ამბები

არასამთავრობო სექტორი დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას ითხოვს

by | Feb 23, 2016
OSGF

Presentation at Holiday Inn (OSGF)

საქართველოში დამატებითი  დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე, რომელიც  სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებებს გამოიძიებს,  არასამთავრობო სექტორისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ორშაბათს გამართულ კონფერენციაზე იმსჯელეს.

მთავარი საკითხი, რომელზეც მხარეები ვერ თანხმდებიან, ამ ორგანოსთვის სისხლის სამართლებრივი დევნის უფლების მინიჭებაა. ხელისუფლება ამბობს, რომ ქვეყანაში პროკურატურისთვის დევნის უფლების ჩამორთმევის საჭიროება არ დგას, არასამთავრობოები კი მიიჩნევენ, რომ დევნის უფლების გარეშე ეს ორგანო ქვეყანაში არსებულ სურათს ვერ შეცვლის და მსგავსი დანაშაულის გამოძიებას სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს.

კონფერენცია სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა. ის  ერთ-ერთია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომლებიც დამოუკიდებელი საგამოძიებო  ორგანოს შექმნის კანონპროექტზე  მუშაობდნენ. კონფერენციას  ესწრებოდნენ იუსტიციისა და სასჯელაღსრულების მინისტრები,  თეა წულუკიანი და  კახა კახიშვილი, პროკურატურის თანამშრომლები, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, და დამოუკიდებელი ექსპერტები.

წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის კანონპროექტზე 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ იმუშავა. მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტის თანახმად, ამ ორგანოს სათავეში  პარლამენტის მიერ 7 წლის ვადით არჩეული პირი ჩაუდგეს, რომელსაც პირობითად „კომისარი“ დაარქვეს, რომელიც  ვალდებული იქნება წელიწადში ორჯერ  პარლამენტის წინაშე ანგარიში წარადგინოს. უწყებას ეყოლება თავისი საგამომძიებო შტატი და ექნება საშუალება სამართალდამცეველების მიერ ჩადენილ დანაშაულზე დევნა აწარმოოს.

იუსტიციის მინისტრმა კონფერენცია ისე დატოვა, რომ  კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა როგორც მისმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა,  დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის თაობაზე ქვეყანაში პოლიტიკური ნება არსებობს, თუმცა პროკურატურისთვის დევნის ფუნქციის წართმევა არ შეიძლება.

„ჩვენ დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში არსებული მოდელების შესახებაც მოვისმინეთ პრეზენტაცია, სადაც მსგავს დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოებს დევნის უფლება არ აქვთ. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია არასამთავრობო სექტორის პოზიცია, რომ თუკი ამ ორგანოს მხოლოდ გამოძიების უფლებას მივანიჭებთ, რატომ ვერ შეასრულებს ის საკუთარ ფუნქციებს ,“ – აღნიშნა ბარამიძემ.

როგორც ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა DFWatch-თან საუბრისას განაცხადა, ამის მიზეზი ის არის, რომ პროკურატურას, შესაძლოა, რიგი საქმეების გამოძიებისას ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდეს.

„თუნდაც წამების ფაქტები, რასაც ქვეყანაში სისტემური ხასიათი ჰქონდა,  გამოუძიებელი დარჩა სწორედ იმის გამო, რომ პროკურატურა სხვა პროკურორთა დანაშაულების გამოიძიებით არაა დაინტერესებული,“ – განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ისეთი მექანიზმის  არარსებობის პირობებში,  რომელსაც ბრალდების უფლებაც ექნება, საქართველო შესაძლოა იმ სიტუაციაში დაბრუნდეს, როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებები წამების სისტემაზე იდგა.

დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის მომხრეა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ სფეროში  პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს და არასათანადო მოპყრობისა და წამების ფაქტებზე პასუხი სწორედ ასეთი დამოუკიდებელი ორგანოს შექმნა უნდა იყოს.

სასჯელაღსრულების მინისტრის, კახი კახიშვილის შეფასებით კი „ახალი მონსტრის“ შექმნა არ არის გამოსავალი არსებული პრობლემების წინააღმდეგ საბრძოლველად.

„საზოგადოებაში ნამდვილად არის კითხვები შიდა გამოძიების მექანიზმებზე, მაგრამ ეს კითხვები კიდევ ერთი დიდი მონსტრის შექმნით  არ უნდა აღმოვფხვრათ. მითუმეტეს, ღმერთმა იცის, ვინ მოხვდება ამ თანამდებობაზე და როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი. უნდა მოხდეს არსებულ მოდელში დამოუკიდებლობის (ხარისხის) გაძლიერებით. მე საერთოდ არ ვარ მომხრე დამატებითი სტრუქტურების შექმნის, იმიტომ რომ ასე ძალიან შორს წავალთ. თუ კომისარიატი გამოიძიებს უწყებაში მომხდარ დანაშაულს, კომისარიატში ჩადენილ დანაშაულს ვინღა გამოიძიებს?! მაშინ კომისარიატის კომისარიატი უნდა შევქმნათ და ა.შ. ,“- განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს.

კახიშვილის არგუმენტს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“  თავმჯდომარე  ანა ნაცვლიშვილი არ ეთანხმება. მან DFWatch-თან საუბრისას აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში  უკვე გვაქვს ისეთი ინსტიტუციური მოწყობა, როდესაც მაგალითად პროკურატურის მიერ ჩადენილ დანაშაულს მხოლოდ პროკურატურა იძიებს და სხვა უწყება არ არსებობს. ამ ტიპის პრობლემა მრავალი წელია საქართველოში დგას. ამიტომ ეს არგუმენტი დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნის დამაბრკოლებლად ვერ გამოდგება.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031