shenoba

Construction of the skyscraper (DFWatch)

კაზინოების ცნობილი ბრენდი „მელკო“  თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ მშენებარე მრავალსართულიან შენობაში ფეშენებელურ კაზინოს აღარ გახსნის, რადგან მისი მფლობელი, ცნობილი ჰონკონგელი მილიარდელი, ლაურენს ჰო, და ემირატების „დაბი ჯგუფი“, რომელსაც ცათამბჯენი ეკუთვნის, არენდის ოდენობაზე ვერ მორიგდნენ.

„მიუხედავად „დაბი [ჯგუფთან]“ არენდის პირობებზე მოსალაპარაკებლად ყველა შესაძლო ძალისხმევის გაწევისა, მხარეები „მელკოლოტისთვის“ მისაღებ პირობებზე ვერ შეთანხმდნენ,“ ნათქვამია „მელკოს“ განცხადებაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ „მაკაუ ბიზნეს დეილიმ“ გაავრცელა.

„მელკოლოტი“ „მელკო ინტერენეშენლის“ ფილიალია, რომელიც რეგიონში ყველაზე მაღალი კლასის კაზინოს პროექტზე უშუალოდ მუშაობდა.

ზემოთნახსენები გამოცემის თანახმად, „მელკოლოტს“ ამ კაზინოს აქტივების 42,7% უნდა მიეღო, დანარჩენი წილები კი სამ ტაივანურ საინვესტიციო კომპანიაზე უნდა გადანაწილებულიყო –  Firich (31,62%); Rich Development (15,35%) და Syncmold (8,33%). დარჩენილი 2% კი ქართულ საინვესტიციო კომპანია Oz-ის საკუთრება უნდა ყოფილიყო.

ლოურენს ჰო ცნობილი ჰონკონგელი ბიზნესმენია, რომლის აქტივები, „ფორბსის“ ინფორმაციით, 1,2 მილიარდ დოლარს შეადგენს და ძირითადად ჰონ-კონგსა და მაკაოში არის თავმოყრილი.

„დაბი ჯგუფს“ კი გაერთიანებული არაბული საემიროების კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის მინისტრს, შეიხ ნაჰაიან ბინ მაბარაქ ალ ნაჰაიანს ეკუთვნის.

კაზინო, თბილისში, რუსთაველის გამზირის პარალელურ, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ე.წ. იმელის შენობის უკან მშენებარე „მილენიუმის“ სასტუმროში უნდა გახსნილიყო, რომელსაც „დაბი ჯგუფი“ აშენებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით DFWatch-ის წერილობით კითხვებზე „დაბის“ წარმომადგენლობამ არ უპასუხა.

მაღალი კლასის სასტუმრო „მილენიუმ ბილთმორის” გახსნა 2016 წლის ზაფხულშია დაგეგმილი. სასტუმროს გარდა კომპლექსში სავაჭრო ცენტრი განთავსდება, სასტუმროს 34–ე სართულზე კი ქართული და შუააზიური რესტორანი გაიხსნება.

როგორც „დაბი ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ედვარდმა იანვარში „კომერსანტს“ უთხრა, ეს იქნება პირველი სასტუმრო, რომელშიც  საპრეზიდენტო აპარტამენტები მოეწყობა და დედაქალაქში ვიზიტად მყოფ პრეზიდენტებსა თუ VIP პერსონებს მოემსახურება. სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონი დოლარია.