Mahan_Air_Boeing_747-400_KvW

Airliners.net

თეირანის მიმართულების რეგულარული ავიარეისები თებერვლის ბოლოდან დაიწყება. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია” სამ უმსხვილეს ირანულ ავიაკომპანიასთან – Mahan Air, ATA Airlines და Qeshm Airlines – აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

როგორც კომპანიის მიერ სამშაბათს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ავიაკომპანია ATA Airlines ქართულ ავიაბაზარზე დაბრუნებას თებერვლის ბოლოდან გეგმავს, ხოლო Mahan Air და Qeshm Airlines თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თეირანის მიმართულებით რეგულარულ რეისებს სავარაუდოდ მარტიდან შეასრულებს.

„ტავ ჯორჯია” დიდი თურქული ოპერატორის, TAV Airports Holding -ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ და ირანმა 15 თებერვლიდან უვიზო რეჟიმი აღადგინეს.

2013 წელს საქართველოს მიერ ირანთან უვიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შემდეგ ამ ქვეყნიდან ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. 2013 წელთან შედარებით, 2014 წელს მათმა რაოდენობამ 44%-ით იკლო, ხოლო 2015 წელს — 70%-ით.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის იანვარში ირანმა მის წინააღმდეგ დაწესებული უმძიმესი სანქციების მნიშვნელოვნად შემსუბუქებას მიაღწია. კერძოდ, მას აღუდგინეს წვდომა უცხოეთში  ‘გაყინულ’ ანგარიშებზე, რაც 100 მილიარდ დოლარამდე აღწევს, და საერთაშორისო საბანკო სისტემაზე, მათ შორის SWIFT-ზე; ასევე, მოუხსნეს ნავთობის გაყიდვასა და უცხოურ ინვესტიციებზე დაწესებული ემბარგო.