეგაც ცხადი გახდება შალვა რამიშვილთან ხელშეკრულების გაწყვეტის რეალური მიზეზი. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რასაც მე მოვისმინე, საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ ნებისმიერ ადამიანთან შეწყდეს საქმიანი ურთიერთობა“, – ნათქვამია  განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი შალვა რამიშვილი,  „იმედმა“  გაათავისუფლა და „შალვა რამიშვილის შოუს“ (შემდგომში „ილო ბეროშვილის შოუ“) ყოფილმა თანამშრომელმა თათია სამხარაძემ, რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ამის დამამტკიცებელი აუდიოჩანაწერიც აქვს, რამიშვილი ტელეკომპანიის დირექტორის მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე ალაპარაკდა.

როგორც რამიშვილმა 22 აპრილს, გამართულ  პრესკონფერენციაზე განაცხადა, გიორგი ბახტაძე და ტელეკომპანიის “რეალური მმართველი”, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან დაახლოებული ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე, იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის, ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული – სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლის ლევან მურუსიძის სასარგებლოდ, გადაცემის წამყვანზე ანუ მასზე ზეწოლას ახდენდნენ.

ამის დასამტკიცებლად რამიშვილმა, მისი და ბახტაძის ვაიბერ მიმოწერაც გაასაჯაროვა.  მისი შეფასებით, ამ მიმოწერიდან  ირკვევა, რომ ბახტაძეს მურუსიძესთან ან მოსამართლეებთან აქვს კომუნიკაცია.

„მურუსიძის შემდეგ, კიდევ ერთხელ იყო ბახტაძის მხრიდან ჩემთან ძალიან ფრთხილი საუბარი, თუ  რა პოზიციებსა დავიკავებდი წინასაარჩევნოდ. ანუ საუბარი იყო, რომ  პიარში გარკვეული დახმარება უნდა გამეწია, თუმცა არა ხელისუფლებისთვის. ამაზე მე უარი ვუთხარი, რაც  „იმედიდან“ ჩემი და 50-მდე თანამშრომლის გამოშვების მიზეზი გახდა. ანუ, ტელეკომპანიიდან ჩემი გამოშვების რეალური მიზეზი იყო არა სამხარაძის ჩანაწერი, არამედ ის, რომ რუხაძის პოლიტიკურ ინტერესებს გადავეღობე,“ – აღნიშნა რამიშვილმა.

მანვე თქვა, რომ რუხაძეს  პოლიტიკაში მოსვლა სურს და შესაძლოა, გარკვეულ ჯგუფსაც ლობირებს, თუმცა კონკრეტულად რომელ პოლიტიკურ ჯგუფთან აქვს მჭიდრო კავშირი ბახტაძეს და შესაბამისად რუხაძესაც, რამიშვილი არ ასახელებს და ამბობს, რომ ამას გამოძიება გაარკვევს, მაგრამ ჟურნალისტი ამ საქმეში ხელისუფლების ინტერესს გამორიცხავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკუთარი განცხადება, 22 აპრილს, ტელეკომპანია „იმედის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემაც გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ რამიშვილთან ურთიერთობის გაწყვეტა, მისი „უაღრესად არაეთიკური საქციელის“ გამო მოხდა. ბახტაძე კატეგორიულად უარყობს, ტელევიზიის მმართველობაში ირაკლი რუხაძის მონაწილეობას და აღნიშნავს, რომ ტელევიზიის მართვაში და სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრაში  მხოლოდ არხის გენერალური დირექტორი, ტელევიზიის მმართველი გუნდი და  ჟურნალისტები მონაწილეობენ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი რუხაძეს დაუკავშირა “იმედიდან” თავისი გათავისუფლება პოლიტიკური გადაცემა „რეაქციის“ წამყვანმა ინგა გრიგოლიამაც. მაშინ პირველად სწორედ გრიგოლია ალაპარაკდა იმაზე, რომ „იმედში“ გადაწყვეტილებებს იღებდა ირაკლი რუხაძე.

რუხაძის გვარი კიდევ ერთხელ გაჟღერდა, ბოლო პერიოდში ტელეკომპანია „მაესტროსთან“ დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებშიც. როცა მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ (“უცნობი”), რომელიც „მაესტროს“ 25%-იან წილს ფლობდა,  ყოფილი მეწილეებისგან გიორგი ებრალიძისა და ლევან ჩიკვაიძისგან 15-15% შეიძინა, ამისთვის საჭირო თანხა მან, როგორც თავად თქვა, მისმა მეგობარმა, “სალფორდ ჯორჯიას” ხელმძღვანელმა, ირაკლი რუხაძემ ასესხა. კონკრეტული თანხა, რომელიც გაჩეჩილაძემ რუხაძისგან ისესხა, არ დასახელებულა, თუმცა არაოფიციალურად საუბარი იყო 2,5 მილიონ დოლარზე.