ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ და გენპროკურორმა ალექსეი ლომიამ თანამდებობები დაკარგეს. ჯერ სამშაბათს, 26 ივლისს მიქვაბიამ მოიწვია ე.წ. მთავრობის საგანგებო სხდომა და წასვლაზე განცხადებაც გააკეთა, რაც დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მალევე დააკმაყოფილა, შემდეგ კი 27 ივლისს ლომიამ დაწერა განცხადება წასვლაზე, რის შემდეგაც ხაჯიმბამ ე.წ. პარლამენტს ლომიას გათავისუფლების წინადადებით მიმართა და ეს უკანასკნელიც დაეთანხმა.
ორივე თანამდებობაზე დროებით მათივე მოადგილეები იქნებიან. გადადგომის მიზეზი არც ერთს არ დაუსახელებია.
მიქვაბიამ თქვა, რომ ბრალდება, რომელიც მისი მისამართი „დეპუტატმა“ ალმას ჯაპუამ წამოაყენა, პროკურატურამ სრულიად უარყო, რაზეც საზოგადოება მალე მიიღებს უფრო დეტალურ ინფორმაციას.
ჯაპუა არტურ მიქვაბიას პასპორტიზაციის პროცესის წარუმატებლობასა და კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს, რის გამოც უკვე ბოლო 2 წელია ოკუპირებულ აფხაზეთში სკანდალია და თან, ეს ყველაფერი გალში მცხოვრები ქართველებისთვის ე.წ. აფხაზური პასპორტის დარიგებასაც ეხება.
ე.წ. აფხაზური კანონი „მოქალაქეს“, რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნის მოქალაქეობას უკრძალავს. რადგანაც გალელი ქართველები საქართველოს მოქალაქეები არიან, ამიტომაც მათთვის „აფხაზეთის პასპორტის“ გაცემა დე ფაქტო კანონმდებლობით დაუშვებელია, თუმცა ამის მიუხედავად 2007-20014 წლებში კორუფციული გარიგებით 15 ათასი ამგვარი „უკანონო პასპორტია“ გაცემული, და ამის გამო აფხაზეთში გამოძიებაც მიმდინარეობს.
ამ პრეტენზიების გამო ჯაპუამ 20 ივლისს დე ფაქტო მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივა წამოაყენა. თუმცა „პარლამენტმა“ უნდობლობის გამოცხადების შესახებ ინიციატივის განხილვა ოთხშაბათისთვის გადადო. ეს რაულ ხაჯიმბას თხოვნით მოხდა, რადგან „პრეზიდენტს“ ე.წ. პარლამენტის სხდომაზე დასწრება სურდა.
რუსული „ინტერფაქსის“ ცნობით, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, სავარაუდოდ, დღეს ან უახლოეს დღეებში მთავრობას დაითხოვს და ეს ცნობა მათ დე ფაქტო რესპუბლიკის ადმინისტრაციის კულუარებიდან აქვთ. გამოცემის თქმით, უახლოეს დღეებში თანამდებობა უნდა დატოვოს ასევე დე ფაქტო შს მინისტრმაც.
რას უკავშირდება ეს შიდააფხაზური კრიზისი? ადგილობრივი ექსპერტები თქმით, ეს ყველაფერი ხაჯიმბასა და მისი ოპოზიციის, “ექსპრეზიდენტ” ალექსანდრ ანქვაბის მხარდამჭერი ომის ვეტერანთა პარტია „ამცახარას“ შორის დაპირისპირების შედეგია.
ამ დაპირისპირების გამო 10 ივლისს ჯერ დაინიშნა რეფერენდუმი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის თემაზე, შემდეგ კი ამ რეფერენდუმს ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა და ის ჩაიშალა. რეფერენდუმამდე კი 5 ივლისს ე.წ. შს სამინისტროს შენობასთან დიდი მიტინგიც მოეწყო, რეფერენდუმის შემოდგომაზე გადადებისა და ე.წ. შს მინისტრის გადაყენების მოთხოვნით, იმ მიზეზით, რომ „მინისტრი“ თანამშრომლებს კენჭისყრაში მონაწილეობას უკრძალავდა და ემუქრებოდა. მაშინ მიტინგზე რამდენიმე ადამიანიც დაშავდა.
„ოპოზიციამ თქვა, რომ შეიკრიბებოდა უხუცესთა კრება, სადაც ხაჯიმბას საკითხი დაისმეოდა. აფხაზეთში კი, როგრც წესი, თითქმის ყველაფერი ამ უხუცესთა კრებაზე წყდება და მას ადგილობრივებში დიდი გავლენა აქვს. დიდი ალბათობით, ხაჯიმბას ამ კრების შეეშინდა და ამიტომაც ერთგვარ დათმობაზე წავიდა. თქვა, რომ მთავრობას შეცვლიდა და ეს უკვე დაიწყო,“- აცხადებს DFWatch-თან საუბრისას აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრი ლევან კიკნაძე.
მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან უმთავრესი პრეტენზია ისაა, რომ ხაჯიმბამ კოალიციური მთავრობის შექნაზე დანაპირები არ შეასრულა, და ამიტომაც ახლა ხაჯიმბას გარკვეულ დათმობაზე წასვლა უწევს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.