„ენგურჰესის“ წყალსაცავში წლის დონის კლების გამო, აფხაზეთს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა ემუქრება. ამავე დროს, უკვე რამდენიმე კვირაა, აფხაზეთს დენი გრაფიკით მიეწოდება. კერძოდ, 25 იანვრიდან ყოველ ქალაქსა და სოფელში დღის განმავლობაში 2 საათით, ხოლო ღამით 2-3 საათით ეთიშება.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი DFWatch-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ენგურჰესი და „ვარდნილჰესი“ აფხაზეთს ელექტროენერგიით კიდევ 10-14 დღით მოამარაგებს. აფხაზური მხარე ამის შესახებ ინფორმირებულია და ერთობლივი მუშაობა მიდის, რომ მოსახლეობა დენის გარეშე არ დარჩეს.
როგორც ვალიშვილი ამბობს, აღნიშნული საფრთხე იმან გამოიწვია, რომ ზაფხულში მცირეწყლიანი სეზონი იყო, რასაც აფხაზეთში ელექტროენერგიის მაღალი მოხმარებაც დაემატა.
„აფხაზეთს ელექტროენერგია უკვე რამდენიმე კვირაა შეზღუდვით, გრაფიკით მიეწოდება. თუმცა ვერც ამ გრაფიკით და ვერც უფრო მძიმე გრაფიკით არსებული წყლის მარაგი წყალდიდობამდე დარჩენილ პერიოდში, მარტ-აპრილამდე, მაინც არაა საკმარისი,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, აფხაზეთში წელს რეალურად დიანახეს, რომ ელექტროენერგიის არაეფექტური მოხმარებაა, და ენგურჰესი და ვარდნილჰესი მოსამარაგებლად საკმარისი არ არის.
როგორც ცნობილია, საქართველო აფხაზეთს დენს უფასოდ აწვდის. ეს კი მაშინ, როცა ზოგჯერ, განსაკუთრებით ზამთარში, თავად უწევს ელექტროენერგიის ყიდვა, ყველაზე მეტ ელექტროენერგიას კი რუსეთისგან იმპორტით იღებს. ახლა გამოჩნდა, რომ დენის არაეფექტურად გამოყენებისა და წყლის მარაგის სიმცირის გამო, აფხაზეთისთვის საკმარისი დენის მიწოდება შესაძლოა ვეღარ მოხდეს.
DFWatch -ი დაინტერესდა, თუ გეგმავს სამინისტრო აფხაზეთისთვის მიწოდებულ ელექტროენერგიაზე ტარიფის დაწესებას. მინისტრის მოადგილემ განგვიცხადა, რომ ამაზე მსჯელობა დიდი ხანია მიდის.
„დიდიხანია ვსაუბრობთ, რომ გარკვეული ტარიფი დაწესდეს აფხაზეთში. წელს რეალურად დაინახეს საფრთხე, ენგურჰესისა და ვარდნილჰესის გარდა კი სხვა რესურსი არ გააჩნიათ. ამიტომ საჭიროა, მრიცხველების დაყენება, აღრიცხვის მოწესრიგება და გადახდის სისტემის შემოღება. ეს პრობლემა მომავალში შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს თუ აფხაზეთის მხრიდან, ადგილობრივად ამ პრობლემის მოგვარებისთვის რაიმე გეგმების შემუშავება არ მოხდება,“ – აღნიშნა ვალიშვილმა.
ენგურისა და ვარდნილის გამომუშავებული ენერგიიდან, განსაკუთრებით ზამთარში, თითქმის 90-100% აფხაზეთის დენით მომარაგებას ხმარდება, უთხრა რამდენიმე დღის წინ „რეზონანსს“ ენგუჰესის დირექტორმა ლევან მებონიამ.
2015 წლის ნოემბერში ენგურისა და ვარდგილჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 193 მლნ კვტ/სთ იყო, აქედან 178 მლნ კვტ/სთ აფხაზეთმა მოიხმარა. დეკემბერში კი აღნიშნულმა ორმა ჰეს-მა 248 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა, საიდანაც აფხაზეთმა 232 მლნ კვტ/სთ წაიღო.
როგორც „ინტერპრესნიუსი“ წერს, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტის რევაზ არველაძის აზრით, გამომდინარე იქედან, რომ „ენგურჰესის“ წყალსაცავი ნამდვილად დაცლის პირასაა, ყველაზე რეალურია, ოკუპირებულმა აფხაზეთმა ელექტროენერგია რუსეთიდან მიიღოს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.